ძველად მარსზე შესაძლოა, თხევად ოკეანეს ეარსება — კვლევა
ზონდებისა და სხვა კოსმოსური აპარატების მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ძველად მარსზე დიდი რაოდენობით წყალი არსებობდა. წესით ეს თბილსა და სველ კლიმატზე უნდა მიანიშნებდეს, თუმცა, როგორც ცნობილია, წითელ პლანეტაზე მუდამ დაბალი ტემპერატურა იყო, რაც სერიოზულ წინააღმდეგობას ბადებს.
არაა გამორიცხული, რომ ამ გაურკვევლობას წერტილი ახალმა კვლევამ დაუსვას, რომლის მიხედვითაც ერთი მახასიათებელი მეორეს არ გამორიცხავს. მეცნიერთა განცხადებით, 3 მილიარდი წლის წინ მარსი, სავარაუდოდ, ცივი და ამავდროულად სველი პლანეტა გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს მათ მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელი.
ამ სიმულაციით სპეციალისტებმა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე დაფიქსირებული ისეთი გეოლოგიური ნიმუშების წარმომავლობის ახსნა სცადეს, რომელთა ფორმირებაც სწორედ წყალს უკავშირდება. უკანასკნელი მიგნება ასევე ცხადყოფს, რომ შესაძლოა, ადრეულ პერიოდში მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უზარმაზარ თხევად ოკეანეს ეარსება.
აღსანიშნავია, რომ ასტრონომებს იქ ცუნამის კვალიც აქვთ აღმოჩენილი, მაგრამ თუ ოკეანე მყარ მდგომარეობაში იყო, მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა. მკვლევართა გამოთვლები ნათელს ჰფენს, რომ ეს რეზერვუარი მაშინაც არ გაიყინებოდა, წითელ პლანეტაზე ძირითადი ტემპერატურა 0°C-ზე ნაკლები რომ ყოფილიყო, რასაც, გარკვეულწილად, წყლის წრებრუნვა შეუწყობდა ხელს.
ამ სცენარის გათვალისწინებით, სანაპირო ხაზის მიმდებარედ წვიმის სახით ზომიერი ატმოსფერული ნალექიც მოვიდოდა, ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა კი 4.5°C-ს მიაღწევდა.
ამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ატმოსფერო, თუ ის ძველად უფრო მკვრივი იქნებოდა, შემცველობის 10 პროცენტს წყალბადი დაიკავებდა დანარჩენს კი ნახშირორჟანგი.
ავტორთა ნაშრომი მალე გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდება.
კომენტარები