ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურები — რა განსხვავებაა?
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობისთვის, ეს ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.
ასევე: თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება — კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ზაპორჟიეზე ხანძარი ძირითადად საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა, რაც ნიშნავს, რომ კატასტროფის ალბათობა, როგორც ეს 1986 წელს ჩერნობილში მოხდა, მცირეა. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რა მსგავსება და განსხვავებებია ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ სადგურებს შორის და რამდენად სახიფათოა ეს ყველაფერი?
შეტევა ზაპოროჟიეზე
ეს ამბავი პირველად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ტვიტით გავიგეთ, რომელმაც ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე დაწერა, რომ რუსული ძალები ელექტროსადგურის "ყველა მხრიდან ისროდნენ". ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეში მდებარეობს ჩერნობილიდან 500 კილომეტრის დაშორებით და მისი საერთო სიმძლავრე 5,7 გიგავატია, რაც საკმარისია 4 მილიონზე მეტი სახლის ენერგიით მოსამარაგებლად.
უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, ჭურვი მოხვდა ქარხნის პირველ საწარმოო განყოფილებას, რომელშიც ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობოდა. საბედნიეროდ, სპეციალურმა სამსახურებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე, გავიგეთ, რომ რეაქტორები არ დაზიანებულა და შესაბამისად, რადიაციას არ გაუჟონია.
რით განსხვავდება ზაპორიჟიე და ჩერნობილი და რა რისკები არსებობს?
ზაპორიჟიესა და ჩერნობილს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პირველს გააჩნია უსაფრთხოების მახასიათებლები, რომლებიც არ იყო ჩერნობილის შემთხვევაში 1986 წელს. ზაპოროჟიე აშენდა 80-იანი წლების დასაწყისში ჩერნობილზე მშენებლობის დაწყებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ.
ამასთან, ჩერნობილისგან განსხვავებით, ზაპორიჟიეს აქვს (VVER) წყლის რეაქტორები შემაკავებელი სტრუქტურებით რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ბირთვის გამაგრილებელი გადაუდებელი სისტემები დამონტაჟებულია ყველგან, რათა თავიდან აიცილონ ბირთვის დნობა. რეაქტორები ასევე დაცულია სქელი ლითონისა და ცემენტის მასალით, რომლებიც აგებულია თვითმფრინავის ჩამოვარდნის გასაძლებად. მაშინაც კი, თუ მოხდა დნობა, უსაფრთხოების ზომები სავარაუდოდ ამ დროსაც იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ წესით იგივე სცენარის განმეორებას არ უნდა ველოდოთ, რა დროსაც 350 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მიუხედავად ამისა, რისკები მაინც არსებობს და ჩვენ შევდივართ შეუცნობად ტერიტორიაზე — ეს არის ისტორიაში პირველი სამხედრო თავდასხმა მოქმედ ატომურ ელექტროსადგურზე. რუსეთმა ქარხანა მიზანში ყირიმთან სიახლოვის გამო ამოიღო, რომლის ანექსირებაც მათ 2014 წელს მოახდინეს. შესაბამისად, თავდაცვითი ზომების მიუხედავად, თუ ხიფათი კვლავ უპასუხისმგებლო ქმედებებს გააგრძელებენ, რისკები გაიზრდება.
კომენტარები