Meta ტიკტოკის საწინააღმდეგო კამპანიის დაფინანსებაში გამოიჭირეს
მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა რებრენდინგი განიცადა, იქცა Meta-დ, მუშაობს მეტაცერსზე და მოკლე ვიდეოების აპლიკაციის გასანადგურებლად წარუმატებელი კამპანიები აწარმოა, როგორც ჩანს, კომპანია TikTok-ზე ისევ ეჭვიანობს.
Washington Post-ის მიხედვით, Meta-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, იმდენად ეჭვიანობს TikTok-ის წარმატებაზე Gen Z აუდიტორიაში, რომ მან აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს საკონსულტაციო ფირმას კონკურენტზე მედია ომის წამოწყება დაავალა.
"გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ კრიტიკის ობიექტს ახლა Meta წარმოადგენს, თუმცა ნამდვილ საფრთხეს TikTok შეიცავს, განსაკუთრებით, როგორც უცხოური აპლიკაცია, რომელიც თინეიჯერების მონაცემების გაზიარებით პირველ ადგილზე დგას", — წერს კომპანია Targeted Victory-ის დირექტორი WaPo-ის მიერ მოპოვებულ ელ. ფოსტის შეტყობინებაში.
Target Victory-ის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკა ქვეყნის მასშტაბით რედაქტორებისთვის წერილის გაგზავნა იყო იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც TikTok თინეიჯერებისთვის შეიცავს. ასევე, წერილში იგი აპლიკაციის მფლობელის, ჩინური კომპანია ByteDance-ის გავლენაზე ჩიოდა. WaPo-ის მიხედვით, ფირმის თანამშრომლები ასევე ეცადნენ, ჟურნალისტები TikTok-ზე ნეგატიური შინაარსის მომზადებაში დაერწმუნებინათ, ამ დროს კი თვითონ ჩრდილში დარჩენილიყვნენ.
Target Victory-ის თანამშრომლის თქმით, მათ ბონუსს დაჰპირდნენ იმ შემთხვევაში, თუ მკითხველებს იმ კანონმდებლობისგან გადაატანინებდნენ ყურადღებას, რომელიც სოციალური მედიისა და სხვა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში რეფორმების მოხდენასა და მათ დარეგულირებას ცდილობს.
Forbes-ის მიერ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, Facebook-მა იცოდა, რომ კონკურენტის წინააღმდეგ ბრძოლაში აგებდა. მისი მიმბაძველური გადაწყვეტა — ჯერ Instagram-ზე, შემდეგ კი Facebook-ზე რილსების დამატება, იმ მილიონობით მომხმარებელს ნამდვილად არ დააბრუნებს, რომლებმაც ჩინური პლატფორმა ამჯობინეს.
ეს მედია კამპანიები ხანდახან ზედმეტად აშკარა იყო. გახსოვთ TikTok-ის გამოწვევა "გაარტყი მასწავლებელს", რომელიც რამდენიმე თვის წინ ფართო განხილვის საგანი გახდა? ესეც Targeted Victory-ის გეგმის ნაწილი იყო. ეს "ახალი ამბები" მხოლოდ Facebook-ზე გავრცელდა, VICE-მა კი გამოავლინა, რომ აღნიშნული ტრენდი უბრალოდ თაღლითური ხრიკი იყო.
Meta-ის წარმომადგენელმა WaPo-ს განუცხადა, "გვჯერა, რომ ყველა პლატფორმა, მათ შორის TikTok, წარმატების ზრდასთან ერთად, გარკვეული დონის შემოწმებებს უნდა დაექვემდებაროს".
ტექნოლოგიების ქაოტურ სამყაროში ტრენდები ჩნდება და ქრება. Facebook კი, როგორც ჩანს, ამ კანონს ფეხს ვერ უწყობს.
კომენტარები