Safari მსოფლიოში მეორე ყველაზე მეტად გამოყენებადი ბრაუზერის სტატუსის დაკარგვის პირასაა
Apple-ის კუთვნილი ვებ ბრაუზერი Safari ისეთი პოპულარული არასდროს ყოფილა, როგორიც Google Chrome-ა, რომელიც საბაზრო წილის მიხედვით, პირველ ადგილზეა. ამის მიუხედავად, ის მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებად მსგავს პროგრამებს შორის, მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ეს შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, Safari-ს საბაზრო წილი 9.84%-ს შეადგენს, მისი კონკურენტის, Microsoft Edge-ისა კი 9.54%-ს. მას Firefox მოჰყვება, რომლის გაყიდვებმაც 2021 წლის იანვრიდან დღემდე, 8.1%-დან 9.18%-მდე მოიმატა, ანუ ახალი მომხმარებლები შეიძინა. თავად Google Chrome 65.38%-ით ლიდერობს.
წინა წლის იანვარში Safari-ს 10.38%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მას სულ უფრო ცოტა ადამიანი იყენებდა. თუ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, მალე Apple-ის დესკტოპ ბრაუზერი მეორე ადგილს დაკარგავს და მესამეზე ან მეოთხეზე გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ფარგლებში უკვე მოხდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი Safari ჯერ კიდევ უსწრებს Microsoft Edge-ს და მის 12.09%-იან წილს 18.12%-ით უპირისპირდება, ანუ საკმაოდ წინაა.
მომხმარებელთა შემცირების მიზეზების შესახებ კომპანია ჯერჯერობით არ საუბრობს. სავარაუდოა, რომ ეს შარშან Safari-ს დიზაინის შეცვლით გამოწვეული უკმაყოფილებითა და სხვადასხვა ფუნქციის ნაკლებობით იყოს განპირობებული. თანაც, ის მხოლოდ iOS-ისა და macOS-ის ოპერატიულ სისტემებზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი. ზოგი დეველოპერი მას "ახალ Internet Explorer-საც" კი უწოდებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯების გარეშე, Apple უფრო დაზარალდება.
კომენტარები