ყველაფერი, რაც ჯანმრთელობის პროფილაქტიკაზე უნდა ვიცოდეთ — მოკლედ
ალბათ, მეტწილად ყველა ვთანხმდებით, რომ დაავადების მკურნალობას მისი პრევენცია სჯობს. ამ საკითხში რეგულარული გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სტატიაში კი ვეცდებით, რამდენიმე ძირითად შეკითხვას ვუპასუხოთ.
რა სიხშირით უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკა ზრდასრულებმა?
კითხვაზე პასუხს ძირითადად თქვენი ასაკი, რისკ-ფაქტორები და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრავს.
ზოგადი რეკომენდაციები შემდეგნაირად ჟღერს:
- 50 წელს მიუღწეველ, ჯანმრთელ პირებში — ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;
- 50 წელს მიღწეულ პირებში — წელიწადში ერთხელ;
ქრონიკული დაავადების მქონე ნებისმიერი ასაკის პირმა პროფილაქტიკა შედარებით ხშირად უნდა ჩაიტაროს.
ამასთანავე, შესაძლოა, თქვენი რისკ-ფაქტორების, სკრინინგ-ტესტების შედეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმმა ვიზიტებს შორის განსხვავებული ინტერვალებიც შემოგთავაზოთ.
რა სარგებლობა მოაქვს რეგულარულ გამოკვლევებს?
ეს დაგეხმარებათ:
- სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებები მანამ აღმოაჩინოთ, სანამ რაიმე პრობლემას გამოიწვევს;
- სხვადასხვა დაავადებას ადრეულ ეტაპზევე უმკურნალოთ და განკურნების შანსები გაზარდოთ;
- არსებული პრობლემები გააკონტროლოთ და მათი გაუარესების შანსები შეამციროთ;
- ინფორმირებული დარჩეთ საჭირო ვაქცინებისა და სკრინინგ-ტესტების კუთხით;
- მნიშვნელოვნად შეამციროთ შესაძლო ხარჯები სერიოზული დაავადების ადრეული აღმოჩენით;
- დაამყაროთ გახსნილი ურთიერთობა თქვენივე ოჯახის ექიმთან;
- ისწავლოთ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა;
რა უნდა შემოწმდეს პროფილაქტიკისას?
წლიური შემოწმებისას ექიმი თქვენი ჯანმრთელობის ისტორიას გადახედავს, ამჟამინდელ მდგომარეობას შეაფასებს და შესაბამის სკრინინგ-ტესტებს დაგეგმავს.
უნდა შეფასდეს და განახლდეს:
- თქვენი სამედიცინო ისტორია;
- საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის სამედიცინო ისტორია;
- გამოყენებული მედიკამენტებისა და ალერგენების ჩამონათვალი;
- თქვენი ვაქცინაციისა და სკრინინგის ისტორია;
პროფილაქტიკისას ხშირად შემდეგი მდგომარეობების არსებობა მოწმდება:
- მაღალი წნევა;
- ჭარბწონიანობა, სხეულის მასის ინდექსის (BMI) მიხედვით;
- თამბაქოს მოხმარება;
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება;
- დეპრესია;
- დიაბეტი ტიპი 2, რისკ-ფაქტორების ან ოჯახში დაავადების ისტორიის მქონე პირებში;
- კოლორექტარული კიბო 50 წლის ასაკიდან;
- HIV სტატუსი 15-65 წლის ადამიანებსა და მაღალი რისკის მქონე პირებში;
- C ჰეპატიტი 1945-1965 წლებში დაბადებულთათვის;
- ფილტვის კიბო 55-80 წლის პირებში, რომლებიც ეწევიან ან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მოუწევიათ;
ქალებსა და კაცებს ერთმანეთისაგან განსხვავებული, დამატებითი სკრინინგ ტესტებიც უტარდებათ.
ქალებს ესაჭიროებათ:
- ფერტილურ ასაკში — პარტნიორის მხრიდან ძალადობის სკრინინგი;
- 50-74 წლის ასაკში — მამოგრამა ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის;
- 21-65 წლის ასაკში — პაპ-ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის;
- 45 წლის ასაკიდან — მაღალი ქოლესტერინის სკრინინგი;
- 65 წლის ასაკიდან — ოსტეოპოროზის სკრინინგი;
კაცებს ესაჭიროებათ:
- 65-75 წლის ასაკში — მოწევის ისტორიის შემთხვევაში, მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი;
- 35 წლის ასაკიდან — მაღალი ქოლესტერინის სკრინინგი;
- 50 წლის ასაკიდან — პროსტატის გამოკვლევა, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში;
ექიმს თქვენზე მორგებული და ეფექტური სამკურნალო გეგმის შესამუშავებლად თქვენგან ზუსტი და დეტალური ინფორმაცია სჭირდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მასთან ხარისხიანი კომუნიკაცია შეინარჩუნოთ. ამისათვის, პირველ რიგში, გირჩევთ, შეძლებისდაგვარად თქვენთვის სანდო პროფესიონალი შეარჩიოთ. საკუთარი მდგომარეობის გამორკვევისათვის შეგიძლიათ, ექიმს შეკითხვები დაუსვათ, არასრული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში კი საკითხი ხელახლა წამოჭრათ.
პროფესიონალი დაგეხმარებათ, საკუთარი ცხოვრების წესი გადასინჯოთ და განსაზღვროთ, რამდენად დაგეხმარებათ იგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, საჭიროების შემთხვევაში კი სასარგებლო რეკომენდაციებსაც მოგცემთ.
აფინანსებს თუ არა დაზღვევა რეგულარულ პროფილაქტიკას?
რეგულარულ პროფილაქტიკას არაერთი სადაზღვევო კომპანია აფინანსებს, თუმცა შესაძლოა, თითოეულ სერვისს განსხვავებული პირობები ჰქონდეს, ამიტომაც უმჯობესი იქნება, თუკი სასურველი მომსახურების მისაღებად საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს მიმართავთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები