ქართული სტარტაპი, რომელიც საცალო ინვესტორებისთვის აქციების შეძენის პროცესს ამარტივებს — Wrapstocks
თუ ეკონომიკაში კარგად ერკვევით და ოდესმე ინვესტორობაზეც გიფიქრიათ, ალბათ შემჩნეული გექნებათ, რომ საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებით B2C კომპანიას, რომელიც საცალო ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქციების შეძენის საშუალებას მინიმალური დეპოზიტის გარეშე, აქციების დაბალი ტრანზაქციის გადასახადით აძლევს.
ამიტომ, გიორგი ავსაჯანიშვილმა (მოხევე) და ოთო ლოლუამ გადაწყვიტეს, დაეარსებინათ სტარტაპი, რომელზე წვდომაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნებოდა შესაძლებელი და რომელიც საცალო ინვესტორებისთვის აქციების შეძენას უფრო მარტივს და უსაფრთხოს გახდიდა. Wrapstocks-ის საქმიანობისა და მიზნების შესახებ გიორგი მოხევეს ვესაუბრეთ.
"WrapStocks-ის შექმნის იდეა 2019 წელს გამიჩნდა, როდესაც იაპონიის ქალაქ ოსაკაში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის — ეთერიუმის შესახებ ვესწრებოდი კონფერენციას. რაც შეეხება სტარტაპის სახელს, Stock ქართულად აქციაა, Wrap კი კრიპტო ტერმინია, რაც აქტივების ბლოქჩეინში შეტანას ნიშნავს".
გიორგის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარეთ, მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში, ხელმისაწვდომია Robin Hood Markets-ის აპლიკაცია, რომელიც აქციებით ვაჭრობის დემოკრატიზაციას ახდენს, შესაბამისად მათი შეძენის შესაძლებლობა ყველას აქვს. მსგავსი გამოსავლები არის პოსტსაბჭოეთშიც, თუმცა დსთ-ის ქვეყნებში არ არსებობს აქციების ყიდვის მარტივი გზა, რომელიც მომხმარებლისგან დაბალ მინიმალურ დეპოზიტსა და, ასევე, ვაჭრობის დაბალ საკომისიოს მოითხოვს.
"გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, სადაც საცალო ინვესტორები შეძლებდნენ, მთელი მსოფლიოს ათასობით შემოთავაზებული კომპანიიდან რომელიმეს აქცია აერჩიათ და თვითონვე გადაეწყვიტათ, 1$-დან ზემოთ რა რაოდენობის თანხის ინვესტირება მოუნდებოდათ მის აქციებში".
Wrapstocks-ს უნიკალური ბიზნეს გეგმა აქვს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი გვიხსნის, ბლოქჩეინში შეტანისას, ფულის მსგავსად, აქცია ტოკენად გარდაიქმნება და ამ ფორმით ინახება. მაგალითად, Apple-ის აქცია (AAPL) ბლოქჩეინში შეტანის შემდეგ wrapped apple (WAAPL) ხდება.
"მაგალითად, როდესაც მომხმარებელს Apple-ის აქციის შეძენა უნდა, შეუძლია wrapstocks-ის ვებგვერდზე კომპანიის აქციები აირჩიოს და ამაში გარკვეული რაოდენობის თანხა გადაიხადოს. ამ დროს, ჩვენი კომპანია ბაზარზე სინქრონულად ყიდულობს რეალურ აქციებს. ასე რომ, ჩვენი დეცენტრალიზებული სმარტკონტრაქტი, რომელიც ეთერიუმის ჩეინსა და სხვა ბლოქჩეინებშია ჩაშენებული, WAAPL-ის მოჭრას (mint) და პირდაპირ მომხმარებლის პირად საფულეში გადმოტრანსფერების საშუალებას იძლევა".
