ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებულ ომს უკავშირდება, მსოფლიო ბირთვული კატასტროფის საშიშროებაზე დააფიქრა. ერთი მხრივ, ესაა ატომური ბომბის აფეთქება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ (იხილეთ სტატია), მეორე მხრივ კი საქმე ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად გამოყოფილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს ეხება.

იმის წარმოსადგენად, თუ როგორი საფრთხის შემცველია მსგავსი შემთხვევები, საკმარისია, ჩერნობილი გავიხსენოთ. ალბათ, ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი იქ მდებარე რეაქტორის ავარიის შემდეგ განადგურებული და დაცარიელებული არეალის ამსახველი კადრებისთვის. ესაა ადგილი, სადაც დრო, თითქოს, გაჩერდა.

ახლა კი, როცა რუსეთმა ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა, ზემოხსენებული კატასტროფის განმეორების რისკის წინაშე დავდექით. და თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდება, ეს ბევრად დიდი მასშტაბის იქნება, კერძოდ, 10-ჯერ მძლავრი.

ამ სტატიაში მოკლედ გიყვებით, როგორ უნდა დაიცვათ თავი, თუკი რადიაცია თქვენამდე მოაღწევს.

მიიღეთ კალიუმის იოდიდი

ფოტო: mirror

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა არის კალიუმის იოდიდი (KI). ეს გახლავთ ქიმიური ნაერთი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ფარისებრი ჯირკვალი მომდევნო 24 საათის განმავლობაში რადიოაქტიურ იოდს აღარ ითვისებს. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის სხეულის დანარჩენ ნაწილებს ამ იზოტოპისგან არ იცავს ისევე, როგორც თავად ფარისებრ ჯირკვალს — სხვა ელემენტებისგან. მას მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ რადიაციული საფრთხე ნამდვილად გვემუქრება.

კალიუმის იოდიდის ეფექტიანობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მაგალითად, რამდენად დროულად მივიღებთ მას, მოასწრებს თუ არა ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის KI-ს ათვისებას და როგორია რადიოაქტიური იოდის დონე გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით.

მის მიმართ ყველაზე მოწყვლადები ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, რომელთაც შეიძლება შედეგად ჯირკვლის სიმსივნე განუვითარდეთ. შესაბამისად, მათ მედიკამენტი ესაჭიროებათ. 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა კი KI-ს მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ. გამონაკლისად განსაკუთრებულად ძლიერი გამოსხივების პირობებში მყოფი პირები მიიჩნევიან.

რაც შეეხება დოზირებას (ხელმისაწვდომია 130 ან 65-მილიგრამიანი აბები და თხევადი მიქსტურა, რომლის თითო მილილიტრიც 65 მილიგრამ კალიუმის იოდიდს შეიცავს), CDC-ს მიერ რეკომენდებულია:

  • ახალშობილებსა და 1 თვემდე ჩვილებში —16 მგ KI
  • 1 თვიდან 3 წლამდე ასაკის პატარებში — 32 მგ KI
  • 3-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — 65 მგ KI (68 კგ ან მეტი წონის მქონე ახალგაზრდებმა მოზრდილების დოზა უნდა მიიღონ)
  • მოზრდილებში, მათ შორის მეძუძურ დედებში — 130 მგ KI

გაითვალისწინეთ, რომ ზედოზირება დაუშვებელია. ძირითადი გვერდითი მოვლენებია: გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ალერგიული რეაქცია, გამონაყარი და სანერწყვე ჯირკვლების ანთება.

თავი შეაფარეთ შენობას

ფოტო: twimg

თუ რადიაციული დაბინძურებისას გარეთ იმყოფებით, დაუყოვნებლივ შედით ახლომდებარე შენობაში. ამისთვის საუკეთესოა, სკოლა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკა და სხვა, რადგან დიდი შანსია, რომ ისინი ბეტონით, აგურითა და ფოლადით იყოს აგებული. ეს მასალა მაიონებელი გამოსხივებისგან უკეთ გვიცავს, ვიდრე, მაგალითად, ხე.

იგივე უნდა გააკეთოთო, თუ ამ დროს ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ. იქ რადიოაქტიური ნივთიერებები მარტივად შემოაღწევს, ამიტომ სხვა თავშესაფარი დაგჭირდებათ.

მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და იბანავეთ

ფრთხილად გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გახსოვდეთ, რომ ალფა, ბეტა და გამა ნაწილაკების ჩამორეცხვა შესაძლებელია. ასე რომ, თუ წყლით კანის გასუფთავების საშუალება გაქვთ, ამით საკუთარ ჯანმრთელობას უკეთ დაიცავთ.

ფოტო: Getty Images

შენობის შიგნითაც, შეარჩიეთ ყველაზე უსაფრთხო ადგილი

შენობაში საუკეთესო ადგილი, რომ რადიაციას დაემალოთ, სარდაფია, რადგან ის მიწისქვეშ მდებარეობს და მეტად იზოლირებულია. ამის გამო, შიგნით დიდი რაოდენობით მავნე ელემენტების შემოდინების რისკი ნაკლებია.

თუ მსგავსი განცალკევებული წერტილი არ მოგეპოვებათ, კედლებისგან, კარებისგან და ფანჯრებისგან მაქსიმალურად შორს მოთავსდით. მათ ააფარეთ ნებისმიერი რამ, რაც ჰაერს შეაკავებს (პლედი, მუყაო, ფანერა და ა.შ.). შეგიძლიათ, დროებით კარადაშიც კი გადაინაცვლოთ, რომელიც დამატებითი საფარველის ფუნქციას შეასრულებს.

როცა ასეთ ადგილს იპოვით, იქ სულ მცირე 24 საათის განმავლობაში მაინც დარჩით. ცნობილია, რომ ყველაზე საშიში ნაწილაკები ძალას მალევე კარგავს — რამდენიმე დღეში ან 1 კვირაში. ეს იმას ნიშნავს, რომ გარეთ გამოსხივების ფატალური დოზა თვეობით და წლობით არ შენარჩუნდება.

მოიმარაგეთ წყალი და დაკონსერვებული პროდუქტი

ისეთ ნივთებს, საკვებს ან სასმელს, რომელზეც რადიაციამ იქონია გავლენა, არ უნდა შეეხოთ. აუცილებელი კალორიების მისაღებად ყველაზე კარგი ვარიანტი კონსერვების გამოყენებაა, რომლებიც სათანადოდაა დახუფული. ეს ეხება წყალსაც.

თვალი მიადევნეთ ინფორმაციას

დარჩით ინფორმირებული, რათა ოფიციალური პირების მიერ გამოცხადებული საევაკუაციო გეგმა არ გამოგრჩეთ. ამასთან, დამოუკიდებლად გაეცანით მსგავს კატასტროფებთან დაკავშირებულ მონაცემებსაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება თქვენვე მიიღოთ.

დაბოლოს, რაც მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და რაციონალური გამოსავალი მოძებნეთ.