კიშტიმის ტრაგედია: საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფა
ჩერნობილის ტრაგედიამდე თითქმის სამი ათწლეულით ადრე ურალის მთებში, ცენტრალურ რუსეთში დიდი ქიმიური აფეთქება მოხდა. ხელოვანმა პაველ ოტდელნოვმა აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მიტოვებული შენობა საგამოფენო დარბაზად აქცია. ასე ის საბჭოთა კავშირის ატომური ამბიციებისთვის შეწირულ და დადუმებულ ადამიანებს პატივს მიაგებს.
ალბათ კიშტიმის კატასტროფის შესახებ არასდროს გაგიგიათ. ის 1957 წლის სექტემბერში სამხრეთ ურალში მდებარე ქალაქ ჩელიაბინსკ-40-ში (ახლანდელი ოზერსკი) მოხდა. ეს ავარია რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფის მიხედვით მსოფლიოში ჩერნობილის შემდეგ მეორე ადგილზეა. პლუტონიუმის დამამზადებელ და ატომური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანა მაიაკში მომუშავეებმა თხევადი ფორმის ატომური ნარჩენები მიწისქვეშა საცავში არასწორად შეინახეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შედეგად 52 ათასი კვადრატული კილომეტრი რადიოაქტიური ნაწილაკებით დაიფარა.
ეს შემთხვევა გამიზნულად დამალეს, რათა საბჭოთა კავშირის ამბიციურ ატომურ პროგრამას "ჩრდილი არ მიყენებოდა". მართალია, ზოგიერთი სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს, თუმცა ქვეყნის მრავალი საუკეთესო ინჟინერი თუ კატასტროფის შედეგების ლიკვიდატორი და, მათთან ერთად, ეპიცენტრიდან კილომეტრების დაშორებით მცხოვრები ადგილობრივები ფაქტობრივად შესწირეს საბჭოთა კავშირსა და მის მიზანს, აშშ-სთან ატომური თანასწორობა ჰქონოდა. ავარიის შედეგად გარემო ნაწილობრივ დღესაც დაბინძურებულია. ამ ტრაგედიას ისიც ამძიმებს, რომ მის გარშემო მოვლენები საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც გასაიდუმლოებული დარჩა.
2007 წელს, კიშტიმიდან 50 წლის შემდეგ, კატასტროფის თვითმხილველების მონაყოლი გასაჯაროვდა. მათი შემზარავი მოგონებები ხელოვან პაველ ოტდელნოვის მულტიმედიური პროექტის, Ringing Trace-ის (ზარიანი კვალი) ფუნდამენტური ნაწილი გახდა. მან ერთ წელზე მეტი ავარიასთან დაკავშირებული ისტორიების შეგროვებასა და იმ ვიზუალური ენის პოვნაში დახარჯა, რომლითაც შეძლებდა ისეთი კომპლექსური და შეუხებელი რამის გადმოცემას, როგორიცაა რადიაცია, საიდუმლოება და კოლექტიური ტრავმა.
"ატომურ ეპოქაში შესვლის ფასი ადამიანთა სიცოცხლე იყო, ამის დამახსოვრება უმნიშვნელოვანესია", — ამბობს ის The Calvert Journal-თან საუბრისას, — "საბჭოთა კავშირის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი კვლავაც კლასიფიცირებულია. დახურული ქალაქები ისევ დახურულია და მათი მცხოვრებლები მოგონებებს თავისთვის იტოვებენ, მათ გაზიარებას უფრთხიან".
ოტდელნოვმა Ringing Trace ავარიის ადგილიდან არც ისე შორს, ლაბორატორია B-ის ინჟინრების მიტოვებულ საცხოვრებელში გამართა და ის საგამოფენო სივრცედ გადააქცია. კატასტროფის შემსწრეების მოგონებებიდან ამონარიდები ნაწილობრივ კედლებზეა დაწერილი ან იმ ოთახების სიბნელეში ისმის ჩურჩულით, სადაც ოდესღაც ატომური პროექტის ინჟინრები ცხოვრობდნენ.
