დაინახე ყველაფერი — სოციალურ ცვლილებებზე მიმართული ტრენინგების სერია დაიწყო
"ყველა ბავშვს აქვს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უფლება, რაც ნიშნავს არა მხოლოდ უკეთეს სწავლებას ყველა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე ბავშვებისთვის, არამედ ურთიერთგაგების ხელშეწყობას, სტერეოტიპების შემცირებას და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას", — ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ. ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისგან განსხვავებით, სსსმ მოსწავლეებს უჭირთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნების დაძლევა და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას საჭიროებენ. ისინი ხშირად ხვდებიან ნეგატიური წინასწარგანწყობებისა და სტერეოტიპების სამიზნეები, რის გამოც კიდევ უფრო ფერხდება სკოლაში, თანატოლებში თუ საზოგადოებაში მათი სრული ინკლუზია და ინტეგრაცია.
ადამიანები ხშირად მიიჩნევენ, რომ სსსმ და შშმ ბავშვებს კლასში არეულობა შემოაქვთ, მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში აზრი არ აქვს ან უნდა არსებობდეს ცალკე დაწესებულება, რადგან სკოლა ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებს. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებზე და სტიგმებზე UNICEF-ის კვლევებშიც ვკითხულობთ. ფაქტია, რომ ამგვარ სტიგმატიზაციას მწვავე შედეგები მოსდევს — ბავშვები საზოგადოებისგან გაუცხოებულები არიან, მათ თავად უჩნდებათ რწმენა, რომ არაფერი გამოუვათ, უმწვავდებათ კომპლექსები, მათ მიმართ ჩნდება დაბალი მოლოდინები და სხვა.
სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და სოციალური ცვლილებების დასაწყებად, კამპანია "დაინახე ყველაფერი" მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის გაზრდაა.
კამპანია ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის "არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში. კამპანია 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება და მასში ჩართული არიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ტრენინგების სერია პროექტის "დაინახე ყველაფერი" ფარგლებში
საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ექვსი რეგიონის სკოლების პედაგოგებთან და მშობლებთან მიმდინარეობს. ცნობიერების ამაღლების შეხვედრები ტარდება ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და თავად დაიწყონ ცვლილებები. კამპანიაში ასევე არიან ჩართულები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ტრენინგები ორ ეტაპად მიმდინარეობს — პირველ დღეს მასწავლებლები და მშობლები ერთად, ხოლო მოსწავლეები — ცალკე ესწრებიან რამდენიმესაათიან ტრენინგს, რომელიც არაფორმალური განათლების კომპონენტებს მოიცავს. მეორე დღეს კი სამივე ჩართული მხარე ერთად იკრიბება და შეხვედრებიდან მიღებულ ინფორმაციასა და ცოდნას აანალიზებს.
როგორ იქმნება მითები და სტერეოტიპები რომლებიც ხელს უშლიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობების, ისე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს; რას ნიშნავს, აღმოჩნდე უმცირესობაში და როგორ უნდა ვუმკლავდებოდეთ მსგავს ვითარებებს; როგორი მიდგომებია საჭირო საგაკვეთილო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების სრული ჩართულობისთვის; რა სტერეოტიპები და სტიგმები არსებობს საზოგადოებაში სსსმ და შშმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ; როგორ ცვლიან გარემოს უკეთესობისკენ შშმ პირები მსოფლიოში და ჩვენ გვერდით; რა არის რესურსული სკოლისა და ინკლუზიური სწავლების უპირატესობები და ნაკლოვანებები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ თემებისა, რომლებსაც რამდენიმესაათიან შეხვედრაზე ერთი მხრივ მშობლები და მასწავლებლები, მეორე მხრივ კი — მოსწავლეები განსხვავებულ ფორმატში განიხილავენ.
როლური თამაშები, დისკუსიები, დებატები, მოკლე პრეზენტაციები, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მსჯელობა ამ ტრენინგების მთავარი უპირატესობებია.
თათია გოგიშვილი, ფსიქოლოგი და ახალგაზრდული მუშაკი კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. იგი ტრენინგებს მოსწავლეებისთვის ატარებს და მიიჩნევს, რომ ეს თემა ძალიან აქტუალური, თუმცა ნაკლებად ცნობილია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ, მისი თქმით, თუკი ამ საჭიროების და გამოცდილების წინაშე არ დადგები, საზოგადოება, ჯერ-ჯერობით მაინც, საკითხს აქტიურად არ განიხილავს ხოლმე.
"ხშირად არის მომენტები, რომ როცა მოზარდები პირველად ტრენინგებზე მოდიან, ამ თემების შესახებ ნაფიქრი არ აქვთ და შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს აჟღერებენ. თუმცა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ან ემპათიის უნარი არ აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არ აქვთ გამოცდილება და შესაბამისი უნარები არ არის აქტუალიზებული. თუმცა ის ფაქტი, რომ სატრენინგო ჯგუფში გვყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირები, ამ უნარების გააქტიურებას თავისთავად იწვევს და ჩვენ უკვე ვიღებთ არა ფიქციურ ინკლუზიურ გარემოს, არამედ სივრცეს, სადაც ყველა თანაბრად უნდა ახდენდეს საკუთარი უნარების რეალიზებას", — ამბობს თათია.
