"ადამიანი ჭირში იცნობა" — რატომ გაუჭირდა დასავლეთს პუტინის ხასიათის ამოცნობა
"ვლადიმერ პუტინი დიდოსტატი სტრატეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან საკუთარი თავი ისეთ არასტაბილურ, განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც თვითგანადგურებისაკენ გამიზნულად მიისწრაფვის", — წერს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ელიოტ კოენი. ქვემოთ The Atlantic-ში გამოქვეყნებული მისი სტატიის თარგმანს წაიკითხავთ.
ანაგნორისისი სასცენო დადგმის ის ნაწილია, რომელშიც პერსონაჟი სრულად აანალიზებს თავის გასაჭირს და აცნობიერებს, ვინ არის ის სინამდვილეში. მაგალითად, შექსპირის ჰენრი VIII-დან კარდინალი ვოლსი იაზრებს, რომ მან გაბედა და "დიდების ზღვაში მრავალი ზაფხული გაატარა", თუმცა საბოლოოდ თავისი შესაძლებლობების მიღმა აღმოჩნდა. ან გავიხსენოთ რიჩარდ II, რომელიც ამბობს, "მე გავფლანგე დრო, ახლა კი ის მფლანგავსო". ამგვარი სახის გადააზრებები ყოველთვის იყო ომის ნაწილი — მათ შორის ახლაც, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ომის დროს სიურპრიზები სწრაფად იჩენს ხოლმე თავს. ვლადიმერ პუტინი დიდოსტატი სტრატეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან საკუთარი თავი ისეთ არასტაბილურ, განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც თვითგანადგურებისაკენ გამიზნულად მიისწრაფვის. ნაცვლად იმისა, რომ უკრაინა ნაწილ-ნაწილ დაეპყრო — რასაც ნატოს ძალები ძნელად თუ გაუმკლავდებოდა — ის პირდაპირ შეიჭრა ქვეყანაში, რამაც მთლიანი რუსეთი ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, როგორსაც ორი კვირის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. წესით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა ყოფილიყო ის ფიგურა, რომელიც თავისი შესაძლებლობების მიღმა აღმოჩნდებოდა. მაგრამ ყოფილი კომიკოსი შთამაგონებელ ლიდერად იქცა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დასავლეთში დიდი ხანია, თანამედროვე ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად მოიაზრება. მიუხედავად ამისა, ის ომის იმ მხარეს აღმოჩნდა, რომელიც დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებთან წარმოებულ საინფორმაციო ბრძოლებში მარცხდება. მართლაც, დასავლურმა დაზვერვამ რუსეთის ყოველი მომდევნო ნაბიჯი ზუსტად იწინასწარმეტყველა. ასევე, გაიმარჯვეს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ უკრაინელმა ექსპერტებმა, რომლებიც თავიანთ მტერს არცხვენენ იმით, რომ დატყვევებული ჯარისკაცებს დედებთან დარეკვის უფლებას აძლევენ. ამავდროულად კი ისინი თანამემამულეებს იმ რიგითი მოქალაქეების ვიდეოებით შთააგონებენ, რომლებიც შეცბუნებულ დამპყრობლებს უპირისპირდებიან.
ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომლებზეც ზოგი ფიქრობდა, რომ სიხარბისა და გულუბრყვილობის გამო პარალიზებულნი იყვნენ, ნების საოცარი სიმტკიცე გამოავლინეს: შვედები ათასობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას უგზავნიან უკრაინას; კომერციულ მიზნებზე ორიენტირებულმა და ამავე მიზეზით რუსეთთან დაახლოებულმა გერმანიამ Nord Stream 2-ის მილსადენის გაუქმებაზე განცხადება გააკეთა, უკრაინას შეიარაღებით უზრუნველყოფას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ ორჯერ მეტს დახარჯავს საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებისათვის.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა — რომელსაც ბევრის შეფასებით წარუმატებელი და დაბნეული მოხუცი ხელმძღვანელობს — მშვენივრად შეძლო არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების კონსოლიდაცია. მან რუსეთის დასასჯელად და იზოლაციაში მოსაქცევად, ფაქტობრივად, გლობალური კოალიცია შექმნა. აზიის ქვეყნები, მათ შორის ტაივანი, ავსტრალია და იაპონია, ამ ინიციატივას უერთდებიან. ხოლო კენიის წარმომადგენელმა გაეროში ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო.
