ოპოზიციური პარტიის, მუსავეთის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ტოფიგ იაგუბლუმ დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც პირველ დეკემბერს პოლიციამ დაკავებული ოპოზიციონერის, სალეჰ რუსტამოვის მხარდასაჭერ აქციაზე დააპატიმრა — რუსტამლის იმ დროისთვის შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული.

იაგუბლუს ფოტოები, დალურჯებული სახითა და დასიებული თვალებით, აქციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა. იმავე დღეს, იაგუბლუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა ბაქოდან 70 კილომეტრში, ალათის დასახლებაში წაიყვანეს, სცემეს და შემდეგ გამოუშვეს.

"ვერაფერს ვხედავ. წამწამები თითებით უნდა ავწიო, რომ დავინახო", — დაწერა იაგუბლუმ საკუთარი შვილის Facebook-გვერდზე.

ფოტო: ნიგარ იაგუბლუ / Facebook

2 დეკემბერს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან ბაქოში, სბაილის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას ის Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, საჩივრის არდაკმაყოფილებით დადასტურდა, რომ მისი ცემა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაუკვეთა. აქტივისტმა აღნიშნა, რომ პოლიციას "შეეძლო ტოფიგ იაგუბლუს მოეკლა კიდეც, რადგან ისინი არ დაისჯებოდნენ".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.