იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის ლაბორატორიული ინციდენტისა და ლაბორანტის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. როგორც მან IPN-თან აღნიშნა, შავი ჭირი გლობალური პრობლემაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება.

"ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა.

რუსეთის მხრიდან ოფიციალური განმარტება არ ყოფილა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს შემთხვევა ლაბორატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს შეემთხვა იმის გამო, რომ მუშაობდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სადაც შავი ჭირის ბაქტერია იყო შენახული და მასზე გარკვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. სინჯარის გატეხამ გამოიწვია მისი ინფიცირება, მან ეს ფაქტი დამალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ყველაფრის უკან შავი ჭირი იდგა. მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", — თქვა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის და რისკები მცირეა, სიფრთხილეა საჭირო. მისი თქმით, მსოფლიოში მსგავსი შემთხვევა წლებია არ დაფიქსირებულა, რის გამოც ჯანმოსთვის ეს ფაქტი მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია".

"არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს შემთხვევა კონტროლის ქვეშ იქნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია".

რაც შეეხება ქვეყნის მიერ მიღებულ ღონისძიებებს, ეს მოხდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა", — აღნიშნა მან.


ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.