დღევანდელ რეალობაში სტატისტიკის გარეშეც თვალსაჩინოა, რომ ექიმთან ვიზიტს მამრობითი სქესის წარმომადგენლები ქალებზე გაცილებით ხშირად არიდებენ თავს.

სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაგაცნობთ, რომელთა გადამოწმებასაც, სასურველია, კაცებმა საკმარისი დრო დაუთმონ:

1. სისხლში შაქრის დონის შემოწმება

ლესლი შლახტერს, Mount Sinai-ს კაცთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელს თუ დავუჯერებთ, კაცებმა სისხლში გლუკოზის დონეები რეგულარულად უნდა აკონტროლონ, რათა გულის სერიოზული დაავადებებისაგან დაიცვან თავი.

დიაბეტი (ქრონიკული დაავადება, რომელიც სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობით გამოიხატება) გულის დაავადების, თირკმლის დაზიანებისა და ერექციული დისფუნქციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, მისი დიაგნოსტირებისათვის კი გლუკოზის დონეების ყოველწლიური შემოწმება საუკეთესო გზაა.

2. კანის შემოწმება

კანის კიბოს მაღალი რისკის ქვეშ არიან კაცები, რომელთაც გენეტიკური მიდრეკილება აქვთ ანდა წარსულში მზის სერიოზული დამწვრობა მიუღიათ. შლახტერის თქმით, ზემოხსენებული დაავადება შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის კაცს დაემართოს.

ფოტო: SkinCancer.net

"დერმატოლოგთან კანის ყოველწლიური შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. სახლის პირობებში კაცები ხალებსა და თანდაყოლილ ლაქებს უნდა დააკვირდნენ, რადგან შესაძლოა, მცირეოდენი ცვლილებებიც კი შემაშფოთებელ ეტიოლოგიაზე მიანიშნებდეს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა მზისგან დამცავი კრემის მუდმივ გამოყენებას ენიჭება".

3. PSA ტესტი

პროსტატის კიბო 7-იდან ერთ კაცს ემართება. პროსტატსპეციფიკური ანტიგენის, ანუ სისხლში PSA-ის დონის განსაზღვრა და დიგიტალური რექტალური გამოკვლევა (DRE) პროსტატის კიბოს ამოსაცნობად საუკეთესო მეთოდია.

დოქტორ შლეხტერს თუ დავუჯერებთ, 50-იდან 70-მდე წლის კაცებმა ამგვარი გამოკვლევა ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ, ხოლო გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებში (იმ შემთხვევაშიც, თუკი ოჯახის სამედიცინო ისტორია უცნობია) PSA ტესტირება 40 წლიდან უნდა დაიწყოს.

4. კოლონოსკოპია

კოლონოსკოპია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცედურაა, რადგან ამ ასაკში მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი იმატებს. სხვა რისკფაქტორებია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამედიცინო ისტორია და ცხოველური ცხიმით მდიდარი რაციონი.

თუკი კაცს ოჯახში მსხვილი ნაწლავის კიბოს ისტორია არ ჰქონია, კოლონოსკოპია 50 წლიდან უნდა დაიწყოს. პროცედურებს შორის ინტერვალი, შედეგების შესაბამისად, 3-10 წელია.

5. სისხლის წნევისა და ქოლესტერინის შემოწმება

სისხლის მაღალი წნევა კაცებში ინსულტის გამომწვევი პირველი მიზეზია და უმართაობის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ამიტომაც რეგულარულად უნდა შემოწმდეს. ამასთანავე, მძიმე კარდიოვასკულარული გართულებების, გულის შეტევისა და ინსულტის, გამოწვევა მაღალ ქოლესტერინსაც შეუძლია.

20 წლიდან კაცებმა ქოლესტერინის დონეები სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა შეიმოწმონ, 50 წლის ასაკიდან კი უკვე ყოველწლიურად.

6. ექოკარდიოგრამა

თუკი თქვენს ოჯახში ვინმეს გულის დაავადება ჰქონია, ანდა ქოლესტერინის დონეები/სისხლის წნევა საშუალოზე მაღალი გაქვთ, გულის მდგომარეობის შეფასებაში ექოკარდიოგრამა დაგეხმარებათ. მასთან ერთად, საჭიროა ფიზიკური აქტივობისას გულის მუშაობის შემოწმებაც.

ფოტო: Thought Café

7. ღვიძლის ფერმენტის შემოწმება

ღვიძლის ფერმენტის ტესტირება ღვიძლში დაზიანების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. დღევანდელ რეალობაში, საშუალოდ, კაცები ქალებზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ და ზემოხსენებულის მეტი რისკი აქვთ.

"კაცებისთვის ამ ფერმენტების შემოწმება მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, მათი რაოდენობა რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტების, ალკოჰოლის მოხმარების, ანთებითი ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბი წონისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების გავლენით გაიზარდოს", — ამბობს შლახტერი.

8. TSH ტესტი

ფარისებრი ჯირკვალი მეტაბოლიზმის მარეგულირებელ ჰორმონებს გამოყოფს და ორგანიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჰორმონებში ნებისმიერი სახის ცვლილებამ შესაძლოა, არაერთი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის წონის მატება, ლეთარგია და დაღლილობა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურობის შესაფასებლად ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ანალიზი დაგჭირდებათ.

შლახტერის თქმით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევებისაგან გამოწვეული სიმპტომები კაცებს ხშირად ცხოვრების ნორმალურ ნაწილში ერევათ, თუმცა, თუკი ტესტირების შედეგად დარღვევები დადგინდა, მდგომარეობას მედიკამენტოზურად მკურნალობენ.

9. ფილტვების სკრინინგი

ფილტვის კიბოს პრევენცია დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მარტივია. შემთხვევათა 90 პროცენტში იგი მწეველებში გვხვდება, დანარჩენი კი ძირითადად გენეტიკურ ფაქტორებს, პასიურ მწეველობასა და მწვავე ქიმიკატების ზემოქმედებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სკრინინგისათვის რენტგენოლოგიური კვლევის ყოველწლიური ჩატარება რეკომენდებული არ არის.

"ფილტვის კიბოს ხშირად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული შემოწმებისას პოულობენ. ზემოხსენებულის სკრინინგი საკამათო თემაა, რადგან სკანირების მიღებული საშუალებები მაღალი დოზის რადიაციას ატარებს. ფილტვის კიბოს ექსპერტები კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებას განიხილავენ, რომელიც შესაძლოა, ფილტვის კიბოს სკრინინგის მომავალი აღმოჩნდეს", — გვეუბნება შლახტერი.

ფოტო: Michigan Health Lab - Michigan Medicine

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.