მარკ ცუკერბერგის ჯოჯოხეთური დღე — როგორ დაკარგა Meta-მ $200 მილიარდი
Facebook-ის შექმნის იდეას საფუძველი შორეულ 2004 წელს ჩაეყარა. მაშინ მარკ ცუკერბერგი რთულად თუ იფიქრებდა, რომ მისი სტარტაპი მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური ქსელი გახდებოდა და მთელ დედამიწას მოიცავდა. Facebook ზომაში კოლოსალური სისწრაფით იზრდებოდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიების სიაშიც მალევე შევიდა.
თუმცა, ნებისმიერი გიგანტური ტექკომპანიის არსებობის განმავლობაში დგება მომენტი, როდესაც ცვლილებები აუცილებელია. ამას მიხვდა თითქმის ყველა კომპანიის წარმომადგენელი. მენეჯმენტი შეიცვალა გუგლში, ეფლში, ამაზონში და სხვა მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებშიც, თუმცა, იგივე Facebook-ს არ გაუკეთებია. მარკ ცუკერბერგი კომპანიას დაარსების დღიდან მართავს და სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ბოლო დროს მაინც, ეს კარგად ნამდვილად აღარ გამოსდის.
ასევე: რა სჭირს Facebook-ს — რას ამბობენ ექსპერტები
2021 წელს Facebook უამრავ სკანდალში გაეხვა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაყიდვისა და მათი ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების ამბავიც. გასულ წელს პრობლემები ინსტაგრამსაც შეექმნა. უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია ცუკერბერგის პროდუქტს მოზარდებისთვის საზიანოდ ახასიათებს.
ამ ყველაფერმა Facebook-ის დიდებას წყალი შეუყენა და ბევრი კითხვა გააჩინა. რეალურად, კომპანიას რეორგანიზაცია და ხედვების განახლება სჭირდებოდა, თუმცა, მარკის აზრით, პრობლემა მასში სულაც არ იყო და პრობლემების აღმოსაფხვრელად სხვა, "მაგიურ" გზას მიმართა.
Facebook-მა რებრენდინგი დაიწყო და ის წელს სამყაროს Meta-დ მოევლინა. რაღა თქმა უნდა, რებრენდინგი შელახულ სახელს ვერაფერს უშველიდა, რადგან პრეტენზიები არა კომპანიის სახელის, არამედ მისი მფლობელის მიმართ იყო წაყენებული.
ნეგატიური სიახლეები, სისტემური ხარვეზები, მაგალითად 5-საათიანი გათიშვა, დაკარგული ნდობა და სხვა პრობლემები ხშირად კომპანიის ღირებულებაზე პირდაპირ აისახება ხოლმე, თუმცა გუშინდელი ხუთშაბათი Meta-სთვის სრული ჯოჯოხეთი აღმოჩნდა.
გუშინ ამერიკის საფონდო ბირჟებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა დაფისქირდა და, რაღა თქმა უნდა, ეს მეტასაც შეეხო, თუმცა კომპანიამ კიდევ უფრო მეტად იზარალა, ვიდრე სხვა ტექგიგანტებმა და ამას თავისი მიზეზი აქვს.
ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად, საჭიროა რიცხვებს ჩავხედოთ და გავარკვიოთ, რამ აიძულათ ინვესტორები გაეყიდათ Meta-ს აქციები.
$200-მილიარდიანი დანაკარგი ერთ დღეში
ოთხშაბათს Meta-მ ანგარიში წარადგინა, სადაც კვარტლური მოგება შემცირებული იყო. ამან ინვესტორებს აქციებს გაყიდვისკენ უბიძგა. ჯამში კი ამ ყველაფრით Meta-მ ღირებულების 25% ერთ დღეში დაკარგა.
რიცხვებში ეს 200 მილიარდი დოლარია. საბაზრო ღირებულების ასეთი მკვეთრი ვარდნა ისტორიის განმავლობაში არცერთ ამერიკულ კომპანიას არ ჰქონია. Meta-მ ადგილი მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიაშიც დაკარგა და ერთი ნიშნულით დაბლა დაიწია.
