ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა იდუმალებით მოცული "X ნაწილაკები" დააფიქსირეს
ეს ნაწილაკები სამყაროს დასაწყისში წარმოიქმნენ და ადრეულ კოსმოსზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ.
ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) მომუშავე მეცნიერებმა დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) იდუმალებით მოცული 100-მდე "X ნაწილაკი" დააფიქსირეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. მათ ეს სახელი ამოუცნობი სტრუქტურის გამო უწოდეს.
ნაწილაკები, რომლებიც დიდი აფეთქების პირველივე წამის მემილიონედში წარმოიქმნენ, LHC-ში ფორმირებულ კვარკ-გლუონურ პლაზმაში შენიშნეს. მათი გაჩენა სწორედ კვარკებისა და გლუონების შეჯახებას უკავშირდება, თუმცა ამის კონკრეტული მექანიზმი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ადრეულ კოსმოსში არსებული პირობების შესაქმნელად მკვლევრებმა ტყვიის დადებითად დამუხტული ატომები კოლაიდერში ერთმანეთისკენ მიმართეს, რის შედეგადაც ათასობით ელემენტარული ნაწილაკი მიიღეს — ახალგაზრდა სამყაროს შემადგენელი ქაოსური მატერია.
პლაზმაში "X ნაწილაკების" მოძებნაში სპეციალისტებს ამ უკანასკნელთა დაშლის უჩვეულო პროცესი დაეხმარა, რომლის დროსაც მათი ნარჩენები განსხვავებული ტრაექტორიით მოძრაობს. გადაადგილების მსგავსი მოდელის გათვალისწინებით, ისინი ალგორითმმა გამოავლინა.
გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა მიზანი ახლა აღნიშნული ნაწილაკების სტრუქტურის შესწავლაა. ცნობილია, რომ ისინი 4 კვარკს შეიცავენ, რომელთაგანაც თითოეული შესაძლოა, ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს განლაგებული, რაც ტეტრაკვარკებს ქმნის. მეორე ვარაუდის მიხედვით კი კვარკების 2 წყვილთან, მეზონებთან გვაქვს საქმე.
მომდევნო წლებში მეცნიერები აპირებენ, რომ დაადგინონ, რომელი ვარიანტი შეესაბამება რეალობას.
კომენტარები