საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიქ-ქალბაჯარის მონაკვეთზე 11 იანვარს წარიმართა.

ორივე ქვეყანა ცეცხლის გახსნასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, ასევე, აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა საარტილერიო ტექნიკა და თვითმკვლელი დრონები გამოიყენა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი შეაფასა, როგორც "აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი ხელყოფის გამოვლინება". აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი "სომხეთის პოლიტიკურ-სამხედრო ხელმძღვანელობა "სისხლიან პროვოკაციაში" დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო განცხადების თანახმად, სომხეთის სამხედროებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლის 11 იანვრის ღამესა და 12 იანვრის დილას "წვრილი და მსხვილი კალიბრის ტყვიამფრქვევებით" გაუხსნეს. სხვა გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

10 იანვარს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედროებმა მარტუნის რეგიონში ცეცხლი "მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებს" გაუხსნეს.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 10 ნოემბრიდან, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, 220 ადამიანი დაიღუპა.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.