"იმედი გვაქვს, ეს ტრაგედია დასრულდება" — რას ჰყვებიან უკრაინაში მყოფი ადამიანები
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანად შეიჭრა. OC Media უკრაინაში მყოფ რამდენიმე აზერბაიჯანელს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან სიტუაციას.
იდრაკ ჯამალბაილი კიევში ფრილანსერ ჟურნალისტად სამუშაოდ 5 წლის წინ გადავიდა. პარასკევს OC Media-ს დედაქალაქის მასშტაბით სასტიკ ბრძოლებზე ესაუბრა.
"ღამით ქუჩებში ჩხუბი იყო. დღის პირველ ნახევარში საჰაერო თავდასხმები განხორციელდა, მაგრამ სარაკეტო დარტყმებს საჰაერო თავდაცვის სისტემები აკავებენ", — უთხრა მან OC Media-ს.
მან საჰაერო შეტევებზე, სარაკეტო და დრონით თავდასხმებზე, ასევე, დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსებზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინული ჯარი "მტერს წინააღმდეგობას ძალიან თავდაჯერებულად უწევს". თუმცა ამავდროულად, მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი მეტრო სადგურებსა და სარდაფებს იყენებს თავშესაფრად. ხოლო წასვლა აღარ არის მარტივი.
"ძალიან საშიშია ქალაქის დატოვება. საწვავის დეფიციტია და გზები უსაფრთხო არ არის", — თქვა მან.
სიტუაცია არ არის უკეთესი ქვეყნის სხვა ნაწილებშიც, ფრონტის ხაზთან ახლოს.
საბრინა ორუჯევა ყირიმში დაიბადა და ახლა ხარკოვში ცხოვრობს. მისი თქმით, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას განიხილავს, მაგრამ საგზაო მოძრაობის შეზღუდვამ ეს შეუძლებელი გახადა.
"მე და ჩემმა ორმა მცირეწლოვანმა შვილმა დედაჩემთან, ხარკოვის აღმოსავლეთში შევაფარეთ თავი", — უთხრა მან OC Media-ს და აღნიშნა, რომ სირენების ხმა ყველგან ისმის, ხოლო რაკეტებმა ბევრ სახლს დაარტყეს.
რუფატ ალიევი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია, რომელიც დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკში ცხოვრობს, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.
"კრამატორსკში სიტუაცია რთულია. საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ღამით ძლიერი სროლებია, ხოლო დღისით შედარებით სიმშვიდე — მხოლოდ ჰაერიდან რაკეტების სროლის ხმა ისმის.
უკრაინელი ხალხი წინააღმდეგობას იმედიანად უწევს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგედია მალე დასრულდება", — თქვა მან.
პარალელურად, როგორც მოსკოვში მყოფი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რაშად ალილი OC Media-ს ეუბნება, იქ ბევრი ომის წინააღმდეგია — აქციებს ესწრებიან, რისკავენ, მიუხედავად იმისა, რომ იციან, არსებობს დაპატიმრების ან პოლიციის მხრიდან ცემის საფრთხეები.
"ჩემი დაკვირვებით ბოლო ორ დღეში, შემიძლია ვთქვა, რომ დედაქალაქში მოსახლეობის 70%-ზე მეტი გმობს ომს და მის დასრულებას მოითხოვს".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები