მთავარი ასტრონომიული მოვლენები, რომელთაც 2022 წელს ველით
გასული წელი კოსმოსური მისიებით, აღმოჩენებითა თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით ნამდვილად დატვირთული იყო, თუმცა ამ მხრივ იმედებს არც 2022 გაგვიცრუებს.
მომდევნო თვეების განმავლობაში ღამის ცაზე დასაკვირვებლად არაერთი მიზეზი გვექნება, მათ შორის მთვარისა და მზის დაბნელებები, მეტეორიტების წვიმა, ჩვენს მეზობლად განლაგებული პლანეტების შეერთება/ჩამწკრივება და სხვა. ამ სტატიაში სწორედ იმ ასტრონომიულ მოვლენებზე გესაუბრებით, რომელთა ნახვაც არ უნდა გამოგრჩეთ.
ვენერას, მარსისა და სატურნის შეჯგუფება
24 მარტიდან 5 აპრილამდე დედამიწის ორივე ნახევარსფეროდან ერთმანეთთან ახლოს გამოჩნდება ვენერა, მარსი და და სატურნი. ცის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ეს პლანეტები შთამბეჭდავ, კაშკაშა სამკუთხედს შექმნიან, 27-28 მარტს კი მათ ნამგალა მთვარეც შეუერთდება.
ისინი, ვინც ამ სანახაობას ყოველ დილით მიადევნებენ თვალს, დროთა განმავლობაში ციური სხეულების ადგილმდებარეობის ცვლილებას მარტივად შენიშნავენ. ეს პირველ აპრილამდე გაგრძელდება, სანამ ზემოხსენებული სამეული ერთ ხაზზე არ განლაგდება. აქედან მალევე, გვერდიგვერდ აღმოჩნდება მარსი და სატურნი, რაც პიკს 4 აპრილს მიაღწევს, როცა მათ შორის დაცილება მხოლოდ ნახევარი გრადუსი იქნება.
მზის ნაწილობრივი დაბნელება
მზის ნაწილობრივი დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე ცაზე ვარსკვლავის დისკს ფარავს, თუმცა არა სრულად. ამ მოვლენას 30 აპრილს უნდა ველოდოთ. ის კარგად გამოჩნდება სამხრეთ ამერიკიდან, ანტარქტიკის რეგიონის ზოგიერთი ნაწილიდან, ასევე, წყნარი და სამხრეთის ოკეანეების მიმდებარე ტერიტორიიდან.
მსოფლიო კოორდინირებული დროით 20:41 საათზე ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწასა და მზეს შორის მაქსიმალურად იქნება მოქცეული და ამ უკანასკნელის 64 პროცენტს დააბნელებს.
ვენერასა და იუპიტერის შეერთება
აპრილის ბოლოსკენ იუპიტერი ნელ-ნელა ცაზე მაღლა აიწევს და 30 რიცხვში ვენერას მაქსიმალურად მიუახლოვდება. ისინი იმდენად "შეერთდებიან", რომ ორმაგი პლანეტის სახეს მიიღებენ. აირის გიგანტი "ცისკრის ვარსკვლავს" მარცხენა მხარეს 0.5-გრადუსიანი დისტანციით დაუმშვენებს.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბინოკლით ან ტელესკოპით კაშკაშა წყვილს განთიადამდე ნახევარი საათით ადრე დავაკვირდეთ, სანამ მათ სინათლეს მზის სხივები გადაფარავს.
ეტა-აკვარიდების მეტეორიტთა წვიმის პიკი
5-6 მაისს ეტა-აკვარიდების მეტეორიტთა წვიმა აქტიურობის პიკს მიაღწევს და თვალწარმტაც სანახაობას შექმნის. ჰალეის კომეტის ეს ნარჩენები დედამიწის ატმოსფეროში ცის იმ ნაწილიდან შემოიჭრება, სადაც მერწყულის თანავარსკვლავედი მდებარეობს (სამხრეთ-აღმოსავლეთით).
სამხრეთ ნახევარსფეროში, ქალაქების ხელოვნური სინათლისგან შორს, საათში დაახლოებით 20-30 მეტეორიტის გაელვება იქნება ხილული, ჩრდილოეთში კი — 10-დან 20-მდე. მათზე დასაკვირვებლად საუკეთესო პერიოდი 5 მაისის განთიადამდელი საათებია.
მთვარის სრული დაბნელება
მთვარის სრული დაბნელებისას დედამიწის თანამგზავრი, რომელიც სავსე ფაზაშია, ჩვენი პლანეტის ჩრდილში ექცევა და მოწითალო შეფერილობას იღებს. სწორედ ასე მოხდება 15-16 მაისს (გააჩნია საცხოვრებელ არეალს).
მას დაინახავენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან აფრიკიდან და აზიის ზოგიერთი რეგიონიდან. საქართველოში დაბნელება 16 მაისს, 06:32 საათზე დაიწყება, ხოლო 09:11 საათზე მთვარე უკვე მთლიანად ჩამუქდება და დედამიწის ატმოსფეროდან მიმავალი სინათლის სხივების გავლენით, მოწითალო-აგურისფერი გახდება.
მზის სისტემის 5 პლანეტის ჩამწკრივება
18-დან 27 ივნისამდე ცაზე ერთმანეთის მიყოლებით შეუიარაღებელი თვალით ხილული 5 პლანეტა ჩამწკრივდება. ესენია — მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი. შესაბამისი პირობების შემთხვევაში, მათთან ერთად ურანსაც შევნიშნავთ.
რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ამ დროის განმავლობაში თითოეული პლანეტის გვერდით სხვადასხვა ფაზაში მყოფი მთვარე აღმოჩნდება. სატურნს ის 18 ივნისს "ეწვევა", იუპიტერს 21-ში, მარსს 22-ში, ვენერას 26-ში, მისი ბოლო გაჩერება კი 27 ივნისს მერკური იქნება.
პერსეიდების მეტეორიტთა წვიმის პიკი
12 აგვისტოს პერსეიდების მეტეორიტთა წვიმა ყველაზე მეტად გააქტიურდება, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამისთვის თვალის მიდევნებას სავსე მთვარე, კერძოდ კი მისგან წამოსული სინათლე შეაფერხებს, რომელიც კოსმოსური ნარჩენების სიკაშკაშეს უკან ჩამოიტოვებს.
პერსეიდების რადიანტი, ანუ მათი ნაკადის ცენტრი პერსევსის თანავარსკვლავედია. ეს მეტეორიტები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან, კომეტა სვიფტ-ტატლის ფრაგმენტებია.
მზის მორიგი ნაწილობრივი დაბნელება
25 ოქტომბერს მზის მორიგი ნაწილობრივი დაბნელების მომსწრენი გავხდებით. მას იხილავენ ევროპიდან, შუა აღმოსავლეთიდან, დასავლეთ აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და გრენლანდიიდან. ევრაზიის თავზე ჩვენი მნათობის დაახლოებით 86 პროცენტი დაიფარება.
მთვარის სილუეტი მზის დისკის ფონზე მსოფლიო კოორდინირებული დროით 8:58 საათზე გამოჩნდება, დაბნელების მაქსიმუმი კი 11:00 საათზე დადგება.
მთვარის მორიგი სრული დაბნელება
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, აზიასა და ევროპის ზოგ ნაწილში მცხოვრები ადამიანები მთვარის სრულ დაბნელებას 2022 წელს მეორედ შეესწრებიან, რაც 8 ნოემბერს მოხდება.
დასავლეთ აშშ-დან, კანადიდან, აღმოსავლეთ რუსეთიდან, ახალი ზელანდიიდან და აღმოსავლეთ ავსტრალიიდან დაბნელების მთლიან პროცესს დაინახავენ. დედამიწის თანამგზავრი განსაკუთრებულად მუქად თბილისის დროით 15:03 საათზე დაიწყებს შეფერვას, ჩრდილი მის ცენტრამდე 15:03 საათზე მიაღწევს, ხოლო სრული დაბნელება 15:41 საათზე აღინიშნება.
გემინიდების მეტეორიტთა წვიმის პიკი
13-14 დეკემბერს გემინიდების მეტეორიტების წვიმის პიკი იქნება, თუმცა მათი გაელვების დაფიქსირებას ამჯერადაც ნახევრად განათებული მთვარის სინათლე შეუშლის ხელს.
შეგახსენებთ, რომ გემინიდები არა კომეტის, არამედ 3200 ფაეტონის სახელით ცნობილი ასტეროიდის ნარჩენებია, რომელთა ნაკადიც ტყუპების თანავარსკვლავედიდან მომდინარეობს.
როგორც ვხედავთ, 2022 წელი ასტრონომიული მოვლენებით ნამდვილად გაგვანებივრებს. მე კი ისღა დამრჩენია, რომ უღრუბლო, მოწმენდილი ცა გისურვოთ.
კომენტარები