დღეს, საქართველოს დროით 16:20-ზე, 14-წლიანი ლოდინის შემდეგ ევროპის კოსმოსური სადგურიდან ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გაეშვა. სადგური კურუსთან, საფრანგეთის გვიანაში მდებარეობს.

ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და მისი გაშვება პირველად 2007 წელს იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ მოვლენა ბევრჯერ გადაიდო. ამ მისიის შემდეგ, კაცობრიობას კოსმოსში ახალი თვალი ექნება, რომლითაც ჩვენს შორეულ წარსულში გავიხედავთ, მილიარდობით წლის იქით — იმაზე შორს, ვიდრე ჰაბლით და ვიდრე ოდესმე.

ტელესკოპი Ariane 5 რაკეტის შიგნით გახლდათ მოთავსებული, სამეცნიერო საზოგადოებისათვის ნანატრმა მომენტმა კი წარმატებით ჩაიარა:

მიმდინარე მოვლენებს შეგიძლიათ, NASA-ს პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი:

რა იქნება შემდეგ?

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ცენტრალური ნაწილია უზარმაზარი ძირითადი სარკე, ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 6,5 მეტრის სიგანისაა და შედგება 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც ოპტიმიზებულია სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის.

ასევე იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე

29-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, Ariane5-ის რაკეტა ტელესკოპს თავის ორბიტაზე, პლანეტიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაიყვანს. ეს ტელესკოპს მისცემს საშუალებას დაინახოს უფრო მეტი, ვიდრეს ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს შეეძლო, რომელიც დედამიწისგან სულ რაღაც 500 კილომეტრით იყო დაშორებული.

ვების ტელესკოპი დაკვირვებას ძირითადად ინფრაწითელში აწარმოებს, რაც მას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. ცნობისთვის, ჰაბლი ძირითადად ოპტიკურ და ულტრაიისფერ ტალღებზე მუშაობს.

ის, რასაც კაცობრიობა ვების ტელესკოპისგან ისწავლის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ის ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.