29 დღე გზაში — რა იქნება შემდეგი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის
NASA-ს ახალი კოსმოსური ტელესკოპი დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ გაეშვა. თუმცა, მას ჯერ კიდევ დრო დასჭირდება, სანამ ორბიტაზე განთავსდება.
ასევე: 5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ
ჯეიმს ვების ტელესკოპი 10 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის გუშინ (25 დეკემბერს) საფრანგეთის გვიანადაც Ariane 5-ის რაკეტამ გაუშვა. ამ გაშვებით დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული, პოტენციურად გარდამტეხი მისია ადრეული სამყაროს, ახლომდებარე ეგზოპლანეტებისა და სხვათა შესასწავლად. დიდი მოლოდინის შემდეგ, მოთმენა შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ ვებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და დროც საკმაოდ დასჭირდება სანამ მუშაობას დაიწყებს.
ტელესკოპი მიემართება ორბიტისკენ — ლაგრანგის წერტილისკენ (L2), რომელიც ჩვენი პლანეტიდან 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. სწორედ ამ ადგილამდე მისასვლელად დასჭირდება ტელესკოპს 29 დღე.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
გაშვების მომენტიდან ვების ტელესკოპმა უკვე გაიარა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი. მაგალითად, გაშვებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მან გაშალა მზის პანელები და დაიწყო მისგან ენერგიის მიღება. და სულ ცოტა ხნის წინ, ტელესკოპმა შეასრულა მნიშვნელოვანი 65 წუთიანი აქტივობა, რის შედეგადაც იგი L2-ის კურსზე განთავსდა.
თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ უამრავი პროცესია. შესაბამისად, მოცემული ვადები მიახლოებითია. ტელესკოპზე მომუშავე გუნდის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განლაგების განრიგი მოქნილია, ასე რომ, არ უნდა შეგვეშინდეს, თუ დრო და თარიღები ოდნავ შეიცვლება.
გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ, ვები მოაბრუნებს თავის მაღალი სიმძლავრის ანტენას დედამიწისკენ. კიდევ ერთი დღის შემდეგ ხომალდი მორიგ ძრავას დაწვავს, რათა დახვეწოს მისი ტრაექტორია L2-ისკენ. უკვე ხუთი დღის შემდეგ, პლატა, რომელსაც უჭირავს ტელესკოპის უზარმაზარი მზის ფარი — ხუთფენიანი სტრუქტურა, შექმნილია ინფრაწითელი ტელესკოპისა და მისი ინსტრუმენტების სიგრილის შესანარჩუნებლად — დაბლა დაიწევს.
დამცავი საფარი გაიშლება ხუთი დღის შემდეგ და ეს პროცესი ერთი დღე გაგრძელდება. მზის საფარის სრულად განლაგება უნდა დასრულდეს აფრენიდან რვა დღის განმავლობაში, ამ მომენტში გუნდის წევრები დაიწყებენ ფოკუსის გადატანას ოპტიკაზე.
გაშვებიდან დაახლოებით 10 დღეში ვები მეორად სარკეს გაშლის. უკვე ამის შემდეგ ძირითადი სარკის, 6,5 მეტრის სიგანის კონსტრუქციის ჯერი მოვა. ეს ინსტრუმენტი შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის.
გაშვებიდან 12-13 დღის შემდეგ სარკის ორი გვერდითი "ფრთები" გაიშლება და ამოქმედდება. უკვე ამ მომენტიდან ვები საბოლოო კონფიგურაციაში იქნება. ასე ტელესკოპი თავის ორბიტამდე მიაღწევს, რასაც როგორც უკვე ვახსენეთ მთლიანობაში 29 დღე დასჭირდება.
გაშვებიდან ორი-სამი თვის შემდეგ, გუნდი მოაწესრიგებს სარკის ძირითად სეგმენტებს ისე, რომ ისინი მოქმედებდნენ როგორც ერთი სინათლის შემგროვებელი ზედაპირი. ეს მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო იქნება, რადგან სარკე უნდა იყოს სრულყოფილი 150 ნანომეტრის სიზუსტით.
"ჩვენმა ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოთვალა, რომ სარკეებს უფრო ნელა ვამოძრავებთ, ვიდრე ბალახი იზრდება, რადგან მათ ასე წარმოუდგენლად ზუსტად ვაწყობთ. სხვანაირად ასეთი სიზუსტე შეუძლებელია", — ამბობენ NASA-ში.
ამ პროცესების პარალელურად, გუნდი ასევე შეამოწმებს და დააკალიბრებს ვების ოთხ სამეცნიერო ინსტრუმენტს. ესეც შრომატევადი პროცესი იქნება. საბოლოოდ, მიზანია რეგულარული სამეცნიერო ოპერაციების დაწყება გაშვებიდან ექვსი თვის შემდეგ.
"ტელესკოპი დაკვირვებას ივნისის ბოლოს დაიწყებს", — ამბობენ NASA-ში.
ამოქმედების შემდეგ ვები ძალიან "დაკავებული" იქნება. ის პროექტები, რომელზეც ტელესკოპი იმუშავებს, მასშტაბურია და აქვს პოტენციალი კაცობრიობის სამყაროს მიმართ აღქმაც კი შეცვალოს.
ასევე: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
კომენტარები