მძევლები - ამბავი ინფანტილურ, თავდაჯერებულ და ექსცენტრულ ახალგაზრდებზე
1983 წელი, რკინის ფარდა მყარად არის დაშვებული, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს კი უამრავი უფლება აქვთ შეზღუდული, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან წასვლის უფლებაც.
"თვითმფრინავის ბიჭებზე" მეც იმდენივე, ან კიდევ უფრო ნაკლები ვიცი, რამდენიც ჩემი ასაკის ნებისმიერმა ახალგაზრდამ, იმიტომ კი არა რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ როდესაც ამ თემაზე საუბრობენ მხოლოდ ორი უკიდურესობა არსებობს - ერთი მხარე მათ ტერორისტებად გვიხატავს, მეორისთვის კი ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები არიან.
ამბავი ინფანტილურ, თავდაჯერებულ და ექსცენტრულ ახალგაზრდებზეა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცნებობენ გაქცევას. ისინიც, ისევე როგორც მათი მშობლები, ფარულად უსმენენ დასავლურ რადიოსა და მუსიკას, უყურებენ ამერიკულ ფილმებს, რომლებიც მათთვის აკრძალული ხილია და თავისუფალ, მიმზიდველ გარემოში ცხოვრებაზე ოცნებობენ.
რეზო გიგინეიშვილის ფილმი ნამდვილ ამბავს გვიყვება, სადაც ისტორიის გმირებს სწორედ ამ ვითარებაში უჩნდებათ გაქცევის სურვილი.
ახალგაზრდები წასვლის გზად თვითმფრინავის გატაცებას ირჩევენ და ფიქრობენ, რომ საუკეთესო შესაძლებლობა თბილისი - ბათუმის რეისის შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავის გატაცებაა, რომლითაც თურქეთში მოახერხებენ გადასვლას, თუმცა გეგმა თბილისიდან აფრენის შემდეგ იშლება, როცა გამტაცებლები გეგმის განხორციელებას ვერ მოახერხებენ.
ფილმში შეეცადნენ ძალიან ბევრი ამბავი ერთდროულად მოეყოლათ, ყველაფერს შეეხნენ და ეს შეხება უფრო ზედაპირული და ილუსტრაციული გამოვიდა. შესაბამისად, მძევლები უფრო ამბის ილუსტრაცია იყო და არა თავად ამბავი, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პერსონაჟები ხშირად "კადრს მიღმა" დარჩნენ და თხრობაც უფრო ეფექტებზე ორიენტირებული გახდა.
მძევლები უსათუოდ კარგად შექმნილი თრილერია, თუმცა, როგორც ერთ-ერთი კინოკრიტიკოსი წერდა, ყურების დროს არ გტოვებს განცდა, რომ ეს ფილმი ხელიდან გაშვებული შანსია და მიუხედავად იმისა, რომ გვიყვება ისტორიას დიდ ტრაგედიაზე, მაინც ვერ ხვდები ეს ვისი ტრაგედიაა იყო - საბჭოთა კავშირში მცხოვრები ახალგაზრდების, მშობლების, შვილების, თვითმფრინავში ტყვედ ჩავარდნილი ხალხის, ტრაგედიის მსხვერპლების, მათი ახლობლების თუ ყველასი ერთად?
103 წუთი, სწორედ ამ დროის განმავლობაში გრძელდება ფილმი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ფილმი დაიწყოს, განვითარდეს და კულმინაციაც ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს ყველა ფილმი ასე არ "მუშაობს?"
"თვითმფრინავის ბიჭებმა" იციან რაც სურთ, იციან ისიც, თუ რა უნდა გააკეთონ, მაგრამ არ იციან ეს პრაქტიკაში როგორ განახორციელონ, როგორ მივიდნენ იქამდე, რაც სურთ. ვერ ხვდებიან როგორ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი, კი, მოვიდნენ აქამდე, მაგრამ ვეღარ ხვდებიან რა უნდა გააკეთონ, ან უბრალოდ არ შეუძლიათ, დიახ არ შეუძლიათ. თავადაც მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დროს აანალიზებენ ამ ტრაგედიის დრამატიზმს, როდესაც თითქოსდა ჩვეულებრივ, რუტინულ ყოფაში, ყველასათვის მოულოდნელად რაღაც ფატალური ხდება.
