პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს განსაზღვრული ვადით თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური სარგებლის გადახდას და საბოლოოდ, ძირითადი თანხის დაბრუნებას ჰპირდებოდა. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა შეთანხმება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე, თანხის დაბრუნების ნაწილში და დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.