ფოთში, მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

დეპარტამენტი წერს, რომ ფოთის ხიდი სულ ხუთმალიანი კონსტრუქციისგან შედგება და ლითონის კოჭების მოწყობა განხორციელდა მდინარის ორივე მხრიდან. სამუშაოების ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენდა მდინარის კალაპოტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მე-3 მალის მოწყობა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული და აღნიშნულ მონაკვეთზე კოჭის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ხიდის ორივე მხრიდან მოწყობილი კონსტრუქციები ერთმანეთს საბოლოოდ შეუერთდა.

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

დეპარტამენტის ცნობით, ხიდის მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS" ასრულებს.