ასეთი შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი ქართულ ფილმში დიდი ხანია არ მინახავს. აშკარად ეტყობა რომ რეჟისორმა მათთან კარგად იმუშავა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა და დამწყები მსახიობები: ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი და გიორგი ხურცილავა.
საინტერესო სახეს ქმნის დარეჯან ხარშილაძე, რომელმაც ჩემი აზრით მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი შექმნა. აი ახლაც, წერის დროს მისი ყველა სცენა თვალწინ მიდგას, მისი სასოწარკვეთილი და განადგურებული სახე, რომელსაც თვალებში იმედის ნაპერწკალი კვლავ აქვს, იმედი რომ ოდესმე საკუთარი შვილის საფლავს აუცილებლად იპოვის.
მერაბ ნინიძესთვის მძევლებში თამაში, ალბათ, ორმაგად მძიმე იყო, რადგან სწორედ მას მოუწია ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის გეგა კობახიძე შეცვლა ფილმში მონანიება. ამ ფილმში მას არც თუ ისე ხშირად ვხედავთ, თუმცა ყოველი გამოჩენა დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით კი სასამართლოში, როდესაც მისმა ერთმა მიმიკამ, როგორც ამბობენ, ყელში ბურთი გამიჩხირა.
ეს არის ფილმი, სადაც არც ერთ მსახიობზე არ გაქვს იმის განცდა, რომ მის როლს სხვა უკეთესად შეასრულებდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ოპერატორის, მხატვრისა და ყველა იმ ადამიანის წვლილი, რომლებიც კამერის მიღმა მუშაობდნენ, რადგან თუ მძევლები შედგა, როგორც ფილმი, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა. კოსტიუმების მხატვარმა თინათინ კვინიკაძემ ნამდვილად უდიდესი საქმე გაუკეთა ფილმს, 1400 კოსტიუმის დახმარებით (რაც ქართული ფილმისთვის ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა) 80-იანი წლების ატმოსფეროს შექმნა მოახერხა.
ვინ არიან "თვითმფრინავის ბიჭები" - ტერორისტები თუ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები? ღირს კი ერთი ადამიანის სიკვდილი მაინც თავისუფლების სანაცვლოდ?
ამ ისტორიის არც ერთ მონაწილეს არ გაუაზრებია ის შედეგები, რაც შესაძლოა მათ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. არის კი ეს მათი მთავარი შეცდომა? ვისურვებდი ფილმში უფრო მეტად ყოფილიყო ნაჩვენები ის გარემო, რომელშიც ამ ახალგაზრდებს უწევდათ ცხოვრება, ის სალონური შეხვედრები და მსჯელობები, რომლებმაც ისინი ამ საბედისწეროდ ტრაგიკულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
თუმცა ფილმში ისტორიული ფაქტების გადამოწმებაზე მეტად, მნიშვნელოვანი თავად პერსონაჟები და ის გარემოა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ამ ყველაფრის უფრო წინ წამოწევითა და ჩაღრმავებით ფილმი უფრო გასაგები იმ მაყურებლისთვისაც გახდებოდა, რომელიც 1983 წელს მომხდარ ისტორიას არ იცნობს, სცენარიც უფრო შეკრული გამოვიდოდა.
თუმცა, როგორც სცენარის ავტორი ამბობს, ფილმის მთავარი ამოცანა არ არის გაარჩიოს ტყუილი სიმართლისაგან, არამედ ისტორიულ კონტექსტზე დაყრდნობით გვიჩვენოს მსგავსი რეალობის ტყეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდების გაუაზრებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ, სწრაფვა, რომელიც საშინელი შედეგით დასრულდა.
რა თქმა უნდა, მძევლები აუცილებლად უნდა ნახოთ, თუმცა ეცადეთ, კინოთეატრში წასვლის წინ თავად არ გახდეთ საკუთარი მოლოდინის მძევლები.
კომენტარები