HopePunk: სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელიც უკეთ ცხოვრების იმედს გვაძლევს
ცინიზმითა და სასოწარკვეთილებით სავსე დროს HopePunk უიმედობის საუკეთესო ანტიდოტი შეიძლება იყოს. BBC-ის სტატია სამეცნიერო ფანტასტიკის ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ რადიკალურ ოპტიმიზმს და მის ღირებულებას იკვლევს.
ალექსანდრა როულენდს ახალი ჟანრის დაბადება არ განუზრახავს. თუმცა 2017 წელს ფენტეზის ავტორს შთაგონება ეწვია. ის იმაზე ფიქრობდა, თუ რამ გამოიწვია ფენტეზის ქვეჟანრის — Grimdark-ის პოპულარობა. ამ მიმდინარეობის ტიპური ნიმუში ჯორჯ რ.რ. მარტინის ყინულისა და ცეცხლის სიმღერაა (სატელევიზიო სერიალ Game of Thrones-ის ლიტერატურული პირველწყარო) და ის ყურადღებას ადამიანის ბუნების ნაკლოვანებებსა თუ ბოროტების ჩადენის უნარზე ამახვილებს.
მაგრამ როგორ აღვწერდით ლიტერატურას, რომელიც ამ ყველაფრის საპირისპიროდ, სიკეთის კეთების შესაძლებლობაზე ფოკუსირდება? "Grimdark-ის საპირისპირო ჟანრი Hopepunk-ია. გაავრცელეთ ", — დაწერა როულენდმა Tumblr-ზე მოკლე პოსტის სახით. ეს ფრაზა მალევე ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს და 2019 წლისთვის ტერმინი კოლინზის ინგლისურ ლექსიკონშიც შევიდა. ის განისაზღვრა როგორც "ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ზეიმობს პოზიტიური მიზნისკენ სვლას უბედურების ჟამს".
მრავალი ისეთი მხატვრული ნაშრომი, როგორიცაა, მაგალითად, ბეჭდების მბრძანებელი და ტერი პრეჩეტის დისკოს სამყაროს სერია, ახლა უკვე Hopepunk-ის იარლიყის ქვეშ ერთიანდება. ამ სიაში მრავალი თანამედროვე მწერლის ნამუშევარიც შედის.
"ჭკუის სასწავლებელი ისტორიები ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ბეკი ჩემბერსი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი, რომელიც Hopepunk-ის მოძრაობასთან ასოცირდება და რომელსაც თავისი სამეცნიერო ფანტასტიკური სერიისთვის, ქვეითი (Wayfarer), პრესტიჟული ჰიუგოს ჯილდო აქვს მიღებული, — "მაგრამ თუ სულ ეს არის, რაც გაქვს, მაშინ შენ ნიჰილიზმის საფრთხის ქვეშ დგები".
ამჟამინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გაურკვევლობისას ბევრი ჩვენგანი შეამჩნევდა ცინიზმისა და პესიმიზმისკენ გადახრის ტენდენციას. შეიძლება, რომ Hopepunk ამის საუკეთესო ანტიდოტი იყოს?
თუ ოპტიმიზმს ეჭვის თვალით უყურებთ, მარტონი არ ხართ — კაცობრიობის ისტორიაში მწერლებსა და ფილოსოფოსებს საკმაოდ ამბივალენტური შეხედულებები ჰქონდათ იმედზე. ამ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს პანდორას მითის ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციებში ვხედავთ. ეს მითი პირველად დაახლოებით ძვ.წ. 700 წელს, ჰესიოდესთან გვხვდება. თავის პოემაში, სამუშაონი და დღენი, ჰესიოდე აღწერს, თუ როგორ შექმნა ზევსმა პანდორა კაცობრიობის დასასჯელად მას მერე, რაც პრომეთემ ცეცხლი მოიპარა. პანდორა ადამიანებს ყუთით ხელში ევლინება. ყუთი სავსეა "ყოველგვარი უბედურებით" და მისი გახსნით ის შიგნით მოთავსებულ ბოროტებას მსოფლიოში ათავისუფლებს. "მხოლოდ იმედიღა დარჩა იქ, ურყევ სახლში, დიდი ყუთის კიდესთან", — გვეუბნება ჰესიოდე.
