საქსტატმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები 1,2%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — კერძო სახლებზე 1,6%-ით, ხოლო ბინებზე 1%-ით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდექსის ზრდასა და კლებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის კურსის ცვლილებაც ახდენს გავლენას, რადგან RPPI ეროვნულ ვალუტაშია დათვლილი. როდესაც ლარი უფასურდება, ეს ინდექსის ზრდას იწვევს, ხოლო როდესაც მყარდება — პირიქით. 2021 წლის მეოთხე კვარტალში წლიურ ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 4,5%-ით არის გამყარებული.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში როგორც ახლად აშენებული ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირად მთაწმინდის უბანში არსებული უძრავი ქონება ფასობდა.

ასეთი იყო 2021 წლის მეოთხე კვარტალში ბინებისა და კერძო სახლების 1 კვ.მ-ის საშუალო (მედიანური) ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით:

ფოტო: საქსტატი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი მწვანე კარკასის მდგომარეობით საშუალოდ 2 950 ლარი, თეთრი კარკასით — 2 600, ხოლო შავი კარკასით — 2 210 ლარი ღირდა.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.