აქვეა ფოტოსურათები, ისტორიული არტეფაქტები და თავად ოტდელნოვის მიერ შესრულებული ზეთის ნამუშევრები. "ამ გამოფენას ვუძღვნი არა მარტო მაიაკში მომუშავეებს, არამედ ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებიც რადიაციის მაღალ დონეს ემსხვერპლნენ, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც [აფეთქების შემდეგ] საკუთარი სახლის მიტოვება მოუხდა", — ამბობს ოტდელნოვი.
მაიაკის ქიმიური ქარხანა 1945-1948 წლებში პლუტონიუმის წარმოებისათვის შეიქმნა. პლუტონიუმი გადამუშავდებოდა და ატომურ იარაღში გამოიყენებოდა. საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ურთიერთობის ცივ ომად გადაქცევისას ატომური იარაღის დამზადების პროგრამის შექმნა რეჟიმმა აუცილებელ და სასწრაფო მიზნად დაისახა, რის გამოც უსაფრთხოება პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა.
მეცნიერ არგენტა ტიტლიანოვას მიხედვით, რომლის მოგონებებიც ოტდელნოვმა თავისი ინსტალაციისთვის გამოიყენა, ინჟინრების პატარა ჯგუფს რადიოაქტიური იზოტოპის აქტივობის 10 მილიკიურიდან 1 კიურიმდე გაზრდა დაევალა. ექვსკაციან ჯგუფს გამოსავალი ორ თვეში ნებისმიერ ფასად უნდა მოეფიქრებინა. ლაბორატორიის რადიაციის მაკონტროლებელი სისტემები დაშალეს, სამაგიეროდ კი ინჟინრებს უსაზღვრო რაოდენობის ხიზილალა, ახალი ხილი და ბოსტნეული შესთავაზეს. "ჩვენ თავიდან შოკისგან ხმა ვერ ამოვიღეთ. მაგრამ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, ყველანი დავთანხმდით. ალბათ გარდაუვალობის მსგავსი რამ ვიგრძენით. ჯარისკაცებივით ვიყავით: არჩევანი მოგვცეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ შეგვეძლო", — იხსენებს ის.
მორიგეობის პირველივე დღეს ტიტლიანოვამ შემზარავი სინათლე დაინახა, რომელსაც მათი რადიოაქტიური ნივთიერებები იწვევდა. ის ისე კაშკაშად ანათებდა, რომ მეცნიერს შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა. ამ მომენტის გადმოსაცემად Ringing Trace-ის ერთ-ერთი საგამოფენო ოთახი ლურჯ ფერშია განათებული.
ფოტო: Pavel Otdelnov
როგორც კი პლუტონიუმის წარმოება დაიწყო, მეცნიერებს მალევე გამოელიათ მიწისქვეშა ადგილი, სადაც რადიოაქტიური ნარჩენების შენახვა შეეძლებოდათ. 1949-1951 წლებში მილიონობით კუბური მეტრის ტოქსიკური ქიმიური ნარჩენები მდინარე ტეჩაში მოისროლეს. ეს მდინარე მის ნაპირებზე მცხოვრები 25 ათასი ადამიანისათვის წყლის მთავარი წყარო იყო. სოფლები ამ წყალს საკვების მომზადებისა და ირიგაციისთვის დაბინძურების შემდეგაც წლების განმავლობაში იყენებდნენ.
ტეჩას უფრო და უფრო დაბინძურების შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი უნდა მოეძებნათ. მათ თხევადი რადიოაქტიური ნარჩენებისთვის დიდი, მიწისქვეშა საცავების შექმნა დაიწყეს.