ეს მითი ხშირად იმის მეტაფორად აღიქმება, თუ როგორ შეუძლია ამ ემოციას გვანუგეშოს უბედურებისა და ძალადობისას, რაც ადამიანად ყოფნას მუდამ თან ახლავს. ის ხატავს იმედს როგორც დამხმარე ძალას, რომელიც ემილი დიკინსონმა ათასწლეულების შემდეგ აღწერა როგორც "ბუმბულიანი რაღაც, რაც სულზე ჩამომჯდარა".
ასევე შესაძლებელია, რომ პანდორას მითი უფრო პესიმისტური გადმოსახედიდანაც შეფასდეს. ხომ შეიძლება, უბედურებათა ყუთში იმედის ყოფნა იმაზე მიუთითებდეს, რომ ისიც რაღაც ფორმით ბოროტებაა? შესაძლოა, ჰესიოდე მიგვანიშნებდა, რომ ერთი შეხედვით მანუგეშებელ ემოციას ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია.
მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფოსი, ფრიდრიხ ნიცშე სწორედ ამ აზრზე იყო. ნაშრომში, ადამიანი, ზედმეტად ადამიანური (1878), ის წერდა, რომ პანდორამ სპეციალურად გადადო იმედი გვერდზე იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაეგრძელებინათ იმ ტანჯვის მიუხედავად, რომელსაც ის აუცილებლად მოუვლენდა მათ. "ახლა ადამიანს ეს იღბლიანი ყუთი სამუდამოდ აქვს სახლში და ფიქრობს, რომ მსოფლიო განძია. ის მის სამსახურშია, იყენებს მას, როდესაც მოესურვება", — წერდა ნიცშე, — "ზევსს არ უნდოდა, რომ ადამიანს, უბრალოდ, მოესროლა საკუთარი სიცოცხლე — იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად დაიტანჯებოდა. ამის საპირისპიროდ მას სურდა, რომ ადამიანები არ დანებებულიყვნენ და, შესაბამისად, ისევ და ისევ დატანჯულიყვნენ. სწორედ ამიტომ აძლევს ის ადამიანს იმედს. რეალურად, ის ბოროტებათა შორის ყველაზე დიდი ბოროტებაა, რადგან ის ადამიანის ტანჯვას ახანგრძლივებს".
პანდორას მითის ნიცშესეულმა ინტერპრეტაციამ, შესაძლოა, იმედის არტურ შოპენჰაუერისეული აღწერა მოგვაგონოს. ის ამ ემოციას "გულის სიბრიყვეს" უწოდებს. მისთვის იმედი ბოდვაა. ესეიში, ფსიქოლოგიური შენიშვნები (1851), ის აღნიშნავს, რომ ეს ემოცია "აქვეითებს ინტელექტის შესაძლებლობას, შეაფასოს ალბათობა", რის შედეგადაც ჩვენ უგულებელვყოფთ მოვლენების ყველაზე სავარაუდო შედეგებს — იმ შემთხვევებშიც, როდესაც წარმატების შანსი მიზერულია. "უიმედო უიღბლობა სწრაფი სასიკვდილო დარტყმასავითაა. ხოლო იმედი, რომელიც მუდმივად გვიცრუვდება და ხელახლა გვიცოცხლდება, ნელ და გახანგრძლივებულ წამებას წააგავს".
Hopepunk-ის ამბოხი
ტერმინ Hopepunk-ის წარმომავლობის ახსნისას როულენდი ადამიანის მოწყვლადობისა და წამების აღიარების საჭიროებასაც ხედავს — ისე, როგორც ამას სამეფო კარის თამაშები აკეთებს. მაგრამ მწერალი ასევე ფიქრობს, რომ ამგვარი ხედვა დაბალანსებული უნდა იყოს ადამიანის იმ შესაძლებლობების წარმოჩენით, რომლებიც მას სიკეთის კეთებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილს აღუძრავს.
"Hopepunk გვეუბნება, რომ სიკეთე და მიმტევებლობა არ ნიშნავს სისუსტეს და რომ ამ ცინიზმისა და ნიჰილიზმის სამყაროში კეთილად ყოფნა პოლიტიკური აქტია. ესაა აქტი ამბოხებისა", — წერს როულენდი თავისი თავდაპირველი პოსტის გაგრძელებად, — "ის გვეუბნება, რომ მეტად კარგი, მეტად კეთილი სამყარო უნდა მოვითხოვოთ". თუ იმედი "სიტყვების გარეშე მელოდიას მღერის", როგორც ეს დიკინსონმა თქვა, როულენდი ამ სიმღერას საბრძოლო მოწოდებად აღიქვამს. ეს პოზიცია ტერმინის Punk ნაწილს გამოხატავს.
