როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს
შინაური ცხოველის ყველა პასუხისმგებლობიან პატრონს სურს, რომ ამ პატარა ონავრების ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და მათ სათანადოდ მოუაროს, რათა ყველა პოტენციური საფრთხე შეძლებისდაგვარად ააცილოს თავიდან. არსებობს რამდენიმე უნივერსალური წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ამ სტატიაში სწორედ იმ ყოველდღიურ თუ ზოგად აქტივობებზე გესაუბრებით, რომლებიც თქვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ვეტერინართან ვიზიტი
პირველყოვლისა, საჭიროა, რომ თქვენი შინაური ცხოველი ვეტერინარულ შემოწმებაზე რეგულარულად ატაროთ, წელიწადში 1-2-ჯერ მაინც. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ ისინი ჩვენზე ბევრად ცოტა ხანს ცოცხლობენ. სპეციალისტთან ვიზიტი მაშინაც არ უნდა შეწყვიტოთ, როცა თქვენს კატას ან ძაღლს ასაკი მოემატება.
მსგავს კლინიკაში სტუმრობა ხშირად გარკვეულ პრობლემებთანაცაა დაკავშირებული, რადგან "პაციენტების" მხრიდან წინააღმდეგობას ვაწყდებით. სასურველია, რომ ისინი ვეტერინარებს კნუტობიდან ან ლეკვობიდანვე შევაჩვიოთ, რათა სტრესი მოვუხსნათ.
ვაქცინაცია
იმუნიზაცია თქვენი ოთხფეხა მეგობრების მოვლის უმთავრესი კომპონენტია. ოჯახში ახალი წევრის შემოყვანის შემდეგ, დაგეგმეთ ვიზიტი სპეციალისტთან, რომელიც ვაქცინაციის განრიგს თავად შეადგენს.
დროული ყოველწლიური აცრით მათ სხვადასხვა საშიში დაავადებისგან დაიცავთ, როგორიცაა ცოფი, ლაიმის დაავადება და ჭირი. კატების შემთხვევაში — ჰერპესის ვირუსი, ლეიკემია და სხვა.
სათანადო იდენტიფიკაცია
სამწუხაროდ, შინაური ცხოველები ხშირად იკარგებიან, რაც მათთვისაც და პატრონებისთვისაც უდიდესი სტრესია. მსგავს ვითარებაში ნებისმიერ საიდენტიფიკაციო საშუალებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
მაგალითად, გადაიტანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ძაღლის ან კატის საყელურზე. ეს მათ მპოვნელს საჭირო მონაცემებს მიაწვდის, რათა დაგიკავშირდეთ. სასურველია ჩიპიზაცია, რომელიც საუკეთესო გამოსავალია. ამ დროს მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობა, მიკროჩიპი კანქვეშ ინერგება და მას სკანერი აღიქვამს. შედეგად, თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის ამოცნობა მოხერხდება და ოჯახის უძვირფასეს წევრს სახლში მარტივად დააბრუნებთ.
სტერილიზაცია
თუ ცხოველის შეჯვარებას არ პირებთ, უმჯობესია, მას სტერილიზაცია გაუკეთოთ, რის შედეგადაც ის გამრავლებას ვეღარ შეძლებს. ამგვარი პროცედურა უტარდებათ, როგორც მდედრებს, ასევე მამრებს.
ეს ისეთი დაავადებების რისკს შეამცირებს, როგორიცაა საშვილოსნოს ყელისა და საკვერცხის სიმსივნე, მამრებში კი სათესლე ჯირკვლების სიმსივნე. ამასთან, ისინი ტერიტორიას აღარ მონიშნავენ, ნაკლებად აგრესიულები გახდებიან და პარტნიორის ძიების მიზნით სახლიდან გაქცევის მცდელობაც არ ექნებათ.
პარაზიტებზე დამუშავება და ყოველდღიური ჰიგიენა
თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მას გარკვეულ პერიოდში ერთხელ ჭიების საწინააღმდეგო მედიკამენტი უნდა მისცეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მის ორგანიზმში პარაზიტების გამრავლება და ამასთან დაკავშირებული სირთულეების აირიდოთ თავიდან. მნიშვნელოვანია რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაც, რადგან ისინი საშიშ ინფექციებს ავრცელებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ცხოველის კბილებისა და ყურების ხშირად გასუფთავება, დავარცხნა, ფრჩხილების დაჭრა და ბეწვის შეჭრაც.
ჯანსაღი საკვები
შინაურ ცხოველებს სუფთა წყალსა და ჯანსაღ საკვებზე თათი ყოველთვის უნდა მიუწვდებოდეთ. სწორად შერჩეული რაციონი მათ საჭირო ენერგიითა და ნივთიერებებით მოამარაგებს, რაც ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას იქონიებს.
კატების შემთხვევაში, უპირატესობა ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების კარგ ბალანსს უნდა მივანიჭოთ, ძაღლებისაში კი — ბოჭკოების სიმდიდრეს, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლოა. გასათვალისწინებელია ცხოველთა ასაკი, ჯიში, ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქტიურობის დონე და სხვა დეტალები, რაზეც ვეტერინარი დაგაკვალიანებთ.
გაწვრთნა და სოციალიზაცია
თქვენი ოთხფეხა მეგობრების მოვლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იმაში დარწმუნება გახლავთ, რომ ისინი კარგად არიან გაწვრთნილნი. ეს სოციალიზაციასაც გულისხმობს.
მათთვის სხვადასხვა ბრძანების სწავლება მცირე ასაკიდანაა სასურველი, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ გვიანი არასდროსაა. პირველ რიგში, ისინი იმ ადგილზე მოსაქმებას უნდა მიაჩვიოთ, სადაც თავად გადაწყვეტთ, რომ უმჯობესია. ეს სახლში სისუფთავის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ეფექტიანი გაწვრთნა ცხოველს სოციალიზაციის უნარებს განუვითარებს და პატრონთან თუ სხვა ცხოველებთან მის კავშირს გაამყარებს.
უსაფრთხო თამაში
ბოლოს თამაშზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც შინაური ცხოველებისა და მათი პატრონებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ეს ამ მოუსვენარი არსებებისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ სათამაშოები საფრთხეს არ შეიცავს.
მაგალითად, არ იყიდოთ ისეთი ნივთები, რომელთა დაღრღნისასაც ცხოველს შეიძლება ნაწილი გადასცდეს და დახრჩობის საშიშროება შეექმნას. მოაწესრიგეთ სათამაშო (და არა მხოლოდ) სივრცეც. იქაურობას მოარიდეთ ბასრი კუთხეების მქონე ობიექტები და დამალეთ კაბელები, რადგან განსაკუთრებით ძაღლებს მათი დაღეჭვის სურვილი ხშირად უჩნდებათ.
ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენი უძვირფასესი არსებების სიცოცხლეს ყოველთვის გაუფრთხილდებით და მათ ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს შეუქმნით.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
ექიმოს ახალი სერვისი დაემატა, ვეტერინარული მომსახურება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება, გაიაროს დისტანციური (ტელე, ვიდეო) კონსულტაცია ან დაჯავშნოს კლინიკაში ვიზიტი (ამ ეტაპზე, პარტნიორი კლინიკებია — ვეტექსი, ბროლია და ლაქი ფოუ).
კომენტარები