ფოტო: Pavel Otdelnov
შემდეგ, 1957 წელს, ერთ-ერთი ასეთი მიწისქვეშა საცავი, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებით იყო სავსე, აფეთქდა. ინჟინერი გური ბაიმინი ამ დროს მონაცვლეობდა: "შენობა შეირყა და მალევე ყველა ფანჯარა შემოიმტვრა. ჩვენ მოშორებით შავი, მანათობელი მტვრის სვეტი დავინახეთ. შემდეგ სქელი, ნაცრისფერი ნისლი შემოიჭრა და მთელი ოთახი გაავსო. არ ვიცოდით, რა მოხდა, უბრალოდ მილაგება დავიწყეთ, რადიაციისადმი სრულიად დაუცველები ვიყავით. რვა საათი ვიმუშავეთ, სანამ საბოლოოდ სიმართლე შევიტყვეთ — როცა ზედამხედველი მოვიდა, რადიაცია გაზომა და იმ წამსვე გაიქცა".
ბაიმინი იხსენებს, რომ მაიაკის მმართველობას არაფრად ჩაუთვლია იქ მომუშავეები, რომლებიც რადიაციაში მოყვნენ. მათ ასევე უარი განაცხადეს ფულად კომპენსაციაზე და თანამშრომელთა სამედიცინო დასკვნები გააყალბეს. "თავის გასამართლებლად პატრიოტიზმი მოიმიზეზეს", — ამბობს ბაიმინი. ადგილობრივ გაზეთში ცაში ნათებას, რომელიც აფეთქებას მოჰყვა, "პოლარული ნათების მსგავსი უნიკალური ასტროლოგიური მოვლენა" უწოდეს. სტატიის ამონაჭერი ოტდელნოვის გამოფენაში არის გამოყენებული.
ფოტო: Pavel Otdelnov
ოტდელნოვმა იმ სოფლის მცხოვრებლების მოგონებებიც შეაგროვა, რომლებიც კატასტროფის შემდეგ საკუთარი შინაური ცხოველების ლიკვიდირების შემსწრენი გახდნენ. რადიაციის გავრცელების აღკვეთის მცდელობისას, ადგილობრივების პირადი ნივთები გაანადგურეს, ხოლო ცხოველები დახოცეს.
იმ დროს იქ მცხოვრებმა ირან ხაერზამანოვმა ინტერვიუსას თქვა, რომ საქონელს პირდაპირ ხალხის წინაშე ესროდნენ.
ფოტო: Pavel Otdelnov
"ყველგან სისხლი იყო. დაჭრილი ცხოველები მოძრაობას აგრძელებდნენ, ბავშვები და ქალები ტიროდნენ. ჭორი გავრცელდა, რომ შემდეგი ადამიანები ვიქნებოდით, რამაც პანიკა გამოიწვია. ცხოველების ტანჯვის ყურება აღარ შეგვეძლო, ამიტომაც ოფიცრებს ვთხოვეთ, უფლება მოეცათ, საკუთარი საქონელი ჩვენვე დაგვეხოცა, რაზეც საბოლოოდ დაგვთანხმდნენ". ხაერზამანოვი კოშმარებში კვლავ ხედავს საკუთარი ძროხის სიკვდილს. მისი შვილი აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სისხლიანი დიარეით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 10 თვის იყო.
Ringing Trace-ის ვიზიტორებს შორის მრავალი ამ კატასტროფისგან დაშავებულების ნათესავები ან აფეთქების არეალში მოყოლილი ადგილების ამჟამინდელი მცხოვრებლები არიან. გამოფენა ტბებით შემოსაზღვრულ ნახევარკუნძულზე, მოსკოვიდან 1,800 კილომეტრის დაშორებითაა გამართული. ოტდელნოვს მიაჩნია, რომ მისი ასე შორს დატოვება აუცილებელია, რადგან ეს ერთგვარი მეტაფორაა თავიდან მოშორებული, მაგრამ საჭირო სიმართლის.
კომენტარები