"კანონის მიღებით შენიღბული უკანონობა" — რა თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა
რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სურს. მმართველი პარტია ამას იმით განმარტავს, რომ მის ბაზაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას აპირებს, რადგან მათი თანაარსებობა საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტები მმართველ პარტიას სამსახურის დაარსებიდან მხოლოდ ორი წლის თავზე გაახსენდა, მას შემდეგ, რაც ინსპექტორმა მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებები მიიღო.
ქართული ოცნების მიერ დასახელებული მიზეზები ლონდ თოლორაიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი სამსახურის "დასჯად" შეაფასა. ამ დოკუმენტის ირგვლივ თოლორაიას ბევრი კითხვა ჰქონდა, თუმცა ისაუბრა საკითხებზეც, რამაც, მისი აზრით, "ოცნებას" ამ სამსახურის გაუქმების სურვილი გაუჩინა.
"დასჯა" დამოუკიდებლობისთვის
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებას "ძალიან საშიშ პრეცედენტს" უწოდებს. მისი თქმით, არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის ეს არის სიგნალი, რომ "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ.
"ეს არის, ასევე, მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, შესაძლებელია, ისინი ასე, ძალიან მარტივად, ერთ დღეს სამსახურის გარეშე დარჩნენ", — აღნიშნა მან.
სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებლობისთვის, საქმისთვის კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო რეფორმის გამიჯვნასთან დაკავშირებით კანონპროექტზე გამოთქმული კრიტიკული პოზიციისთვის სამსახურისა და მისი თანამშრომლების დასჯაა.
"[ეს არის დასჯა] საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ჩვენ არაერთი მოხელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოვითხოვეთ, რომელთაგან არცერთი არ იქნა პროკურატურის მიერ დაკმაყოფილებული. ეს არის დასჯა მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტის დანერგვისთვის", — განაცხადა თოლორაიამ.
მან აღნიშნა, რომ სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების კომენტარებში, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით არაერთხელ იქნა გაცხადებული. მისი თქმით, "დღეს უკვე ეს უკმაყოფილება კანონპროექტად იქცა".
"ასეთი მეთოდებით არ მომხდარა არცერთი სამსახურის გაუქმება, არცერთი სამსახურის გარდაქმნა, მით უფრო, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და არჩევითი თანამდებობების ვადაზე ადრე გაუქმება. ამ სამსახურში მუშაობას 100-ზე მეტი პროფესიონალი და კვალიფიციური თანამშრომელი, ღირსეული თანამშრომელი. კანონის მიღებით შენიღბული უკანონობა და უსამართლობა არ შეიძლება გახდეს ამ ადამიანების სამსახურის გაუქმებისა და მათი სახლში გაშვების საფუძველი", — თქვა მან.
"დამთხვევები" კანონპროექტის დაინიცირების დროს
თოლორაიას შეფასებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესი "სრულიად კონსპირაციული" იყო, რადგან მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ დარგის სხვა ექსპერტებს. მან გამოყო კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავიშრებული "დამთხვევები", მათ შორის, ხაზი გაუსვა მის დეკრეტში ყოფნას. თოლორაიას ვარაუდით, მმართველმა პარტიამ მიიჩნია, რომ "რამდენიმე დღის ბავშვით ხელში" თავისი სამსახურის ინტერესებს ვერ დაიცავდა.
"კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება და დაემთხვა, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.
რატომღაც ჩაითვალა, ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას ვერ შევძლებდი, თუმცა მე დღეს აქ ვარ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს გავაკეთებ", — აღნიშნა თოლორაიამ.
კითხვები პარლამენტთან
ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის არსებობის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება და დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტია შეხვედრიათ — არაქმედითი საკანონმდებლო ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა. ინსპექტორის განცხადებით, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, 2019 წელს პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი წარუდგინეს, თუმცა ის, ისევე, როგორც სხვა წინადადებები, კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.
"2021 წელს პარლამენტს, ასევე, წარვუდგინეთ ჩვენი საქმიანობის ანგარიში, რომელიც ძალიან დეტალური და კრიტიკული ანგარიშია, რომელიც ისტორიაში პირველად, წელს პარლამენტმა არ განიხილა და არ მოისმინა.
2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს, ასევე, წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას, თუმცა პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი", — აღნიშნავს ის.
თოლორაიამ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორს სწორედ პარლამენტის გადაწყვეტილებით დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია, მათ შორის, მისი თქმით, ამ პროცესში ის დეპუტატები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეს ხელს აწერენ "გაურკვეველი მოტივებით" ამ სამსახურის გაუქმების კანონპროექტს.
"ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის — პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქციის თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად არასამთავრობო სექტორის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციის შესრულებაც დასახელდა. თოლორაიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა 2018 წელს, მაშინ ვერ დაინახა, როდესაც სამსახურის ქვეშ ეს ორი ფუნქცია გააერთიანა.
"მაშინ არასამთავრობოების ეს არგუმენტი არ ჩაითვალა წონიან არგუმენტად. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა", — თქვა თოლორაიამ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა ისიც, რომ პროექტის ინიცირებამდე პარლამენტს არ დაუსვამს არცერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის — როგორ თანაარსებობდა ეს ორი ფუნქცია ერთი სამსახურის ქუდის ქვეშ, იყო თუ არა რაიმე გამოწვევა თუ ეს ორი ფუნქცია დაუბრკოლებლად მუშაობდა?
"ამასთან, პარლამენტის მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მოტივით კრიტიკას ვერ უძლებს იმ პირობებში, როდესაც პერსონალურ დაცვის შესახებ კანონი ორი წელია თაროზეა შემოდებული", — აღნიშნა მან.
პროექტის შეფასება
თოლორაიას განცხადებით, დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებები, რომ ეს საგამოძიებო ფუნქციის გაძლიერებას ემსახურება, რეალობას არ შეესაბამება, რადგან კანონპროექტში ამის შესახებ არაფერი წერია.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, კანონპროექტი არის არსებული კანონის სრული ასლი. კანონპროექტში არცერთი სიტყვა არ წერია სამსახურის გაძლიერებაზე, არ არის გათვალისწინებული არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, არცერთი არასამთავრობოს რეკომენდაცია და არაფერი წერია იმ გამოწვევებზე, რომელიც ძალიან მრავლად არის მითითებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში, როგორც სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის დამაბრკოლებელი", — თქვა მან.
მისი თქმით, პროექტში მხოლოდ ორი სიახლეა შემოთავაზებული, მათ შორის ერთ-ერთი საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობაში სისხლის სამართლის კოდექსის იმ რამდენიმე მუხლის დამატებაა, რომლებიც, თოლორაიას განცხადებით, სამოხელეო დანაშაულების კონტექსტში პრაქტიკაში თითქმის არ გვხდება.
"საინტერესოა ისიც, რომ ეს ახალი მუხლები არ ვრცელდება პროკურატურის მუშაკებზე, ასევე, სხვა საჯარო მოხელეებზე. ახალი ქვემდებარეობა ვრცელდება მხოლოდ სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები ისედაც იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე", — განაცხადა თოლორაიამ.
ხოლო მეორე და თოლორაიას აზრით, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ "სამსახურის ლიკვიდაცია". კერძოდ, არამხოლოდ უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, არამედ ყველა თანამშრომელი 2022 წლის პირველი მარტიდან სამსახურის გარეშე რჩება.
"ანუ, ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის თანამშრომლები, სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში — როგორც ეს მოხდა ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019 წელს და როგორც ეს მოხდა განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შემთხვევაში — საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის", — აღნიშნა მან.
ლონდა თოლორაიას აზრით, მათთვის მიუღებელია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი — "თანამშრომლები, რომლებიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე დაინიშნენ პოზიციებზე".
რა ხდებოდა მანამდე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ პერიოდში არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
კომენტარები