Hopepunk-ის ფილოსოფიის ნიშნები შეგვიძლია ფროდოსა და სემუაიზ გემჯის ურთიერთობაშიც დავინახოთ, როდესაც ისინი პიტერ ჯექსონის ფილმში, ორი კოშკი, მათ გარშემო არსებულ ბოროტ ძალებს ებრძვიან.
"ეს დიადი ამბების მსგავსია, ბატონო ფროდო", — ამბობს სემი, — "წყვდიადითა და ხიფათით სავსეა ისინი. და ხანდახან არც კი გინდა, რომ დასასრული იცოდე. რადგან როგორ შეიძლება, რომ დასასრული ბედნიერი იყოს? როგორ შეიძლება, რომ სამყარო ისევ ისეთი გახდეს, როგორიც მანამდე იყო, როდესაც უკვე ამდენი ცუდი მოხდა? მაგრამ ბოლოს ეს ჩრდილიც წარმავალია. წყვდიადიც კი წარმავალია. ახალი დღე მოვა და როდესაც მზე გამოანათებს, ის უფრო ბრწყინვალე იქნება".
"რას ვებღაუჭებით, სემ?" — კითხულობს ამ სიტყვების საპასუხოდ ფროდო.
"იმას, რომ ამქვეყნად რაღაც სიკეთე მაინც დარჩა, ბატონო ფროდო... და ამისთვის ღირს ბრძოლა", — უპასუხებს მეგობარი.
ქვეჟანრის ელემენტებს შეიცავს ტერი პრეჩეტის და ნილ გეიმანის რომანის, კარგი ნიშნები. ის ამბავს გვიყვება ანგელოზისა და დემონის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ, რათა სამყარო აპოკალიფსისგან გადაარჩინონ. ამავე სიაშია ენდი უირის მარსელი, რომელიც უკაცრიელ პლანეტაზე მიტოვებულ ასტრონავტზე გვიყვება. მთავარი გმირი ბოტანიკის ცოდნას იმისთვის იყენებს, რომ მზიდან მეოთხე პლანეტის ხრიოკ ზედაპირზე ყოფნას გადაურჩეს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როულენდი თვლის, რომ მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნსაც აქვს Hopepunk-ის ნიშნები. რომანი დისტოპიურ ტექსტად განიხილება ხოლმე, მაგრამ როულენდი მთავარი გმირის, ჯუნის ჯიუტ მიზანდასახულობაზე მიუთითებს. მისი შემართება, განაგრძოს ბრძოლა ჩაგვრის წინააღმდეგ, იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია იმედს, სიკეთისთვის გასალაშქრებელი ენერგიით მოგვამარაგოს (მართალია, ეტვუდს ტერმინი Hopepunk არ უხსენებია, თუმცა მან ისაუბრა თავისი "კომპეტენტური ოპტიმიზმის" შესახებ, რომელიც მიემართება ჩვენს უნარს, დავუპირისპირდეთ ეკოლოგიურ და პოლიტიკურ გამოწვევებს).
კიდევ უფრო ახალი ნაწარმოებები, რომლებიც ამ მიმდინარეობასთან ასოცირდება, ანალი ნიუიცის სხვა დროის მომავალი და კეტრინ ედისონის გობლინი იმპერატორი არის. არავისდა გასაკვირად, თავად როულენდის ნაწარმოებებიც Hopepunk-ის ფილოსოფიის შემცველია. რომანი, ტყუილთა ქორო გვიყვება ერზე, რომელიც ეკონომიკური განადგურების ზღვარზეა. იმის მიუხედავად, რომ პერსონაჟებს მრავალი ნაკლი აქვთ და მათი შეცდომები ხანდახან დამღუპველიც კია, ისინი მუდამ ცდილობენ, თავიანთი ქმედებები გამოასწორონ. ამ გზით კი პერსონაჟები ადამიანის უსუსურობის ფატალისტურ ხედვას უპირისპირდებიან.