ანალიტიკოსების აზრით, ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი აქვს — Facebook დაბერდა და მას ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვა უჭირს, ის ვეღარ უწევს კონკურენციას TikTok-ს. ასევე, ვარდნაზე გავლენა იქონია Apple-ის მიერ უსაფრთხოების წესების შეცვლამ და თვითონ Meta-ს მიერ მიერვე მეტავერსის დაანონსებამაც.
ყოველდღიურად 1.929 მილიარდი აქტიური მომხმარებელი
2021 წლის მესამე კვარტალში Facebook-ს 1.93 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. ეს რიცხვი მეოთხე კვარტალში 1.929 მილიარდამდე დაეცა.
ალბათ იფიქრებთ, რომ ამხელა გიგანტისთვის ეს მიზერული რიცხვი ვერაფერს შეცვლიდა, თუმცა სიტყვიერად ეს სხვანაირად გამოითქმის.
Facebook-ის არსებობის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელთა რიცხვი კვარტლიდან კვარტლამდე არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა. ინვესტორებისთვის ეს წითელი ხაზია და ერთგვარი ინდიკატორია იმისა, რომ პროდუქტი აქტუალობას კარგავს.
მომხმარებელთა ზრდა ამერიკასა და ევროპაში უკვე დიდი ხნის წინ შენელდა, თუმცა ყველაზე დიდი დანაკარგი ცუკერბერგის კომპანიამ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დააფიქსირა.
მეტავერსი — ანუ როგორ დავკარგოთ 10 მილიარდი დოლარი
Meta-ს ღირებულების ასეთ მკვეთრ ვარდნას მიზეზები უხვად აქვს. ზემოთ რამდენიმე მათგანი უკვე ვახსენეთ, მაგრამ გარდა ამ ყველაფრისა კომპანიამ ოთხშაბათს წარდგენილი ანაგარიშით გაგვანდო, რომ მათმა დანაყოფმა, Reality Labs, რომელიც მეტავერსზე მუშაობს, 2021 წელს 10.19 მილიარდ დოლარიანი წაგება დააფიქსირა.
ეს მარკისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ფეისბუქის დამაარსებელს 2021 წელს მეტავერსის განსავითარებლად დამატებით 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა სურდა და ისიც კი თქვა, რომ Reality Labs მომგებიანი უახლოეს მომავალში ვერანაირად გახდებოდა. შეიძლება, მარკს მართლაც დიადი გეგმები აქვს, მაგრამ მსხვილი ინვესტორები ფულს "მომავალში" ნაკლებად დებენ.
Facebook-ის რეკლამები და Apple
Facebook რეკლამებით ცოცხლობს და ეს ახალი ამბავი არ არის. მეტიც, ფეისბუქი ჩვენს ინფორმაციას აგროვებს და მას სარფიანად ყიდის. რეკლამებისთვის სამიზნეების შერჩევა ჩვენს პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება. ეს ნამდვილად გამაღიზიანებელია. სწორედ ამის შეცვლა სცადა Apple-მა iOS-ის უკანასკნელი განახლებებით, რამაც ფეისბუქის გაღიზიანებაც კი გამოიწვია.
აიფონის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდონ ტრეკინგი Meta-ს. ეს კომპანიის შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. Apple-ის განახლებების გამო, როგორც Meta-ს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ანგარიშიდან ვიგებთ, კომპანია ყოველწლიურად 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
ასევე: Apple-მა სოციალური ქსელები 10 მილიარდი დოლარით აზარალა — როგორ
24 მილიარდი დოლარი — სწორედ ამდენით "გაღარიბდა" მარკი
Meta-ს აქციების კატასტროფულმა ვარდნამ მარკ ცუკერბერგის ჯიბეში ხვრელი გააჩინა. ახალგაზრდა მილიარდერმა ერთ ღამეში 24 მილიარდი დოლარი დაკარგა. თუმცა, ცრემლები შეიკავეთ, მარკი მაინც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად რჩება.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკ ცუკერბერგს 2004 წლის შემდეგ, ალბათ, ყველაზე ცუდი დღე გაუთენდა, თუმცა Meta დანაკარგებს ელოდა. მეტავერსში ჩადებული ინვესტიცია მომავალზეა გათვლილი, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ტექნოლოგიურ გიგანტს პორტფოლიოში უამრავი ისეთი პროდუქტი აქვს, რომელიც კომპანიას აქტუალობის დაკარგვისგან ძალიან აშორებს.
კომენტარები