სომხეთის პრემიერმინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო. საქმე ხელისუფლებაში მოსვლამდე ათი წლით ადრე მის დაპატიმრებას ეხებოდა.
ფაშინიანმა სომხეთს 2010 წელს, 2008 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს სასიკვდილო დარბევის შემდეგ, მისი დაკავებისა და განაჩენის გამო უჩივლა.
მთავრობის წევრებს, როგორც საქმეში მოპასუხე მხარეს, პრემიერმინისტრის მიერ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ სასამართლომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
18 იანვრის გადაწყვეტილებაში, ECHR-მა დაადგინა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების შესახებ ფაშინიანის უფლებები დაარღვია. ფაშინიანს მატერალური კომპენსაცია არ მოუთხოვია.
საქმეში სახელმწიფოს იეგიშე კირაკოსიანი წარმოადგენდა — ის ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენლად ფაშინიანის მთავრობამ 2018 წელს დანიშნა, მას შემდეგ, რაც მცირე ხნით პრემიერმინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.
ეს გადაწყვეტილება უახლესია 2008 წლის დარბევაზე ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უამრავ დარღვევას ეხება.
ოპოზიციის სასიკვდილო დარბევა
ფაშინიანი 2009 წლის ივლისში "კონსტიტუციური წესრიგის დამხობის" მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2011 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ის გასამართლებული იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში გაწეული როლისთვის.
იმ პერიოდში ფაშინიანი ოპოზიციური აქტივისტი და Haykakan Zhamanak-ის მთავარი რედაქტორი იყო.
საპროტესტო აქციები თებერვლის ბოლოსკენ, სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ დაორგანიზდა — ის ქოჩარიანთან დამარცხდა არჩევნებში, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გაყალბებული იყო.
სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი პოლიციელი, როცა 2008 წლის პირველ მარტს, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები დაარბია.
2018 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფაშინიანი პირველი მარტის მოვლენების საკითხს კვლავ მიუბრუნდა. 2018 წლის ივლისში ქოჩარიანს იმავე მუხლით წაუყენეს ბრალი, რომლითაც 2009 წელს ფაშინიანი დააკავეს — კონსტიტუციური წესრიგის დამხობა.
2021 წლის მარტში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქოჩარიანის წინააღმდეგ ბრალდებები გააუქმა — ის ახლა ოპოზიციის ყველაზე დიდ პარტიას ხელმძღვანელობს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები