KinderBubu — ქართული სტარტაპი, რომელმაც ჯეფ ბეზოსის კომპანიის დაფინანსება მოიპოვა
გასული თვე ქართული სტარტაპ სამყაროსთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა — ერთთვიანი კომუნიკაციების შემდეგ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin ქართული სტარტაპის — KinderBubu-ის პარტნიორი გახდა. სტარტაპის მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ მის დამფუძნებელს, ბესო შენგელიას ვესაუბრეთ.
დამფუძნებლის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან კითხვისა და წიგნის შეყვარებაა. ამისთვის ბესო შენგელიამ და მისმა გუნდმა შექმნეს ინოვაციური მეთოდი, რომელიც ბავშვებს კითხვის ინტერესს უჩენს და ანბანის შესწავლის მიზანსაც ნათლად ანახებს.
"ჩვენი მიზანი ისეთი მეთოდის შექმნა იყო, რომელიც თითოეულ ბავშვს წიგნისა და სწავლის მიმართ დადებით განწყობას შეუქმნიდა. გლობალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება, განსაკუთრებით კი ანბანის სწავლის პროცესი, არც ისე სასიამოვნო მოგონებად იქცევა ხოლმე. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის სრული უმრავლესობა სწავლის დაძალების მეთოდით ხელმძღვანელობს. ამ დროს პატარებს იშვიათად ესმით, თუ რისთვის სჭირდებათ ანბანის სწავლა, KinderBubu-ის საშუალებით კი შევძელით ბავშვებისთვის დაგვენახებინა, თუ რატომ უნდა ისწავლონ", — გვიყვება ბესო შენგელია.
გუნდის წევრების აზრით, ბავშვობის მოგონებები ხშირად ცხოვრების შემდგომ ეტაპებზეც განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ანბანის შესწავლას სასიამოვნო პროცესად ვაქცევთ, ამით წიგნის თუ საგანმანათლებლო პროცესის მიმართ ბავშვიც დადებითად განეწყობა.
KinderBubu-ის წიგნში გამოყენებული ზღაპრული ანბანის ლეგენდა მკითხველს ეხება და ამბის გაგების ერთადერთი გზა ანბანის შესწავლაა. შედეგად, სწავლის პროცესში ბავშვი ხედავს ანბანის ათვისების მიზანს — დასასრულის გაგებას. ამიტომ, იგი სწავლის ინიციატივას თვითონვე იჩენს და წიგნი მისთვის უკვე სათამაშოს ფუნქციასაც ასრულებს.
KinderBubu-ის წიგნები უკვე 40-მდე ქვეყანაში იყიდება და მას მსოფლიოს მასშტაბით 2 400 ოჯახში მაინც ფლობენ. პროექტში უკვე 17-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია ჩართული. ამ ეტაპზე კომპანიას შემდეგი წიგნები აქვს გამოცემული: მეგობრობის დღიური; სამყაროს გმირები; მოგზაურობა დედამიწის გარშემო; მოგზაურობა ყინულის სამეფოში; მოგზაურობა კოსმოსში და მოგზაურობა ჯუნგლებში.
"ჩვენი მიზანია, გავხდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია, რომელიც დედამიწის ნებისმიერ წერტილში ასობით მილიონ ბავშვს უნიკალურ მეთოდზე შექმნილი წიგნით უზრუნველყოფს", — ამბობს KinderBubu-ის დამფუძნებელი.
ბესო შენგელიას თქმით, წიგნის მილიონობით ოჯახში მოხვედრა ერთი მხრივ მათი კომპანიის მთავარი სოციალური მისიის შესრულებას — ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე წიგნისა და კითხვის შეყვარებას, მეორე მხრივ კი, იქიდან გამომდინარე, რომ წიგნში საქართველოცაა ნახსენები, ამ ოჯახებში ჩვენი ქვეყნის მოსაწვევის განთავსებას ნიშნავს.
"ამის თქმით საფუძველს სტატისტიკური მონაცემებიც გვაძლევს — 87% შემთხვევაში, ოჯახში სამოგზაურო ლოკაციას სწორედ პატარები ირჩევენ. თავის მხრივ, მათთვის საქართველოთი — ზღაპრული ქვეყნით დაინტერესება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს", — აღნიშნავს იგი.
როგორ მოიპოვა KinderBuBu-მ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის დაფინანსება
გუნდი ჯეფ ბეზოსის კომპანიას — Blue Origin-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდა, ერთთვიანი კომუნიკაციის შემდეგ კი კომპანია ქართულ სტარტაპის მხარდამჭერი გახდა. შედეგად, KinderBuBu-ის ახალი წიგნის იმ ილუსტრაციებზე, რომლებიც შინაარსობრივად კოსმოსთან თუ მის შესწავლასთანაა დაკავშირებული, Blue Origin-ის ლოგოსა და ფოტომასალასაც ვიხილავთ.
"Blue Origin-თან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ არაერთი კომპანია დაგვიკავშირდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ანბანის სწავლისა და კითხვის წახალისების მიზნით, KinderBubu და Blue Origin მომხმარებლებისთვის კოსმოსში მოგზაურობის ბილეთს გაათამაშებს. ასევე, კოსმოსური მოგზაურობის წახალისების მიზნით, KinderBubu მოლაპარაკებებს აწარმოებს Commercial Space Federation-თანაც", — დასძინა ბესო შენგელიამ.
ბაზრის შესწავლის თუ მარკეტინგის პროცესში სტარტაპის გუნდის ყველა წევრია ჩართული და ორწლიანი კვლევის შემდეგ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ამ მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიად იქცნენ. მათი რესურსებისა და ენთუზიაზმის გათვალისწინებით კი შეიძლება ითქვას, რომ მათი ამბიციები საკმაოდ რეალისტურია.
კომენტარები