მისი თქმით, ყველა ტრენინგი მოსწავლეებთან ალმასისგან ბრილიანტის გამოყვანის პროცესს ჰგავს. საბოლოო შედეგი კი ჩანს მეორე დღეს, როცა ყველა სამიზნე ჯგუფთან ერთად საერთო დისკუსია იმართება, თუმცა, სასიკეთო ცვლილებები იგრძნობა მაშინაც, როცა მოსწავლეები პირველი ტრენინგის დასრულებისას ტოვებენ სივრცეს და ამბობენ, რომ ამ თემებზე აქამდე ასე არ უფიქრიათ.
"შეუძლებელია, ორ საათნახევარში შეცვალო დამკვიდრებული ტერმინოლოგია, მაგრამ როცა ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ საჭიროა დამოკიდებულებების შეცვლა, ეს უკვე ნიშნავს მიღწეულ შედეგს. სწორედ ამას — ჯანსაღ დამოკიდებულებებს ეყრება საფუძველი ამ შეხვედრებზე", — აღნიშნავს თათია.
არაფორმალური განათლების მეთოდები, რომლებიც ტრენინგებზე გამოიყენება, არსებული სტიგმების მოშლისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესუსტების პროცესში განსაკუთრებით ეფექტიანია. თათია გოგიშვილის აზრით, დებატებით, მსჯელობით, პრეზენტაციებით, დამსწრეების მაქსიმალურად ჩართულობით, ღირებულებებისა და გამოცდილების გაზიარება მარტივი, სახალისო და, ხშირ შემთხვევაში, უფრო ეფექტიანია, ვიდრე რამდენიმესაათიანი ლექცია. თავად ფორმატი კი — მშობლებისა და მასწავლებლების საერთო, ხოლო მოსწავლეების ცალკეული შეხვედრები, მეორე დღეს კი სამივე მხარის ერთად შეკრება და რეფლექსია — კიდევ ერთი მეთოდია სოციალური ცვლილებების გამოსაწვევად.
"მასწავლებელი და მშობელი ქმნის გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება, ყალიბდება და ვითარდება. ამიტომ არცერთ მათგანთან ცალკე მუშაობა არაა ისეთი ეფექტიანი, როგორც სამივესთან ერთად. ახალგაზრდების ცნობიერების ცვლილება მარტივია, რადგან არ არის ის გამოცდილებით გამყარებული და როცა ახალი იდეა შეგაქვს, ისინი ღრუბელივით ისრუტავენ მას. თუმცა, თუ არ მოხდა გარემოს — სკოლისა და ოჯახის მოდიფიცირება, ამ ახალგაზრდებს პირიქით გავურთულებთ ცხოვრებას. ამიტომაც მგონია, რომ ნებისმიერი რამ, რაც ეხება დამოკიდებულების ცვლილებას და სტერეოტიპების რღვევას, უნდა იყოს განხორციელებული კომპლექსურად, ყველა აქტორის სრული ჩართულობით", — აღნიშნავს თათია.
მისი თქმით, მსგავსი პროექტებისა და შეხვედრების შემდეგ, ახალგაზრდები თავად იჩენენ ინიციატივებს და ხელს უწყობენ ინკლუზიური გარემოს შექმნას სკოლაში და საზოგადოებაში.
22-23 დეკემბერს შეხვედრა კაზრეთის #2 საჯარო სკოლაშიც გაიმართა. სკოლის სპეციალური განათლების პედაგოგი, რუსუდან მერებაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, სსსმ ბავშვების პრობლემების შესახებ სკოლებში მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია და რაც უფრო ხშირად მოეწყობა ამ ტიპის ტრენინგები, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ.
"ძალიან საინტერესო და ღირებული იყო ტრენინგები. სწორი აქცენტები დაისვა და ძალიან აქტუალურ თემატიკაზე გაიმართა დისკუსია. სკოლებში არაერთი პრობლემაა, ხშირად მასწავლებელი უფრო მეტად ფიქრობს ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეზე, ხოლო შშმ ან სსსმ მოსწავლეები მიღმა რჩებიან. ეს ჩემი, როგორც სპეციალური განათლების პედაგოგის მხრიდან დანახული ვითარებაა და ვფიქრობ, მხოლოდ ინდივიდუალური გეგმის შედგენა საკმარისი არაა, ეს გეგმა რეალობად უნდა იქცეს საკლასო ოთახში", — ამბობს ის.
მეცხრეკლასელი ლუკა კი იმედოვნებს, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ ჩატარდება და მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ.
"პირველად დავესწარი ასეთ შეხვედრას და ძალიან მომეწონა. საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ არ იყო მხოლოდ პრეზენტაცია, არამედ სხვადასხვა აქტივობა შევასრულეთ. ასევე შეგვეძლო ჩვენი აზრი გამოგვეთქვა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ შეხვედრების დახმარებით კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ყველა ადამიანი არის თანაბარუფლებიანი, თანასწორი. ასევე გავიგე, რომ სსსმ ბავშვებს აქვთ ბევრი უნარი და საჭიროა, მათ საზოგადოების სრულყოფილ წევრად ვიღებდეთ. თუ ყველანი ერთნაირები ვიქნებით, ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება ცხოვრება", — ამბობს ლუკა.
ტრენინგები გრძელდება და მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი შეძლებს შშმ და სსსმ ბავშვების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ მსჯელობას.
კამპანია გაგრძელებაა სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინიციატივისა "დაინახე ყველა ფერი", რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი და მისი პარტნიორი დონორი ორგანიზაციები 2017-2020 წლებში ახორციელებდნენ და რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ არსებული სტიგმის შემცირება. აღნიშნულ წლებში, კამპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს მიდწვდა და ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ სტიგმის შემცირებას 41.5%-დან 28.3%-მდე.
კომენტარები