ბოლო 24 საათი უკრაინაში
ბევრი მტკიცებისა და უარყოფის მიუხედავად, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, რუსეთმა 24 თებერვალს ომი დაიწყო. მსოფლიო ლიდერებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპისთვის ყველაზე მძიმე წუთებად შეაფასეს.
სირენების ხმა, შეტაკებები, დაბომბილი კორპუსები და დაღუპული მოქალაქეები. პირველი დღე უკრაინისთვის მძიმე იყო — მოქალაქეები სახლებს ტოვებდნენ, ბენზინგასამართ სადგურებსა და ბანკებთან რიგები არ წყდებოდა. საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე კი ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული და ყველაფერი დუმს, გარდა რუსული ბომბებისა, რამაც ბოლო 24 საათში ათობით ადამიანი უკვე იმსხვერპლა.
უკრაინელები იხსენებენ, რომ ომის დაწყების ცნობებისთანავე მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოკითხვა დაიწყეს. 24 წლის ოლჰა, რომელიც იმ დროისთვის ლვოვში იყო, დილის 7 საათიდან კიევში მყოფ დედასა და დას ურეკავდა
"ჩემი და შეშინებული იყო, მაგრამ დედაჩემი არა [...] ვთხოვე, რომ თავშესაფარი ეპოვათ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. სადაც ვცხოვრობთ, ცენტრი არ არის და ვუთხარი, რომ ცენტრში არ გასულიყვნენ. არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ძალიან რთულია, შეუძლებელია, პუტინს გაუგო", — ჰყვებოდა ის.
ბევრი სხვა უკრაინელიც გახდა იძულებული, რომ თავშესაფარი მოეძებნათ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინაში 100 000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია. მათგან რამდენიმე ათასი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად რუმინეთსა და მოლდოვაში.
უკრაინაში დილიდან საცობები იყო — არაერთი მედია აქვეყნებდა ვიდეო კადრებსა და ფოტოებს, სადაც ჩანდა, როგორ ტოვებდნენ ადგილობრივები ქალაქებს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მოქალაქეები, ძირითადად, მეტროსადგურებში აფარებდნენ თავებს.
ნაწილმა ღამე იქ გაათია. მათ შორის, კიევში მყოფმა ქართველმა, ნაკე მენთეშაშვილმა. როგორც ის On.ge-ის უყვებოდა, საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ "სადმე დამალულიყო".
დილით ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის ორი სოფელი აიღეს. მათ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაბომბეს სამხედრო საწყობები და ააფეთქეს სატელევიზიო ანძა. მოგვიანებით, საოკუპაციო ძალებმა ჩუგუევშიც ჩამოაგდეს ბომბი, რასაც არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. იყო ცნობები, რომ უკრაინას რუსეთი ბელარუსის მხრიდანაც უტევდა, იყო თავდასხმა ყირიმიდანაც.
მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები აეროპორტებზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევების შესახებ. უკვე საღამოს CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.
პარალელურად, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე არ წყდებოდა კიბერშეტევები — შეფერხებით მუშაობდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, განათლების და სხვა სამინისტროების ვებგვერდები.
ომის პირველ დღეს უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და პარტნიორებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ თქვა, ამით ისინი აჩვენებდნენ, რომ უკრაინის გვერდით იდგნენ და კატეგორიულად უარყოფდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აგრესიის ყველაზე უხეშ ქმედებას.
მსოფლიო ლიდერებო, თუ დღეს ძლიერად არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე დააკაკუნებს.
ბოლო 24 საათში რეკორდულად გაუფასურდა რუსული რუბლიც. საერთაშორისო გამოცემების ცნობით, მოსკოვმა ყველა საკუთარ ბაზარზე ვაჭრობა შეაჩერა. გუშინ, დილის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 85 რუბლს უტოლდებოდა.
თავდასხმებისა და შეტაკებების პარალელურად, რასაც სამხედროებთან ერთად, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქეც შეეწირა, საოკუპაციო ჯარები კიევის რეგიონშიც შეიჭრნენ. იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა ოფიციალურ უწყებებს ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებიათ.
ფოტო: Alex Lourie/Redux Pictures, AP
ფოტო: Alex Lourie/Redux Pictures, AP
დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო ლუგანსკის რეგიონიც. ოფიციალური უწყებები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ სტარობელსკში შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
ამას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება მოჰყვა, რომ რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებას ცდილობდა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ობიექტის ხელში ჩაგდება მოახერხეს.
ომი არის მსხვერპლი, ადამიანური მსხვერპლი. და ჩვენ ვკარგავთ ჩევნს ჯარისკაცებს, ოფიცრებს, დამცველებს. ისინი გმირები არიან და ჩვენთან ამბობენ, რომ გმირები არ კვდებიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს.
მთელი დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის არაერთი განცხადება მოვისმინეთ. რუსეთის მხრიდან ომის დაწყებისთანავე, ის უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ სიახლეებს მუდმივად მიაწვდიდა. აქტიურ რეჟიმში ესაუბრებოდა მსოფლიო ლიდერებსაც. მიუხედავად პირადი საუბრებისა, ზელენსკიმ მათ საჯაროდაც ბევრჯერ მიმართა და რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთმა სრულიად ევროპას გამოუცხადა ომი და თავს დაესხა არა მხოლოდ ევროპას, არამედ ნორმალური ცხოვრების წესს.
ვრცელდებოდა არაერთი დეზინფორმაცია, მათ შორის, იმაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა კიევი დატოვა. ამას ზელენსკიმ კიდევ ერთი ვიდეო მიმართვით უპასუხა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ოკუპანტებმა ნომერ პირველ სამიზნედ აქციეს, ქალაქის დატოვებას არ აპირებს.
დღის ბოლოს რუსეთმა პასუხი მიიღო დასავლეთისგანაც. სანქციები დააწესა ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ — მათ შორის, ეს შეეხო მსხვილ რუსულ ბანკებს, ექსპორტს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რუსულ ელიტასა და სხვას.
პარალელურად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, რუსული ომი დაგმეს და მოქალაქეები უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა რუსეთშიც, სადაც პოლიციამ 1 700-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. გავრცელებულ ვიდეოებში ისმოდა მოქალაქეების შეძახილები — არა ომს!
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეტევებს 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები. გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინული სამხედრო დაიღუპა. უკრაინსკაია პრავდამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევს, პასუხად კი რუსულენოვან გინებას იღებს.
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს. მან ყველას გმირის წოდება მიანიჭა.
ზელესნკიმ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაციაც, რაც ნიშნავს, რომ წვევამდელები და რეზერვისტები ჯარში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია პრეზიდენტის ბრძანების გამოქვეყნებიდან 90 დღის განმავლობაში მოქმედებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.
ნახეთ ფოტოები — რა ხდებოდა უკრაინაში
ფოტო: Pierre Crom/Getty Images
ფოტო: Aris Messinis/AFP
ფოტო: REUTERS/Bryan Woolston
ფოტო: REUTERS/Vyacheslav Madiyevskyy
ფოტო: REUTERS/Antonio Bronic
ფოტო: Alex Lourie/Redux Pictures, AP
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
კომენტარები