თუმცა ის, რომ ომის პერიოდში მრავალი მოულოდნელობა მოხდა, გასაკვირი არაა. ჰენრი ადამსი სამოქალაქო ომის შესახებ დაწერილ თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ როგორც თავად აღმოაჩინა, "საგანგებო სიტუაციებში მეტ-ნაკლებად ყველა ცდება". მიუხედავად ამისა, არასწორი შეხედულებები გასაანალიზებლად ღირს. რატომ შეცდა ამდენ საკითხში არაერთი გონიერი და განათლებული მკვლევარი?
ამის სამმხრივი ახსნა არსებობს. პირველი პიროვნებებთან და მათ ხასიათებთანაა დაკავშირებული. პუტინის ქმედებამ ბევრი ადამიანი გააოცა, რადგან აქამდე მასში ეშმაკური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ მახვილგონივრულ მმართველს ხედავდნენ. უფრო ზუსტი შეფასების მიხედვით კი, პუტინი დაბერებული დიქტატორია, რომელიც 20-წლიანი აბსოლუტური ძალაუფლების შემდეგ გარემოცვისგან არანაირ კრიტიკულ აზრს არ იღებს. ის არის პარანოიდული, ჯიუტი და ბრუტალური. მან საკუთარი თავი ფიზიკურ იზოლაციაში მოაქცია — განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში — და ახლა მხოლოდ ლაქიებითაა გარშემორტყმული.
რაც მთავარია, ის არის ადამიანი, რომლის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მდგომარეობა უარესდება — ეს კარგად ჩანს მისი ბრაზიანი გამოსვლებიდან. შესაძლოა, შექსპირის მაგალითად მოყვანა აქ უფრო უპრიანია: რიჩარდ მესამის პირველ სამ აქტში მეფედ გახდომის სურვილით ატანილი რიჩარდი სიბრძნესა და ეშმაკობას მაშინაც კი ინარჩუნებს, როცა მისი მიმდევრები მის მტრებს კლავენ. თუმცა გვირგვინის თავზე დადგმის შემდეგ ის მეტად პირდაპირი და სასტიკი ხდება. ის საკუთარი ძმისშვილების მოკვლის ბრძანებისას ეშხში შედის: "მე ვისურვებ ნაბიჭვრების სიკვდილს და მინდა, ეს დაუყოვნებლივ შესრულდეს". ეს მისთვის დასასრულის დასაწყისია, რადგან ის მიმართავს უხეშ და ღია ძალადობას, რომელიც მოქმედებისკენ განაწყობს მათ, ვინც საბოლოოდ მეფეს ტახტიდან ჩამოაგდებენ.
ზოგიერთმა დამკვირვებელმა ქვეყნების ლიდერთა მდგომარეობის თუ ხასიათის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან ისინი "რეალიზმის" პრინციპებს ეყრდნობოდნენ — არადა, მსგავსი მოლოდინები ხშირად ყველაზე არარეალისტურია ხოლმე. მიმდინარე კონფლიქტში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს უკრაინელი პრეზიდენტის პიროვნება თამაშობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ხალხის გმირად იქცა: ის ერთდროულად თავშეკავებულიცაა, თითქოს ბოლომდე დაურწმუნებელიც, მაგრამ ამავდროულად — პატრიოტული და მამაცი. როგორც გამოთქმა ამბობს, ადამიანი ჭირში იცნობაო და ასეც მოხდა.
