ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ თითქმის ერთი წლის შემდეგ საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ არ სურდათ "ჭუჭყი გამოეტანათ გარეთ".

"პასუხი არის მარტივი, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ არ გვინდოდა ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. ეს არის ჭუჭყი, როდესაც კონსტიტუციას არღვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი ჭუჭყი, რომელიც არ გვინდოდა გარეთ გამოგვეტანა. იგივე ვიზიტებთან დაკავშირებით კონსტიტუცია პრეზიდენტმა არაერთგზის დაარღვია. როდესაც მან გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე", — თქვა მან.

კობახიძის თქმით, გასულ წელს პრეზიდენტს მთავრობისგან 3 წარდგინება გაეგზავნა, რაზეც პასუხი არ მიუღიათ, წელს კი მთავრობამ გააგზავნა წარდგინება 2 ელჩის დანიშვნისა და 1-ის გამოწვევის თაობაზე, რაზეც პრეზიდენტისგან უარი მიიღეს.

"არავინ არ აპირებს, არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს შევყვეთ რაღაც კინკლაობის მცდელობაში. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით და ფაქტები არის შემდეგი — გასული წლის ივნისსა და ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა 3 წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი, თითქმის ერთი წელიწადი, შესაბამისად პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. ეს რაც შეეხება შარშანდელ 3 წარდგინებას, შესაბამისად ამ ნაწილში უკვე გვაქვს, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია, რაც გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

ასევე, წელს, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება 2 ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1-ის გამოწვევის და 2-ის დანიშვნასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი ორი ელჩის დანიშვნაზე და 1 ელჩის გათავისუფლებაზე. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებულია. არის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, შესაბამისად რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არის გაუგებარი", — ამბობს კობახიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დანიშვნის საკითხზე და ამბობს, რომ მთავრობა მას ტყუილში ადანაშაულებს. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მთავრობის წარდგენილ ყველა კანდიდატურაზე შესაბამისი განკარგულებაა გამოცემული, მთავრობა კი აცხადებს, რომ ეს რეალურ სურათს არ ასახავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას მოკლებულია და იწვევს საზოგადოებაში არასასურველი დაძაბულობას, როდესაც ქვეყნის ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

მთავრობის ადმინისტრაციის მტკიცებით, პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში მათ მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების-მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო და რეაგირების გარეშე დატოვა.