თანადამფუძნებლის თქმით, WrapStocks მის კონკურენტებთან შედარებით იაფია და მინიმალური დეპოზიტებიც არ აქვს. გარდა ამისა, RobinHood Markets-თან თუ სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით, იგი გაცილებით გამჭვირვალე და უსაფრთხოა. შეძენის შემდეგ აქცია ქოინის სახით კრიპტოსაფულეში ინახება და მომხმარებელს ყოველთვის აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეძენილ აქციებს ნამდვილად ფლობს. ბლოქჩეინში შეტანილი აქციების გამოყენება კი DeFi (დეცენტრალიზებული ფინანსები) და Dex (დეცენტრალიზებული მიმოცვლა) მიმოცვლების გზითაა შესაძლებელი.
"Wrapstocks ფლობს პროტოკოლს, რომლის საშუალებითაც იგი რეალურ და კრიპტო სამყაროებს შორის ტოკენების ტრანსფერის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შეძენილი ქოინების გაყიდვა Uniswap-ზე, Balancer-ზე, Curve Finance-ზე და სხვა დეცენტრალიზებულ ბირჟებზეა შესაძლებელი. ანუ, თუ ბლოქჩეინში შეტანილი აქციების ტოკენებს კოლატელარულ აქტივებად გამოიყენებთ, ამის შემდეგ ფულის ნაწილის უკან დაბრუნება და სხვა ტოკენების ყიდვაც შეგიძლიათ".
კომპანიის ძირითად ბაზარს არა საქართველო, არამედ დსთ-ის ქვეყნები, ინდოეთი, ვიეტნამი და ტაილანდი წარმოადგენს. პლატფორმაზე საკუთარი ანგარიშის შექმნა საკმაოდ მარტივია და ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად თავადაც შეგიძლიათ. ასევე, მარტივია ახლად დამატებულ აქციებზე წვდომა. კომპანიას ყველაზე დაბალი სავაჭრო გადასახადი — 0.1$ აქვს და მინიმალურ დეპოზიტს საერთოდ არ მოითხოვს. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატფორმაზე უკვე გაშვებულია რეალური დროის საბაზრო მონაცემები. ჯამში აქ 4 600 კომპანიის აქციებია განთავსებული და თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის მიღება პლატფორმაზევეა შესაძლებელი.
WrapStocks-ის გუნდი და სტარტაპის მომავლის მიზნები
სტარტაპის გუნდი ტექ სფეროში მოღვაწე ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. სტარტაპის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მოხევე, 15 წელია, ციფრული პროდუქტების დიზაინზე მუშაობს. გიორგის ისეთ კომპანიებში აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორებიცაა Myvideo, ITDC, Creative Dash-ში და ა.შ ამჟამად კი Singular-ში დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელია.
მეორე თანადამფუძნებელი, ოთო ლოლუა, კომპანიის მთავარი ტექნიკური დირექტორია. Backend განყოფილების ხელმძღვანელი ალეკო თარგამაძეა, მრჩეველი კი, გიორგი შამუგია, რომლის მიერ დაფუძნებული კომპანიის — Singular-ის 100% ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე დიდმა გასართობმა კომპანიამ, Flutter Entertainment-მა შეისყიდა.
გუნდმა 2021 წელს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების 100 000 ლარიანი გრანტი მიიღო. გარდა ამისა, გიორგი სტარტაპის განვითარებაში საკმაოდ ღირებულ ასპექტად გუნდის მმართველი მრჩევლის — გიორგი შამუგიას რჩევებს მიიჩნევს.
რაც შეეხება სტარტაპის მომავალს, 2025 წლისთვის გუნდი შემოსავლის 10 მილიონ დოლარამდე გაზრდასა და რეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვის 100 000-ად ქცევას გეგმავს.
თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ Wrapstocks საქართველოში ყოველდღიური მოქმედების კომპანია არაა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სტარტაპის განვითარებისთვის საკმაოდ კარგი გარემოა, გუნდი მის გატანას თურქეთისა და დსთ-ის შედარებით დიდი ქვეყნების ბაზრებზე გეგმავს. აქციებით ვაჭრობასთან დაკავშირებით კი, გიორგი ფიქრობს, რომ მომავალში ეს პროცესი სრულად ბლოქჩეინზე გადაინაცვლებს და იგი უფრო მარტივი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდება.
კომენტარები