განგაშის ზარი და კორონავირუსის ფრანკენშტაინი — ომიკრონის ელვისებური აღზევება

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

განგაშის ზარი

23 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის გენომური მონიტორინგის ქსელის უფროსმა მკვლევარმა, პროფესორმა ტულიო დე ოლივერამ ეპიდემიოლოგ სალიმ აბდულ ქარიმს დაურეკა და სთხოვა, რომ მის ლაბორატორიაში მისულიყო. ამ სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, გენომური მონიტორინგის ქსელმა, რომელიც 7 ლაბორატორიას აერთიანებს, გადაწყვიტა გაერკვია, თუ რატომ იმატებდა ინფიცირების მაჩვენებელი გაუტენგის პროვინციაში. საქმე იმაშია, რომ სამხრეთ აფრიკის ამ ყველაზე პატარა ადმინისტრაციულ მხარეს დელტა-ვარიანტის ტალღამ ყველაზე მძიმედ დაარტყა — მაშინ მოსახლეობის 60-დან 80%-მდე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის ფონზე ახალი შემთხვევების სწრაფი მატება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა. მონიტორინგის ქსელში ჩართულმა ერთ-ერთმა კერძო ლაბორატორიამ აღებულ PCR ტესტში უჩვეულო რამ შენიშნა — ექვს ნიმუშში სამიზნე 3 გენიდან ერთ-ერთი, S-გენი არ დაფიქსირდა. მარტივად რომ ვთქვათ: ანალიზმა კორონავირუსის კონკრეტული რეგიონი ვერ ამოიცნო. ამ უცნაურობაში უკეთ გასარკვევად კერძო ლაბორატორიამ აღებული ნიმუშებს გენური სექვენირება გაუკეთა და მონაცემები დე ოლივეირას ლაბორატორიას გადმოუგზავნა. სწორედ ამ შედეგების საჩვენებლად დაურეკა უფროსმა მკვლევარმა პროფესორ სალიმ აბდულ ქარიმს, რომელიც სამხრეთ აფრიკის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ქარიმი კოლეგას სწრაფადვე ესტუმრა, რადგანაც მისი სამუშაო კაბინეტი პირდაპირ დე ოლივეირას ლაბორატორიის თავზე მდებარეობს. "ვაჰ, რამდენი მუტაციაა!", — ინსტინქტურად აღმოხდა ეპიდემიოლოგს. 36 საათის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდა — ცირკულაციაში ახალი, შემაშფოთებელი ვარიანტი გამოჩნდა.

რატომ დაერქვა ახალ შტამს ომიკრონი?

SARS-CoV-2-ის ახალი შტამის აკადემიური სახელი B.1.1.529-ია, თუმცა მას ვიწრო სამეცნიერო წრეების გარეთ იშვიათად იყენებენ. თუ გახსოვთ, თავდაპირველად შტამებს სახელებს აღმოჩენის ადგილის მიხედვით არქმევდნენ: ბრიტანული შტამი, სამხრეთ აფრიკული შტამი, ბრაზილიური შტამი, ინდური შტამი. თუმცა, დასახელების ამგვარმა სისტემამ მალევე დისკუსიას დაუდო საფუძველი: რამდენად ეთიკურია შტამებისთვის კონკრეტული ქვეყნების იარლიყის მიკერება? ამის მიზეზი ადამიანთა გარკვეული ჯგუფებში შოვინისტური სენტიმენტების ზრდა გახდა, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ვარიანტების სახელების შეცვლა ბერძნული ანბანით დაიწყო. ასე გახდა ბრიტანული შტამი ალფა, პირველი სამხრეთ აფრიკული შტამია — ბეტა, ბრაზილიური — გამა, ხოლო ინდური — დელტა. კორონავირუსის ამ ვარიანტებს WHO როგორც შემაშფოთებელ ვარიანტებს (VoC - Variant of Concern) ისე აკლასიფიცირებს. ბერძნული ანბანის სხვა ასოების ქვეშ განსაკუთრებული ინტერესის შტამები არიან გაერთიანებული (მაგ: პერუში აღმოჩენილი ლამბდა ვარიანტი და კოლუმბიაში გამოვლენილი მიუ შტამი). ამ ლოგიკით ომიკრონამდე ორი ვაკანტური ადგილი იყო დარჩენილი: Nu (ნიუ) და Xi (სი). თუმცა, ნიუ მისი ფონეტიკური სპეციფიკიდან გამომდინარე დამაბნეველი იქნებოდა, რადგანაც იგი ძალიან ჰგავს სიტყვა "ახალს" (New) ინგლისურ ენაზე. ხოლო სი გავრცელებული გვარია, რის გამოც მისი გამოყენება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. ჟღერდება სპეკულაციები იმაზეც, რომ ამგვარად WHO ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნისა და სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინინის (Xi Jinping) გაღიზიანებას მოერიდა.