მეორე ახსნა უფრო ვიწროა. ის დაკავშირებულია სამხედრო ანალიტიკოსებთან, რომლებიც ომში ადამიანურ რესურსზე მეტად ტექნოლოგიებზე კონცენტრირდებიან. აქაც სწორი პროგნოზების გაკეთებაში საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებზე მეტად კარლ ფონ კლაუზევიცის ნააზრევი დაგვეხმარებოდა. მისი სწავლებები კლასიკად ქცეული ნაშრომიდან, ომის შესახებ, დღესაც ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც ორი საუკუნის წინ იყო. ომი ნერვების შეჯიბრია, ის არაპროგნოზირებადია. ეს უბედური შემთხვევებისა და შემთხვევითობების საუფლოა. აქ არაფერი მიდის გეგმის მიხედვით. მიმდინარე მოვლენები კი დეზინფორმაციითა და შიშით შექმნილ ნისლშია გახვეული. პატრიოტული ენთუზიაზმი, დამპყრობლისადმი სიძულვილი და საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის ცოდნა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
დაბოლოს, გასული ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულმა დემოკრატიულმა პესიმიზმმა ბევრს დაავიწყა, რა ძალა აქვს თავისუფლებისადმი სწრაფვას და როგორი მტკიცეა ის საძირკველი, რომელზეც ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნები და ინსტიტუტები დგას. აქაც ზოგადი ჭეშმარიტებები მუშაობს. კი, რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მშვენივრად იტყუებიან — ამაში მათ ვერავინ ჯაბნის. მაგრამ დეზინფორმაცია სიმართლეზე სუსტია. მაგალითისათვის, მეორე მსოფლიო ომის დროს BBC, მოგვიანებით კი რადიო თავისუფალი ევროპა და რადიო თავისუფლება ყველაზე ძლევამოსილი მედიასაშუალებები იყვნენ, რადგან ისინი სიმართლეს ამბობდნენ. ტყუილს თვითგანადგურება სჩვევია — ის ბადებს ცინიზმს და ეჭვს. სიმართლე არა მხოლოდ უფრო ძლიერია, არამედ ყველა ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომიცაა. აქედან გამომდინარე, როგორც ვაცლავ ჰაველი გვეუბნება, ტირანიისთვის წინააღმდეგობის გაწევა სიმართლით ცხოვრებითაა შესაძლებელი.
უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის, მათ მიერ გამოყენებული რაკეტებისა და ჭურვების გამო, დიდი განსაცდელის წინაშე დგას. წინ ალბათ კიდევ უფრო დიდი ნგრევა გველის. მაგრამ ზელენსკიმ სწორად უთხრა ევროპელ ლიდერებს, რომ მისი თანამემამულე კაცები და ქალები იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინული ღირებულებებისთვის, არამედ ევროპული, ანუ ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებისა და უფლებებისთვისაც. და როცა მან ეს თქვა, უკრაინისკენ დახმარების ნაკადებიც მიმართა.
ეს ომი უკრაინისათვის ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია და დასავლეთს ამ ხალხის წინაშე აქვს ვალი, რომელიც თუნდაც სამხედრო დახმარებით შეუძლია დააბრუნოს. თუმცა საფასური, რომელსაც უკრაინა ამ დახმარებაში იხდის, ტრაგიკული დანაკარგია. ეს აღვივებს დასავლეთში ფუნდამენტური ღირებულებებისადმი რწმენას, რომელიც რეალურად არ გამქრალა — უბრალოდ, მიძინებული იყო. ჩვენ ვართ მომსწრენი იმ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი მოვლენის, როდესაც ისტორიის ერთი ღერძი ადგილს იცვლის. ეს დამატყვევებელი სანახაობაა. ამან არ უნდა გამოიწვიოს თავისუფალი სამყაროს თვითკმაყოფილება, მაგრამ იმედი კი უნდა მისცეს მას.
კომენტარები