ერთ პატარა ცილას შეუძლია, სიმსუქნისგან "განგვკურნოს"? — ახალი კვლევა იმედს იძლევა

ფოტო: Endocrine Society
თანამედროვე მსოფლიოში ადამიანებს საკვების მოსაპოვებლად მამონტებზე ნადირობა არ გვჭირდება. არც გამყინვარების ეპოქაში ვართ, რომ ორგანიზმში მეტაბოლიზმის შესანელებლად ცხიმის დიდი მარაგი გვჭირდებოდეს, რათა სიცივეს გავუძლოთ. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენი უჯრედული მექანიზმები ცხოვრების ამჟამინდელ სტილს მოვარგოთ და ასე ჭარბ წონას სამუდამოდ დავემშვიდობოთ?
მკვლევრებმა ამის პოტენციურ მეთოდს მიაგნეს. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ისრაელის ვეიცმანის სახელობის მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა MTCH2-ად წოდებული ცილა აღმოაჩინეს. ის მიტოქონდრიის, უჯრედული წარმონაქმნის, მიჯნაზე მდებარეობს და მისი გათიშვით მემბრანებში ცხიმის რაოდენობა მცირდება. ამავე დროს, უფრო ჭარბად გამოიყოფა ცხიმისებრი ნივთიერება, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლადაა საჭირო.
"მივხვდით, რომ მემბრანული ცხიმი იშლება და ის საწვავად გამოიყენება", — აცხადებენ მეცნიერები.
სპეციალისტებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ MTCH2-ის გათიშვის შედეგად მღრღნელების ორგანიზმში კუნთის მეტი ბოჭკო ჩამოყალიბდა, გულის მუშაობა და გამძლეობა კი გაუმჯობესდა. ისინი სიმსუქნის მიმართ "იმუნურები" გახდნენ: მაშინაც კი, როცა ცხიმის მაღალი შემცველობის რაციონი ჰქონდათ და არც ფიზიკურად აქტიურობდნენ, სხეულის მასას არ იმატებდნენ.
მეცნიერებმა ახალ კვლევაში აჩვენეს, რომ ეს შედეგები ადამიანზეც შეიძლება გავრცელდეს. კერძოდ, MTCH2-ის გარეშე ჩვენს სხეულში ცხიმი და ნახშირწყლები უფრო სწრაფად იწვება, ხოლო ახალი ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნა ფერხდება. მკვლევრები ამბობენ, რომ ცილის გაუვნებლების ეფექტი მეტაბოლიზმში მონაწილე 100-ზე მეტ ნივთიერებაზე შენიშნეს. დადგინდა, რომ ეს უჯრედის მიერ ცხიმისა და ნახშირწყლების მეშვეობით ენერგიის გამომუშავების პროცესს აჩქარებს, რაც თაგვების ექსპერიმენტში გამოვლენილ კუნთოვან გამძლეობას ხსნის.
MTCH2 მეტაბოლიზმის რეგულაციაში მონაწილეობს, თუმცა ის მიტოქონდრიულ შერწყმაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ნიშნავს, რომ მის გარეშე უჯრედებში ერთად შერწყმული მიტოქონდრიის ქსელი იშლება და ენერგია ადრინდელივით ვეღარ გამომუშავდება, ანუ მეტი "საწვავია" საჭირო. აღმოჩნდა, რომ MTCH2 ე.წ. პროგენიტორი უჯრედების ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნაზეც აგებს პასუხს, ამიტომ მისი გათიშვით მსგავს დიფერენციაციასაც ეშლება ხელი.
ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა ამ მეთოდზე დაფუძნებული გენური თერაპია, რომელიც სიმსუქნეს შეეწინააღმდეგება. მნიშვნელოვანია, რომ MTCH2-ის გათიშვა კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასთან დააკავშირეს, ამიტომ უსაფრთხოებაც გასათვალისწინებელია. ამის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნება სიმსუქნესთან ბრძოლის ეფექტიანი გზის მოძებნაში დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The EMBO Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები