უძველესი ომი, რომელშიც ყოველდღე ვმარცხდებით — ის, რასაც ვერ ვიაზრებთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

უთანასწორო ბრძოლა

სანამ "დედამიწაზე ყველაზე განვითარებული" სახეობის წარმომადგენლები ყოველდღიურად სხვადასხვა დისკუსიაში ვებმებით, ვსაუბრობთ სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე, ვერ ვთანხმდებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაქცინა, ახალი შტამი და მწვანე პასპორტი, დედამიწის უძველესი ბინადრები ჩვენს სხეულს მიზანში იღებენ, შიგნით წარმატებით (სულ უფრო სწრაფად) იჭრებიან და ჩვენს უჯრედებს, ჩვენივე ინტერესის საწინააღმდეგოდ აპროგრამებენ. ეს მიკროსკოპული "რობოტები" ადამიანებს არ შეგვიქმნია. მეტიც, პირიქით, რამდენიმე თეორიის თანახმად, შეიძლება ისინი მონაწილეობდნენ ჩვენს შექმნაში.

ადამიანის უძველესი წინაპრის, უადრესი ჰომინიდის განამარხებული თავის ქალა 7 მილიონი წლითაა დათარიღებული, ვირუსების ისტორია კი მილიარდობით წლის წინ იწყება. ფაქტობრივად, თითქმის დედამიწის გაჩენასთან ერთად. მათ მოახერხეს გადარჩენა იმაზე ბევრჯერ და იმაზე რთულ პირობებში, ვიდრე ჩვენ. ისინი ჩვენს ორგანიზმებს გასამრავლებლად იყენებენ. ეს ომია. უძველესი ომი, რომლის დასრულებაც ერთი ხელის აქნევით ბევრს გვინდა... მაგრამ სამყარო ისე როდია მოწყობილი, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედამიწაზე 10 ნონილიონი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 1 × 1031 ვირუსის ნაწილაკი არსებობს და თუ მათ ერთმანეთს მივადებთ, ისინი 100 მილიონი სინათლის წელიწადის სიგრძეს შეადგენენ. ისინი ჩვენთვის ცნობილი ვარსკვლავების რაოდენობასაც აღემატებიან და ბაქტერიებისაც (13 × 1028). ბაქტერიებისა და ვირუსების ომი იმაზე დიდი ხანია მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანის რომელიმე სახეობა დედამიწაზე გაჩნდებოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ვირუსების უმეტესობა ადამიანისთვის საზიანო არ არის (გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სწორედ ამის გამო ვარსებობთ ჯერ კიდევ).

ფოტო: Perry Tse

მოკლედ, ვირუსები — ეს მიკროსკოპული "რობოტები" პლანეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ბინადრები არიან და მიმდინარე მომენტში, ისინი ჩვენთან ფართომასშტაბიან ომს აწარმოებენ. ამ ომში მათი მიზანი გამრავლებაა, ხოლო ჩვენი — გადარჩენა. რთული მისახვედრი არ არის, რომ არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა და არც ისაა რთული მისახვედრი, რომ მათთან საბრძოლველად ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს საჭიროებისამებრ არ ვიყენებთ. შედეგად, ადამიანებისა და ვირუსების ომში ყოველდღე ვმარცხდებით.

როგორ გაჩნდნენ ვირუსები — სამი კლასიკური ჰიპოთეზა

ფოტო: scitechdaily.com

ვირუსების წარმოშობის შესახებ სამი წამყვანი, კლასიკური ჰიპოთეზა არსებობს. პირველი ჰიპოთეზის თანახმად, პირველად იყო ვირუსები — ისინი უჯრედებამდე გაჩნდნენ. უფრო კონკრეტულად, "პირველყოფილ წვნიანში" არსებული ფუნდამენტური მოლეკულებისგან წარმოიქმნნენ, მაშინ როცა პლანეტამ გაგრილება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამავე მოლეკულებმა დაუდეს უჯრედულ სიცოცხლეს საფუძველი. ეს, სავარაუდოდ, ვირუსების გაჩენის პარალელურად ან შემდეგ მოხდა. ადრეული ვიროიდები შეიძლება არსებობდნენ უბრალოდ ნუკლეინის მჟავების თავისუფლად მცურავი ნაჭრების სახით.