ომიკრონის წარმოშობის ადგილი

პროფესორი ტულიო დე ოლივეირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი ვირუსის ევოლუციის გუნდის წევრია. ეს თანამდებობა მას ავალდებულებს, რომ კორონავირუსის გენომში არსებული ცვლილებების შესახებ WHO-ს არამხოლოდ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია, არამედ ზუსტად გამოარკვიოს, კონკრეტულად რასთან აქვს საქმე. მან გუატენგის პროვინციის მასშტაბით ასობით ნაცხი გამოიკვლია და მიღებულმა შედეგებმა დაარწმუნა, რომ ახალი შტამი ცირკულაციაში უკვე აქტიურად იყო ჩართული. გენომური სექვენირების საერთაშორისო ბაზაში ძიებამ გამოკვეთა, რომ სამხრეთ აფრიკაზე ადრე იგი ბოტსვანაში შეამჩიეს, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ბურუსით მოცულს ტოვებს ახალი ვარიანტის დაბადების ადგილს, რადგანაც მეცნიერებმა არ იციან იმ ადამიანის ვინაობა, ვინც პირველად (ე.წ. "Patient Zero") კორონავირუსის ომიკრონ-შტამით დაინფიცირდა. ამის გარდა, პირველად გამოჩენის ადგილი გადაწყვეტით არც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ორგანულად იმ კონკრეტულ რეგიონს ეკუთვნის — შეიძლება, ომიკრონმა სულაც სხვა ქვეყანაში დაიწყო ცირკულირება და პირველად იგი გენომურმა მონიტორინგმა ბოტსვანაში დაიჭირა . "ეს შეიძლება სუბსაჰარული აფრიკის ზოგიერთ რეგიონში არსებული ეპიდ.აფეთქების შედეგი იყოს, სადაც გენომური მონიტორინგი ზედაპირული, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია", — განმარტავს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარი, მაიკლ ჰედი. ასევე გაურკვეველია ომიკრონის რეალური "ასაკიც". ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, შესაძლოა, იგი ჯერ კიდევ ოქტომბრიდან არის ცირკულაციაში.

ომიკრონის ევოლუცია

გაურკვეველია ომიკრონის დაბადების ზუსტი მექანიზმიც. მკვლევრებს 3 ძირითადი თეორია აქვთ:

  • კორონავირუსი ადამიანთა იზოლირებულ ჯგუფში ცირკულირებდა

შესაძლოა, რომ კორონავირუსი გარკვეული პერიოდი ადამიანთა იზოლირებულ ჯგუფში ცირკულირებდა, რა დროსაც მან დრამატული მუტაცია განიცადა. ამის შემდეგ კი იგი უფრო ფართო მასებში გავრცელდა. ამ მოსაზრებას იზიარებს რიო-დე-ჟანეიროს ოსვალდო კრუზის ინსტიტუტის ვირუსოლოგი, გონსალო ბელლო. იგი ერთ-ერთი იყო იმ მეცნიერთაგან, რომელმაც ბრაზილიაში აღმოცენებულ გამა-ვარიანტს მიაკვლია. თუმცა, თეორია თეორიად რჩება, რადგანაც მეცნიერებს ფაქტობრივი მტკიცებულება ხელთ არ აქვთ.

