Facebook, Instagram და WhatsApp უკვე რამდენიმე საათია აღარ მუშაობს. ფეისბუქმა კონკურენტი სოციალური ქსელის — ტვიტერის დახმარებით გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც კომპანია ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის და ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თავს არ ზოგავს.

სოციალური მედიის გიგანტის პროდუქტების გათიშვის მიზეზი იმთავითვე ცნობილი არ იყო, თუმცა, უსაფრთხოების არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს დომენის სახელის სისტემას (DNS) უკავშირდება. მაგალითად, Cisco-ს ინტერნეტ ანალიზის განყოფილებამ ThousandEyes დატვიტა, რომ მისი ტესტების მიხედვით, ფეისბუქის პროდუქტების გათიშვა DNS-ის გაუმართაობას უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ DNS არის სისტემა, რომელიც ვებგვერდის სახელებს IP მისამართებად თარგმნის, რომელთა წაკითხვაც კომპიუტერული სისტემისთვის ხდება შესაძლებელი. მას "ინტერნეტის სატელეფონო წიგნსაც" უწოდებენ ხოლმე და მისი გაუმართაობის პირობებში ვებგვერდებს ვერ გამოვიყენებთ. ფეისბუქი ხელმისაწვდომი არ არის, რადგან DNS სწორ მისამართზე ვერ გზავნის ჩვენს მოთხოვნას, შევიდეთ სოციალურ ქსელში. ასე ვთქვათ, ის გზაში კარგავს მას, თვითონ ფეისბუქის ფუნქციები კი ისევ ადგილზეა, უბრალოდ, DNS-ს ვერ მივყავართ ფეისბუქამდე.

მსგავსი DNS გაუმართაობა ივლისშიც ვიხილეთ, როცა ღრუბლოვანმა კომპანია Akamai Technologies-მა (AKAM.O) რამდენიმე საიტის დროებით გაჩერება გამოიწვია.

"ThousandEyes ტესტებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ 4 ოქტომბერს UTC 15:40 საათზე, Facebook აპლიკაცია მიუწვდომელი გახდა DNS–ის უკმარისობის გამო. Facebook–ის ავტორიტეტული DNS სახელების სერვერები ამ დროს გახდა მიუწვდომელი. ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია UTC 17:02 საათისთვის", — ნათქვამია ThousandEyes-ის ტვიტში.

იმავე პრობლემაზე მიუთითებს ტვიტის კომენტარებში Planisys, ვებუსაფრთხოების კომპანია, რომელიც ევროპასა და ლათინო ამერიკაში ოპერირებს.

ფეისბუქის გათიშვა DNS-ს დაუკავშირა კალიფორნიული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kentik-ის ინტერნეტ ანალიზის მიმართულების დირექტორმა, დუგ მადორიმაც.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში, უკვე კი უფრო კონკრეტულად უკონკურენტო ტვიტერზე ფეისბუქის შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებული უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ცნობილია ფეისბუქის ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია ყველაფერს აკეთებს პრობლემის აღმოსაფხვრელად, მეორე მხრივ კი, ცნობილია ექსპერტების მოსაზრებები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით და მათ მიერ ჩატარებული ტესტების პასუხებიც. ეს ყველაფერი კი კონსპირაციისთვის ადგილს ნაკლებად ტოვებს.