მომავალი ნათელია
ბეკი ჩემბერსის მიზანია, შექმნას დრამატურგიულად გამართული ისტორიები, რომლებიც მრავალფეროვან გამოცდილებებს დაიტევენ. "ყველაფერი ყველასთვის კარგად ვერ დამთავრდება, რადგან ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება", — ამბობს ჩემბერსი, — "მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი უარესობისკენ მიდის, მე ვუთმობ დროს იმის ჩვენებას, თუ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ძალების აღდგენას".
ამის შესანიშნავი მაგალითი შეგვიძლია მის ნაწარმოებში, ისწავლო, თუ გაგიმართლებს, ვიპოვოთ, რომელიც დეტალურად აღწერს კოსმოსური ეკიპაჟის მოგზაურობას ეგზოპლანეტებზე. დედამიწიდან თხუთმეტი სინათლის წლით დაშორებულებს, მარტოობასთან და კაცობრიობრიობისგან მოწყვეტასთან ერთად, სხვადასხვა პლანეტის მტრულად განწყობილ გარემოსთანაც უწევთ გამკლავება. მიუხედავად ამისა, ისინი ნუგეშს ერთმანეთსა და იმ ცნობისმოყვარეობაში პოულობენ, რომელიც გამოსაკვლევი სამყაროების მიმართ აქვთ.
ერთ განსაკუთრებით დასამახსოვრებელ სცენაში ასტრონავტები პლანეტა ოპერაზე აღმოჩნდებიან, სადაც მათი კოსმოსური ხომალდი უცხოპლანეტელებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ერთგვარ მატლისებრ ვირთხებს წააგვანან. პლანეტის მკაცრი კლიმატი გმირებს საშუალებას არ აძლევს, რომ ხომალდი აამუშაონ. შესაბამისად, ეკიპაჟის წევრები იძულებული არიან, დღე და ღამე, ხომალდის შიგნით გამოკეტილებმა, უსმინონ ცხოველების გარედან მომავალ, შემზარავ კივილს.
თუმცა გუნდი სასოწარკვეთას არ მიეცემა. და როდესაც შტორმი დაცხრება, ისინი პლანეტიდან თავის დაღწევას შეძლებენ. მოვლენების ამგვარი განვითარება კაპიტან ელენას გაოგნებულს ტოვებს. "ის იმდენად იყო ფოკუსირებული იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ცუდად წასულიყო, რომ დაავიწყდა, რაღაც უკეთესობისკენაც შეიძლებოდა შეცვლილიყო", — წერს ჩემბერსი.
ვისაც დეპრესია გადაუტანია, ალბათ შეამჩნევს, რომ წიგნის ეს პასაჟი ფსიქოლოგიური გამძლეობის მნიშვნელობას გვანახებს და იმასაც გვახსენებს, რომ ჩვენი შინაგანი შტორმიც დროსთან ერთად ჩაცხრება.
ჩემბერსის ქვეითის სერია ვრცელ გამოგონილ სამყაროს ხატავს, დასახლებულს სხვადასხვა უცხოპლანეტური სახეობით, რომლებიც გალაქტიკურ ერთობას ქმნიან. საზოგადოებები, რომლებსაც ჩემბერსი სახავს, შორს არიან სრულყოფილისგან. მათში მრავლადაა გარდაუვალი სირთულეები და უსამართლობები. თუმცა, ამისდა მიუხედავად, წიგნის ეს სერია კოსმოსური ეპოქის ოპტიმისტურ ხედვას გვთავაზობს. ეს ხედვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ არსებებს შორის თანამშრომლობისა და ემპათიის უნარზეა დაფუძნებული. "მინდა, რომ მომავალი რაღაც ისეთად დავხატო, რაც აღგაფრთოვანებს — ისეთ ადგილად, რომლის შექმნაც გააზრებულად შეგვეძლებოდა, თუკი ამას მოვინდომებდით", — ამბობს მწერალი.
როდესაც ჩვენ ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ახლანდელ პირად თუ პოლიტიკურ კრიზისებს, კარგი იქნება, თუ ეს გაკვეთილები სიბნელეში სინათლის ძებნისას გვემახსოვრება. "იმედი არის ის, რაც ძალიან გვესაჭიროება", — ამბობს ჩემბერსი, — "და ჩვენ ის ახლავე გვჭირდება".
კომენტარები