CERN-ის ფიზიკის ლაბორატორიამ რუსეთთან სამეცნიერო კავშირი გაწყვიტა
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) რუსეთთან მეცნიერული კავშირი დროებით გაწყვიტა. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მსოფლიოში უდიდესმა ლაბორატორიამ ეს გადაწყვეტილება აგრესორი ქვეყნის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიიღო.
გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 23 სახელმწიფოსგან შემდგარმა მმართველმა საბჭომ რუსეთს დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლები CERN-ში ღია სხდომებს ვეღარ დაესწრებიან ისევე, როგორც დიდ ადრონულ კოლაიდერთან გამართულ დახურულ შეხვედრებს.
აღარ შედგება რუსულ ინსტიტუტებთან ახალი თანამშრომლობაც, თუმცა 1 100-ზე მეტი რუსი მეცნიერი, რომელსაც მომხმარებლის სტატუსი აქვს, CERN-ში მოღვაწეობას გააგრძელებს. უნდა ითქვას, რომ აქამდე ეს ქვეყანა ლაბორატორიაში გამორჩეულად ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა და წრფივი ამაჩქარებლის (Linac4) შექმნაშიც მონაწილეობდა, რომლის მიზანიც წყალბადის უარყოფითი იონების გააქტიურებაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი CERN-ის წევრი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს იქაური მეცნიერები ლაბორატორიაში ჯერ კიდევ 1964 წლიდან მუშაობდნენ. ეს ორგანიზაცია პირველი არაა, რომელმაც ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. იგივე გააკეთა თავისუფალი ელექტრონების ევროპული რენტგენული ლაზერის კვლევითმა დაწესებულებამ (XFEL) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა, რომელმაც სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრთან 11-წლიანი პარტნიორობა დაასრულა.
ამ პროცესს ხელი შეუწყო ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა, ომის გამამართლებელმა განცხადებამაც, რომელსაც რუსი რექტორები აწერდნენ ხელს, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია მსგავს პოზიციას გაემიჯნა. CERN-ში გეგმავენ, რომ სიტუაციას დააკვირდნენ და მომდევნო ნაბიჯები ამის მიხედვით გადადგან.
კომენტარები