მეორე — რეგრესიის ჰიპოთეზის თანახმად, ვირუსები უჯრედული წინაპრისგან წარმოიშვნენ, მხოლოდ ამ წინაპარმა ევოლუციური განვითარების გზაზე ზედმეტად ბევრი გენი "მოიშორა". სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვა ორგანიზმებისგან განსხვავებით, კომპლექსურად ქცევის ნაცვლად, ზოგიერთი უჯრედი პირიქით — გამარტივდა. ამით იხსნება ვირუსის გამრავლების უნარის დაკარგვა, რის გამოც ის ერთგვარი პარაზიტია და გასამრავლებლად მასპინძელი ორგანიზმის პოვნა უწევს. გიგანტური ვირუსების აღმოჩენა ამ ჰიპოთეზას ამყარებს, რადგან მათზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი წინაპრების რეგრესიის გზით წარმოიქმნენ. ანუ მათ წინაპრებს ჰქონდათ გენების სრული ნაკრები, რომლებიც უჯრედული სიცოცხლის ფორმებს ჰგავდა და არა თანამედროვე ვირუსებს.

მესამე, ე.წ. თავის დაღწევის ჰიპოთეზა კი გულისხმობს, რომ ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, პროტოუჯრედებიდან გენებმა ან გენომის მონაკვეთებმა გაჟონეს, ცილის გარსში გაეხვივნენ და პარაზიტის სახე მიიღეს. ამ გენებმა ვირუსებს საბაზისო, ნახევრად ავტონომიური შესაძლებლობები მისცეს, რომელიც ინფიცირებასა და რეპლიკაციას უკავშირდება.

დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრები — ვირუსების ევოლუცია

როგორც ხედავთ, ვირუსების წარმოშობის შესახებ არაერთი ჰიპოთეზა არსებობს. მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან, რომელი გაჩნდა პირველად — ვირუსი თუ უჯრედი. ზოგი მათგანი სიცოცხლის ფორმების წარმოშობასა თუ განვითარებას სწორედ ვირუსებთან აკავშირებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი სამეცნიერო წრეებში ჯერ არ არსებობს, ერთი რამ უდავოა — ვირუსები დედამიწის უძველესი ბინადრები არიან. ისინი მილიარდობით წლით უსწრებენ ადამიანს, რომელსაც დღეს თავი დედამიწის ყველაზე განვითარებული და უპირატესი სახეობა ჰგონია. თუმცა, იქნებ ასე არც იყოს...

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჯერ კიდევ 3 მილიარდი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწაზე სიცოცხლის ფორმირების საწყისი ეტაპი იყო, უმარტივესი ორგანიზმებიც კი ავადდებოდნენ ვირუსებით. Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი ვირუსები დედამიწის უძველესი ბინადრები არიან, მაგრამ სიცოცხლის პირველ ფორმას არ წარმოადგენენ. მეტიც, მათ ბაქტერიებთან საერთო წინაპარი ჰყავთ, რომელიც 3.4 მილიარდი წლის წინ არსებობდა. დედამიწის გაჩენიდან (4.5 მილიარდი წლის წინ) მალევე. ამ უჯრედიდან ბაქტერიამ უფრო კომპლექსურ ორგანიზმად ქცევა მოახერხა, ხოლო ვირუსებმა პირიქით — გამარტივება დაიწყეს. მათ წარმატებით მოიშორეს "ყველაფერი ზედმეტი", არსებითი გენის გარდა. (აღნიშნული კვლევა ზემოხსენებულ რეგრესიის ჰიპოთეზას ამყარებს).

ვირუსის ევოლუციურ განვითარებაში ან უფრო გამარტივებაში საკვანძო მომენტი, კვლევის თანახმად, დაახლოებით 1.5 მილიარდი წლის წინ დადგა. მკვლევართა ჯგუფი, ამ დასკვნის გაკეთებისას 66 ვირუსის სპეციფიკური ცილის შეფასებას დაეყრდნო. მათი თქმით, სწორედ 1.5 მილიარდი წლის წინ შეიცვალა/გაჩნდა ვირუსის გარე გარსში არსებული ცილები, რომელთაც ვირიონები (ვირუსის ნაწილაკები) მასპინძელ უჯრედში შესაღწევად იყენებენ.

როგორც ვახსენე, ადამიანისგან თუ სხვა კომპლექსური სახეობებისგან განსხვავებით, ვირუსების ევოლუცია გამარტივებას მოიცავს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სწორედ ამ ევოლუციური გამარტივების შედეგადაა, რომ ვირუსებს დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლიათ. ამისათვის მათ უჯრედები სჭირდებათ, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს მრავლად გვაქვს. თუმცა, თვითონ ვირუსი, რომელსაც აქვს ორგანიზმში შეღწევის, უჯრედების "დაპროგრამების", გამრავლებისა და მუტაციის უნარი, ცოცხალია თუ არა?