  • კორონავირუსმა ახალი შტამის ინკუბატორად იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანის ორგანიზმი გამოიყენა

ორგანიზმში მოხვედრიდან მალევე იმუნური სისტემა კორონავირუსს შეამჩნევს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. იმუნოდეფიციტის მქონე ინდივიდებში ეს პროცესი დროში ძალიან გაწელილია — ორგანიზმი ვირუსის მოშორებას ვერ ახერხებს, რაც კორონავირუსს მუტაციებისთვის დიდ დროს აძლევს. შესაძლოა, ომიკრონის შემთხვევაშიც ასე მოხდა — იგი ერთი ადამიანის ორგანიზმში წარმოიშვა და შემდეგ მისგან გავრცელდა. ამ თეორიის დასადასტურებლად ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ვირუსული ევოლუციის მსგავსი შემთხვევა აღწერილი უკვე იყო (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია).

  • კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველს გადაედო, სადაც მოდიფიცირდა და ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდა

კორონავირუსის ახალი შტამის ევოლუციის ეს გზაც სრულიად შესაძლებელია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2009 წლის გრიპის პანდემია იყო, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში "ღორის გრიპის" სახელით შემორჩა. ვირუსის ცირკულაციაში გამოჩენიდან სულ რაღაც ერთ თვეში ადამიანიდან ღორის ინფიცირების შემთხვევები იქნა აღწერილი. შინაური პირუტყვის ორგანიზმი გრიპის ვირუსმა ინკუბატორად გამოიყენა, სადაც უფრო მძლავრ, დახვეწილ ვარიანტად ჩამოყალიბდა და უკან დაგვიბრუნდა. იგივე განმეორდა კორონავირუსის შემთხვევაში შარშან ნიდერლანდებში, როდესაც წავების ფერმებში კორონავირუსის ადამიანიდან-წავზე და წავიდან-ადამიანზე გადადება დაფიქსირდა. პოტენციურად საშიში ახალი ვარიანტის გაჩენისგან თავის დასაცავად დანიის ხელისუფლებამ რადიკალურ ზომებს მიმართა. ევროკავშირში წავის ბეწვის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა 15 მილიონზე მეტი ცხოველი (პრაქტიკულად წავების მთელი პოპულაცია) მოკლა, რითიც ბიზნესი პრაქტიკულად პირწმინდად გაანადგურა. დანიის პრემიერ მინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მეტე ფრედერიქსენი ამ მოვლენებიდან 1 წლის თავზე, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო კომიტეტის წინაშე წარსდგა. მან აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ კანონი ასეთი რადიკალური ზომების მიღების უფლებას არ აძლევდა.

კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტის ევოლუციის შესახებ პირველი მოსაზრება უკვე პრე-პრინტის სახით გამოქვეყნდა (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია). პუბლიკაციის ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, შუალედური რგოლის როლი თაგვებმა ითამაშეს. მათ ამის თქმის საფუძველს ის ფაქტი აძლევთ, რომ წვეტიან ცილაში (ე.წ. "სპაიკში") დაფიქსირებული მუტაციები მღრღნელებში ადაპტირებულ კორონავირუსის ანალოგიურია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს.

