მარსის ზედაპირზე წყლის მიერ დატოვებული არაერთი კვალია, მაგრამ სად გაქრა ამდენი სითხე, როცა იქ პირობები შეიცვალა? მეცნიერებს შესაძლო პასუხი აქვთ: მან წითელი პლანეტის ქერქში გადაინაცვლა.

ამას ისინი NASA-ს მისია InSight-ის განმავლობაში მოპოვებული სეისმური მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ. მათ შენიშნეს, რომ 5.4-დან 8 კილომეტრამდე სიღრმეში სეისმური ტალღების მოძრაობა ნელდება და არაა გამორიცხული, ეს იქ თხევადი წყლის რეზერვუარის არსებობით იყოს გამოწვეული.

4.1-3 მილიარდი წლის წინ მარსზე ტბები არსებობდა, ასევე მდინარეები მიედინებოდა და ხეობებს ქმნიდა. მაგნიტური ველისა და ატმოსფეროს დაკარგვამ წყლის კოსმოსში გაჟონვა განაპირობა, ნაწილი პოლარულ რეგიონებში ყინულის სახით შემორჩა, ნაწილი კი მინერალებში მოექცა. ეს პროცესები სითხის ადრინდელ რაოდენობას მაინც არ შეესაბამება — გამოთვლების თანახმად, იქ საკმარისი წყალი იყო, რომ პლანეტა 700-900-მეტრიანი ოკეანით დაეფარა.

ვინაიდან მარსზე მეტეორიტების გამო ნაპრალები იყო გაჩენილი, არსებობს ჰიპოთეზა, რომ წყალმა ქერქში ჩააღწია. იქ მას თბილი ტემპერატურა დახვდებოდა და თხევადი ფორმით შენარჩუნდებოდა.

მარსზე წყლის ცვლილება 4 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან დღემდე.

ფოტო: NASA

InSight მარსზე 2018 წელს დაეშვა და მის სეისმურ მახასიათებლებზე დაკვირვება დაიწყო. მან 2021-22 წლებში მეტეორიტებთან შეჯახებისას ე.წ. S ტალღები დააფიქსირა, რომლებმაც ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ საინტერესო ანომალია გამოავლინა — ქერქის კონკრეტულ შრეში ვიბრაციები ნელდებოდა. ამას მეცნიერები იქ არსებული ფოროვანი ქვებით ხსნიან, რომელთა ღრუ ნაწილებშიც თხევადი წყალია დაგროვებული.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ქერქში სითხის ის ოდენობაა, რომელიც მარსს 520-780 მეტრი სიღრმის ოკეანით დაფარავდა. ეს შეესაბამება წყლის იმ ნაწილს, რომლის გაქრობაც მხოლოდ აორთქლებით, გაყინვითა და მინერალებში მოქცევით ვერ აიხსნებოდა.

ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწაზე წყალი სიცოცხლეს პირდაპირ უკავშირდება, მათ შორის მიწისქვეშა არეალებში, სადაც ზოგიერთი მიკრობი ცხოვრობს. შესაბამისად, შესაძლებელია, ასეთი ორგანიზმები ან მათი კვალი მარსზეც გვხვდებოდეს. წყლის ღრმა რეზერვუარებზე მეტის გასაგებად სხვა კვლევებიცაა საჭირო, რომლებიც უფრო ფართო არეალს მოიცავს. წყლის ეს მარაგი ასტრონავტებმაც შეიძლება გამოიყენონ, ამიტომ რაც მეტი ინფორმაცია გვექნება, მით უფრო მომზადებულები ვიქნებით.

ნაშრომი გამოცემაში National Science Review გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.