სოცოცხლის ზღვარზე — ცოცხალსა და არაცოცხალს შორის

ვირუსი არის მიკროსკოპული ზომის, ცილის გარსში გახვეული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა – დნმ ან რნმ. მის დასანახად ელექტრონული მიკროსკოპი დაგჭირდებათ (ცნობისთვის, ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონებამდე ვირუსების შესახებ არაფერი ვიცოდით. ანუ ერთ საუკუნეზე ოდნავ მეტია მათ შესწავლას ვცდილობთ). როგორც უკვე ვთქვი, ვირუსს დამოუკიდებლად გამრავლება არ შეუძლია. ამისათვის ცოცხალ ორგანიზმში შეჭრა და მისი უჯრედების დაპროგრამება უწევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ვირუსი სიცოცხლის ფორმად მივიჩნიოთ, მით უფრო მაშინ, როცა მას უჯრედიც კი არ გააჩნია. თუმცა, არაცოცხალსაც ვერ ვუწოდებთ ამ "მოლეკულას", რომელიც გამრავლების მიზნით მასპინძელ ორგანიზმში აღწევს და იმ უჯრედებს, რომლებიც ადგილზე ხვდება, "უბრძანებს" მისი ასლები აწარმოონ.

ფოტო: Arizona state university

ამის მიუხედავად, ვირუსი ცოცხალ ორგანიზმად არ მიიჩნევა. ვირუსი სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, სიცოცხლის არაუჯრედული ფორმაა და ფილოგენეტიკურ ხეზე ცოცხალი ორგანიზმების სამ ძირითად განშტოებაზე – ბაქტერიებს, არქეებსა და ევკარიოტებს (აქ ჩვენც შევდივართ) შორის ადგილი არ მოეძებნება.

ეს სიცოცხლის ზღვარზე მყოფი "მოლეკულა" სიცოცხლის ზღვარზე ჩვენც ხშირად გვამყოფებს. ჩვენც და დედამიწაზე მობინადრე სხვა უამრავ სახეობასაც. მის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავების შემდეგ კი ეძებს გზებს, თუ როგორ დაუსხლტეს ხელიდან მასზე გაცილებით კომპლექსური ორგანიზმის მიერ შექმნილ თავდაცვის სისტემას.

ვირუსების იარაღი, ახალი შტამები და ომიკრონი

ფოტო: New York Times

ვირუსებს ერთი დიდი მიზანი ამოძრავებთ — გამრავლება. ამ მიზნის მისაღწევად კი ისინი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა გზას მიმართავენ. ამ კუთხით, მათ მხარეს ევოლუციური მექანიზმებიცაა. როგორც უკვე ვთქვი, ეს დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია, დიდი გამოცდილებით და ჩვენ მასთან ომში ვართ ჩაბმული. ომში, რომელშიც სხვადასხვა იარაღით ვიბრძვით. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა, ვირუსს კი აქვს მუტაციის უნარი. ეს განსაკუთრებით რნმ ვირუსებს ეხება (როგორიც კორონავირუსია).

რნმ-ის შემცველ ვირუსებს მუტაციის უფრო მაღალი სიჩქარე აქვთ, რაც მათ განსაკუთრებით სწრაფი ადაპტირების საშუალებას აძლევს და ახალი თვისებებით აღჭურვავს. განსაკუთრებით აქტუალური ეს მაშინ ხდება, როცა ვირუსი ფართოდაა გავრცელებული, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი დაბალია. ამაზე სამხრეთ აფრიკის შემთხვევაც მეტყველებს, სადაც კორონავირუსის ახალი შტამის — ომიკრონის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად პროფესორმა სალიმ აბდულ ქარიმმა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი დაასახელა.

ახალი შტამების წარმოქმნა, ძირითადად, სხვა ვირუსით უკვე დაინფიცირებულ ადამიანში ხდება, რადგან როდესაც ორი ვირუსი ერთდროულად აინფიცირებს უჯრედს, მათ შეუძლიათ, მიმოცვალონ გენეტიკური მასალა, რაც წარმოქმნის ახალ "შერეულ" ვირუსს, რომელსაც შეიძლება სხვა მახასიათებლები ჰქონდეს. ასე წარმოიქმნება სუსტი თუ საგანგაშო შტამები, რომელთაგანაც ზოგს მწვავე ინფექციის გამოწვევა შეუძლია, ზოგი ფართო გავრცელებით არ გამოირჩევა, ზოგი კი მეტად გადამდებია. მაგალითად, როგორც კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტი, რომელიც წარმატებით უსხლტება ხელიდან ადამიანის ორგანიზმში, ვაქცინაციის გზით თუ ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტს. ეს ყველაფერი მისი წვეტის ცილაში არსებული მუტაციის შედეგია, რომლითაც ვირიონი უჯრედს ატყუებს და მასში შეღწევას, იმუნიტეტის არსებობის მიუხედავად, მაინც ახერხებს.