კორონავირუსის ფრანკენშტაინი

მუტაციები ვირუსის გამრავლებისა და გავრცელების პროცესში სპონტანურად წარმოიქმნება. როგორც წესი, ახალი, ევოლუციურად უფრო ძლიერი შტამის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ომიკრონმა ეს რეკორდულად მოკლე დროში წარმატებით მოახერხა. მის გენომურ სტრუქტურაში 50-ზე მეტი მუტაციაა, რომელთაგან 36 წვეტიან ცილაზეა ლოკალიზებული. ეს უკანასკნელი ერთმანეთზე ჯაჭვივით გადახლართული სამი იდენტური ცილისგან იქმნება, რომელიც ერთგვარად ბროკოლს მოგაგონებთ. "სპაიკის" საშუალებით კორონავირუსი ორგანიზმის მასპინძელ უჯრედს როგორც გასაღები კლიტეს ისე ერგება და ამგვარად მასში შეღწევას ახერხებს. ამ უბანში არსებული მუტაციები ომიკრონს საშუალებას აძლევს, რომ უჯრედს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს. სწორედ ამის გამო მას პოპულაციაში გავრცელება უფრო სწრაფად შეუძლია. ამ ფაქტს მისი ელვისებური აღზევება და ფართო გავრცელების არეალიც ადასტურებს — WHO-მ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტმა უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში შეაღწია.

წვეტიან ცილაში არსებულმა მუტაციებმა მას ფორმა შეუცვალა, რაც იმუნური უჯრედისთვის დამაბნეველია — ისინი კორონავირუსს სწორედაც რომ სპაიკ-ცილით ამოიცნობენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ნაცნობმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ტუჩის კორექცია გაიკეთა. როცა მას ქუჩაში თვალს მოჰკრავთ, შეიძლება სიჩქარეში ვერც კი იცნოთ და გვერდზე ჩაუაროთ. თუმცა, თუ მას კარგად და დიდხანს დააკვირდებით, ძველ ნაცნობს მაინც შეიცნობთ. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ჩვენი იმუნური უჯრედები კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენისას — მათი პირველადი რეაქცია შეიძლება შენელებული იყოს, მაგრამ არა სრულიად განულებული.

კორონავირუსის ომიკრონ-ვარიანტის წვეტიან ცილაში მრავალრიცხოვანი მუტაციები გვხდება. ერთ-ერთი მათგანი (წითელი) ვირუსს უჯრედში შეღწევაში ეხმარება

ფოტო: scitechdaily.com

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტისხეულები სამიზნე ვირუსებს უფრო ნაკლებეფექტიანობით დაუკავშირდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტი ომიკრონს რთულად შეაკავებს და უჯრედების ინფიცირებისგან დაცვაში მოიკოჭლებს. სწორედ ამიტომაც არის მოლოდინი, რომ ახალი შტამის გამოჩენის პარალელურად კორონავირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება.

SARS-CoV-2-ს უნარი აქვს, მასპინძელ უჯრედში საკმაოდ ღრმად შეიჭრას. ამის გამოა, რომ მას სასიკვდილო Covid-19-ის გამოწვევა შეუძლია. ახალი მუტაციები ომიკრონს საშუალებას აძლევს, უჯრედში მის წინამორბედ შტამებზე უფრო მოხერხებულად შეაღწიოს, მაგრამ როგორც მწირი კლინიკური სურათის ანალიზით ვხედავთ, იგი მწვავე დაავადებას არ იწვევს. ეს ერთი მხრივ კარგის ნიშანია — ახალი ვარიანტი უფრო ნაკლებად ლეტალური იქნება. მეორე მხრივ, ეს ომიკრონს ევოლუციურ უპირატესობას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფრო ფართოდ და მასიურად გავრცელება შეუძლია. მსუბუქად მიმდინარე ინფექციამ შეიძლება ადამიანების ყურადღება მოადუნოს, რითაც ვირუსის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

ახლა კი ყველაზე საინტერესო: ომიკრონი VoC შტამებისგან შეკოწიწებულ ფრანკენშტაინის მონსტრს ჰგავს, რომელშიც წინა ვარიანტებში გამოვლენილი მუტაციები მრავლად გვხდება. ამაზე დაყრდნობით მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, რომ რაღაც პროგნოზები მაინც გააკეთონ, თუ რა კლინიკურ თუ ეპიდემიოლოგიურ სურათს უნდა ველოდეთ სამომავლოდ. უფრო საყურადღებო ის ფაქტია, რომ ზოგიერთი მუტაცია ორგანულად ახალია და რას გამოიწვევენ ისინი, უცნობია.

