საქართველოში ახალი კომერციული ბანკი სს "ნეო ქართული ჯგუფი" შეიქმნა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას განკარგულების თანახმად, ახალ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა. "ნეო ქართული ჯგუფი" საქართველოში საბანკო ლიცენზიის მქონე რიგით მე-20 ბანკია.

BMG-ის ინფორმაციით, საჯარო რეესტრისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით, ახლად ლიცენზირებული საბანკო ინსტიტუტის განთავსებული კაპიტალი 61.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სრულად ფულადი სახით არის შევსებული და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს. კომპანიის მიერ გამოშვებულია 100,000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული 613 ლარის ნომინალური ღირებულებით.

სს "ნეო ქართული ჯგუფის" 100%-იანი წილის მფლობელი მშობელი კომპანია სს "ქართული პირველი ციფრული ჯგუფია". თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მესაკუთრე ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქე იურის ლეონენკოა.

ახალი ბანკის მმართველი გუნდი და მენეჯმენტი უკვე დაკომპლექტებულია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იურის ლეონენკო იკავებს, ხოლო მისი მოადგილე გრიგორი მორჩილაძეა. სამეთვალყურეო საბჭოს მესამე წევრი თამარ ტყეშელაშვილია. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორატის შემადგენლობას, გენერალური დირექტორის პოსტზე კახაბერ კოდუა დაინიშნა, ფინანსური დირექტორის თანამდებობას თეონა გიორგობიანი იკავებს, ხოლო რისკების მართვის მიმართულებას ლაშა მაზანაშვილი უხელმძღვანელებს.

"დამტკიცებული წესდების მიხედვით, "ნეო ქართული ჯგუფი" ბაზარზე სრულფასოვანი საბანკო და საფინანსო მომსახურებით წარდგება. ბანკი განახორციელებს დეპოზიტების მოზიდვას, სამომხმარებლო, იპოთეკური და კომერციულ დაკრედიტებას, საგადახდო ბარათების გამოშვებასა და ონლაინ ანგარიშსწორებას. გარდა სტანდარტული საბანკო პროდუქტებისა, ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისად, ინსტიტუტი გეგმავს ვირტუალური აქტივების (კრიპტოაქტივების) კონვერტაციას, გადაცემასა და შენახვასთან დაკავშირებული სერვისების განვითარებასაც", — წერს BMG.