ასევე იხილეთ: როგორ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე

"ეს ვარიანტი ფურინის დაყოფის ადგილის არა ერთ, არამედ ორ მუტაციას შეიცავს. ფურინი ჩვენს უჯრედებში არსებული ცილა-კატალიზატორია, რომელიც SARS-CoV-2-ის მიერ ტყუვდება, რაც ვირუსის წვეტის ცილაში არსებული ამინომჟავების უჯრედში შეჭრას ხდის შესაძლებელს. სწორედ ფურინის დაყოფის ადგილია COVID-19-ის ერთ-ერთი ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის წყალობითაც იგი საოცრად გადამდებია. კორონავირუსის ახალ ვარიანტში ამ ადგილას ორი მუტაცია გვხვდება: P681H და N679K", — ამბობდა ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი, ჯერ კიდევ ომიკრონის გამოჩენისას.

ომიკრონის გამოჩენისთანავე, არაერთი მეცნიერი შიშობდა, რომ წვეტის ცილაში არსებული მუტაციიდან გამომდინარე, შტამი როგორც ბუნებრივ, ასევე ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს, ჩვენს თავდაცვის სისტემას დაუსხლტებოდა ხელიდან. ეს ასეც მოხდა. თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერ დოზას აღმოაჩნდა. CDC-ის მონაცემებით, დამატებითი, მესამე დოზა ომიკრონით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისგან 90%-ით იცავს ადამიანებს.

ასევე იხილეთ: განგაშის ზარი და კორონავირუსის ფრანკენშტაინი — ომიკრონის ელვისებური აღზევება

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობენ ომიკრონზე ორიენტირებულ ვაქცინაზე, რომლის კლინიკური ცდებიც უკვე დაიწყო, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში ვირუსი უკვე საგრძნობლად დაწინაურდა. მისი მიზანი ჩვენი სიკვდილის გამოწვევა არაა, მისი მიზანია გამრავლდეს და ეს, მიუხედავად ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობისა, ადამიანთა ნაწილის სიკვდილად მაინც გვიჯდება.

დღე, როცა ვირუსი დავამარცხეთ

1980 წლის 8 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ გვამცნო, რომ კაცობრიობამ ყვავილის ვირუსი დაამარცხა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვირუსის გავრცელების შეჩერება შევძელით, ანუ ვირუსს ომი მოვუგეთ. ეს ვაქცინაციის შედეგი იყო.

გასულ საუკუნეში ყვავილის ვირუსის ორგვარი ფორმა იყო დაფიქსირებული, პირველი, შედარებით მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1% იყო, ხოლო უფრო რთული 30%-იანი ლეტალობით ხასიათდებოდა. ანუ თუ ყვავილის მეორე ფორმით დაავადდებოდით, 30% იყო თქვენი სიკვდილის შანსი, ხოლო თუ დაავადებას გადაიტანდით, 65-80% შემთხვევაში, ცხოვრების გაგრძელება სახეზე ღრმა ნაწიბურებით მოგიწევდათ. ყვავილზე გლობალური იმუნიზაცია 1967 წელს დაიწყო, 1977 წელს კი ვირუსი უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობდა.

ასევე იხილეთ: არაყოვლისშემძლე, მაგრამ კეთილი მედიცინა

აღსანიშნავია, რომ ყვავილის ვირუსმა, მხოლოდ მეოცე საუკუნეში, 300-დან 500 მილიონ ადამიანამდე იმსხვერპლა. დღეს კი, ვაქცინაციის დახმარებით, ის აღარ გვემუქრება.

ვირუსს ომი ერთხელ უკვე მოვუგეთ და ეს ვაქცინაციის დახმარებით მოხდა. დღე, როცა კორონავირუსს დავამარცხებთ დადგება. თუმცა, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მისი დამარცხების გზა ამ ომში ადამიანების მხარეს დგომაზე გადის. ანუ ამ ომში იმ საბრძოლო იარაღების გამოყენებაზე, რომელიც მეცნიერებას აქამდე შეუქმნია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