იმუნური სისტემა და ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ

"განგაშის ყველა სიგნალი ერთდროულად ჩაირთო", — ამგვარად აღწერს ომიკრონის გენური სექვენირების შედეგების პირველად ნახვას სტივენ ჰოჯი, Moderna-ს პრეზიდენტი. მისი თქმით ვაქცინის ეფექტიანობის შემამცირებელი ის მუტაციები, რომლებიც დელტა და ბეტა ვარიანტებში ფიქსირდებოდა და ახლა ომიკრონშია თავმოყრილი. ეს ძალიან საყურადღებო პრობლემაა, რადგანაც ყველა ვაქცინა კორონავირუსის იმ თავდაპირველი ვარიანტის წინააღმდეგ შეიქმნა, რომელიც ცირკულაციაში პრაქტიკულად უკვე აღარ გვხვდება. სწორედ ამის გამოა, რომ აცრების ეფექტიანობა ყოველი ახალი ვარიანტის გამოჩენასთან ერთად მცირდება.

მეცნიერები ვაქცინების ეფექტიანობას ორგანიზმში გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონის განსაზღვრით ადგენენ. Pfizer ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ მისი პროდუქციის ეფექტიანობა შეამოწმა. პირველადი შედეგები შიშისმომგვრელი გამოდგა: იმ ადამიანებში, რომლებმაც პრეპარატის 2 ინიექცია გაიკეთეს, ომიკრონის საწინააღმდეგო გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა, ვირუსის პირველ ვარიანტთან შედარებით, 25-ჯერ იყო შემცირებული. თუმცა, დამატებითი დოზის (ბუსტერის) გაკეთების შემდეგ ეს მაჩვენებელი პირვანდელ დონეს დაუბრუნდა იგივე დასკვნამდე მივიდნენ ისრაელელი მკვლევრებიც, რომლებმაც ომიკრონის წინააღმდეგ ბუსტერის ეფექტიანობა ახლახან შეამოწმეს.

უფრო რთულად არის საქმე სხვა ვაქცინების შემთხვევაში. პირველადი ანალიზით სრული იმუნიზაციის პირობებში დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ იძლევიან ჩინური ვაქცინები (სინოფარმი და სინოვაკი), თუმცა, ეს შედეგები მცირერიცხოვან კვლევას ეფუძნება (ამ საკითხზე გამოქვეყნებულ აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია). ასევე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგის მომტანია ჩინური ვაქცინების ბუსტერად გამოყენება. როგორც ირკვევა, მნიშვნელოვნად მცირდება Astrazeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობაც. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი შტამის პირობებში არამხოლოდ სრული, არამედ ბუსტერული იმუნიზაციაც.

ვაქცინაციის, ან კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმის იმუნურ პასუხში B ლიმფოციტებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ — ისინი იმუნურ "მეხსიერებაზე" არიან პასუხისმგებელნი. მათი დახმარებით ვირუსით რეინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი პოტენციურ საფრთხეს სწრაფადვე ამოიცნობს და კორონავირუსს აქტიურად უტევს. როგორც ირკვევა, B ლიმფოციტებისთვის ამ მისიის შესრულება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

