ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში წინასწარ შეთანხმებულ ეთერში სტუმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში აღარ შეუშვეს. მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის მაუწყებელთან გამართულ აქციას შეუერთდა და პლაკატები — "არა წამებას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოს პატიმრების მშობლებს" — გაშალა. ის ამბობს, რომ ამის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, რომ ეთერში სტუმრობა გაუუქმდა.

ფოტო: თეონა ჭალიძე

თეონა ჭალიძის თქმით, გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში დავით პაიჭაძის გადაცემაში მისი სტუმრობა შეთანხმდა, სადაც პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბრა. დღეს კი, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოწყობილ მსვლელობას, რომელიც ეთერის მოთხოვნას უკავშირდებოდა, სპონტანურად შეუერთდა, რამაც სავარაუდოდ ვასილ მაღლაფერიძე გააღიზიანა.

"დათქმულ დროს მე შევედი, ეთერში უნდა ვყოფილიყავი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში და შესასვლელში გამოვიყენე ჩემი უფლება, გავშალე რამდენიმე პლაკატი საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოსთან, ეზოში. ესეც დაუგეგმავად და სპონტანურად: "არა წამებას" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დაეთმოს პატიმრების მშობლებს". სულ ეს იყო. ფოიეში მოითხოვეს პირადობა, წესისამებრ, მაგრამ შემოხვდა ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძესთან მქონდა 5-7-წუთიანი საუბარი. მოვახსენე დეტალურად, თუ რა ხდება გარეთ და რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს და არა მარტო გიორგი დავითაძის მშობლებს, ზოგადად, სხვა შემთხვევაშიც, რატომ ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს და მას ვთხოვე: "იქნებ მინიმუმ რამედ ჩააგდოთ ეს ადამიანები, გამოხვიდეთ, შემოიყვანოთ და დაელაპარაკოთ, თუნდაც, მოუსმინოთ. ეს არის ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია".

იმას ჰქონდა თავისი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს მსგავსი აქციებით და მსგავსი აქციების ორგანიზატორებთან რაიმე კომუნიკაციას და ასე შემდეგ. და ამ საუბრის დასასრულს გამომიცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში სტუმრად დაბლოკილი ვარ და გამომიშვეს უკან.

ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც იყო ძალიან მოულოდნელი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში წინასწარ შეთანხმებულ გადაცემაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან, გადაცემის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე, მე, როგორც სტუმარს, გამომიშვებდნენ. სამარცხვინოა და კიდევ ერთი მორიგი ლაქა არის ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში", — განაცხადა თეონა ჭალიძემ.