ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
სატელიტური მონაცემების თანახმად, ჩინეთის უდიდესი ქალაქების თითქმის ნახევარი იძირება, რაც მილიონობით ადამიანს დატბორვების რისკის წინაშე აყენებს.
ეს ნიშნავს, რომ ურბანული დასახლებების ქვეშ არსებული ხმელეთის დონე დაბლა იწევს. კერძოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ტერიტორიის 45%, რომელიც ჩინეთის ქალაქებს უკავია, ყოველ წელიწადში დაახლოებით 3 მილიმეტრით იძირება, 16% კი — 10 მილიმეტრზე მეტით.
სპეციალისტებმა ინფორმაციის მოსაპოვებლად 2 მილიონზე მეტი ადამიანისგან შემდგარი პოპულაციის მქონე 82 ქალაქი შეისწავლეს, რისთვისაც ხელოვნური თანამგზავრების რადარები გამოიყენეს. ისინი სატელიტებსა და ხმელეთს შორის დისტანციის ცვლილებას 2015-2022 წლებში აკვირდებოდნენ.
მონაცემების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ჩინეთის უდიდესი ქალაქი შანხაი მაინც განაგრძობს ჩაძირვას. ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მის ქვეშ არსებული ხმელეთის დონემ უკვე დაახლოებით 3 მილიმეტრით დაიწია. ეს პროცესები ასევე განსაკუთრებულად შესამჩნევად მიმდინარეობს პეკინსა და ტიანძინში.
საინტერესოა, რა იწვევს ჩინეთის ქალაქების ჩაძირვას?
მკვლევრები ამბობენ, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი და, სავარაუდოდ, დომინანტური მიზეზი მიწისქვეშა წყლის ექსტრაქციაა. შედეგად, მიწა შრება და დაბლა ჩადის. ავტორები ამბობენ, რომ მსგავს ეფექტს შესაძლოა, წყლის ამგვარი მოპოვების კონტროლით შეეწინააღმდეგონ.
აცხადებენ იმასაც, რომ ქალაქების ჩაძირვა შენობების ერთიანობასა და უმნიშვნელოვანეს ურბანულ ინფრასტრუქტურას რისკს უქმნის. ასევე, ამგვარ რეგიონებში აძლიერებს კლიმატის ცვლილების გავლენასაც, როგორიცაა დატბორვები, განსაკუთრებით კი სანაპიროებზე, რადგან იქ ზღვის დონე მაღლა იწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ ჩინეთი არაა, რომელსაც მასთან გამკლავება წელიწადში 7.5 მილიარდი იუანი უჯდება, რაც 1.05 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტურია. სხვა კვლევის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაძირვის რისკის წინაშე დაახლოებით 6.4 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე ხმელეთია. ყველაზე მეტად ეს ინდონეზიაზე აისახება, გამონაკლისი არაა ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
ასევე, იხილეთ:
კომენტარები