კორონავირუსთან ბრძოლაში B ლიმფოციტი თავისი დანიშნულების შესრულებაში სხვა B ლიმფოციტებს ეჯიბრება. იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზანს ვერ აღწევს, იმუნური სისტემა მას უბრალოდ თავიდან იშორებს. წმინდა ევოლუციური შეგონება რომ მოვიშველიოთ: გადარჩება მხოლოდ უძლიერესი. ამგვარი დაძაბული კონკურენციის პირობებში ორგანიზმი კორონავირუსის წინააღმდეგ საუკეთესო დაცვას გამოიმუშავებს. ამ დრამატულ პროცესზე დაკვირვება სულ ახლახან გახდა შესაძლებელი (აკადემიურ სტატიას რეცენზირება ჯერ არ გაუვლია). პრე-პრინტის ავტორები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერები არიან, რომლებიც ფაიზერით აცრილ მოხალისეებში B ლიმფოციტებს 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ შენიშნეს, რომ დროის გასვლასთან ერთად იმუნური სისტემის ეს უჯრედები თავიანთი საქმის შესრულებაში სულ უფრო მეტად იხვეწებოდნენ. ამის ფონზე სრულიად გასაგები ხდება, თუ რატომ აქვს ბუსტერ-დოზას გადამწყვეტი მნიშვნელობა — იგი იმუნურ სისტემას უბიძგებს, რომ მისი საუკეთესო B ლიმფოციტები ხელახლა შეაჯიბროს ერთმანეთს და ამგვარად მათი კიდევ უფრო ძლიერი შთამომავლობა წარმოქმნას. სრულად იმუნიზირებული ადამიანის ორგანიზმში არსებული ეს დაუნდობელი მცველები წვეტიანი ცილის სხვადასხვა უბნებს ცნობენ და არა სრულად მთლიან სპაიკს. მიუხედავად ახალი მუტაციებისა, გარკვეული უბნები კვლავ უცვლელი სახით არის წარმოდგენილი, ხოლო ბუსტერი B ლიმფოციტებს მათ ზუსტ ამოცნობაში ახელოვნებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ მუტირებულ დელტა ვარიანტს დამატებითი აცრა წარმატებით გაუმკლავდა. იგივე მოლოდინია ომიკრონის შემთხვევაშიც.

ომიკრონი და საქართველო

გუშინ საქართველოში ომიკრონის პირველი 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ომიკრონი მქონე ორივე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთს აშშ-ში, მეორეს კი — არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეს მოულოდნელი სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა — ჯერ კიდევ 30 ნოემბერს NCDC-ს დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დაახლოებით, ერთი თვე მაინც აქვთ, რათა ახალი ვარიანტი უკეთ შეისწავლონ. სამწუხაროდ, მისი ეს პროგნოზი ნაადრევად გამართლდა.

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის მიერ წარმოქმნილი ახალი ტალღა საქართველოსთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი უნდა გახდეს. ლოკალური ეპიდ. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად პროფესორმა სალიმ აბდულ ქარიმმა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი დაასახელა. ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკელთა მხოლოდ 35%-ია სრულად იმუნიზირებული, ხოლო 41%-ს ვაქცინის მხოლოდ 1 დოზა აქვს გაკეთებული. შედარებისთვის: სრულად ვაქცინირებულია საქართველოს მოსახლეობის 37,9%, ხოლო 43,8%-ს ვაქცინის 1 ინიექცია აქვს გაკეთებული. ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გაწერილ 60%-იან მოცვამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ასეთი დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი არამხოლოდ ომიკრონს უწყობს ხელს, არამედ ახალი შტამების გასაჩენად იდეალურ სასათბურე პირობებსაც ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით ახალი ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში კლინიკური მიმდინარეობა დელტასთან შედარებით მსუბუქია, სამედიცინო სექტორის გადატვირთვის რისკი მაინც რეალურია. ამის ფონზე, სრულიად მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგში დამატებითი შეზღუდვებისა და ლოკდაუნის გამოცხადების საკითხიც დადგეს. ერთი რამ ცხადია: საქართველოს წინ პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი ელის, რომელსაც პრაქტიკულად მოუმზადებელი ხვდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამდენ ხანს ცოცხლობენ ქათმები, რომ არ ვხოცავდეთ?
  2. ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
  3. აღმოაჩინეს პირველი არასტანდარტული ზეგამტარი, რომელიც ბუნებაშიც გვხვდება
  4. მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
  5. კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით

გირჩევთ