ახალი კვლევის თანახმად, ანტარქტიკის ერთ-ერთი მყინვარი "ყინულს იტაცებს" და მას მეზობლისგან "იპარავს". იგი ზომაში იზრდება მაშინ, როცა მისი მეზობლები დნება და ილევა.

ნაშრომი ჟურნალში The Cryosphere გამოქვეყნდა. მასზე ლიდსის უნივერსიტეტის (ინგლისი) მკვლევრები მუშაობდნენ.

მეცნიერებმა 2005-2022 წლებში გადაღებული სატელიტური გამოსახულებები შეისწავლეს და უჩვეულო რამ შენიშნეს: სამი მყინვარის — კოლერ ისტი, პოპი და სმიტი — შეთხელების სიჩქარე 51%-ითაა გაზრდილი, მათი მეზობელი კოლერ უესტისა კი — 10%-ით შენელდა.

მკვლევარ ჰეზერ სელის, ნაშრომის ხელმძღვანელის, განმარტებით, შეთხელების სიჩქარეში ასეთ სხვაობას, როგორც ჩანს, უცნაური შედეგები მოსდევს:

"ვფიქრობთ, კოლერ უესტის შეთხელებას ის ანელებს, რომ ყინული მისი მეზობლისკენ, კოლერ ისტისკენ, მიემართება", — ახსნა მკვლევარმა — "ამას კოლერ უესტის ზედაპირის დაქანების დიდი ცვლილება იწვევს, რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი მყინვარების შეთხელების ტემპში რადიკალური განსხვავებებით აიხსნება. კოლერ ისტის ყინული გადაადგილებისას უფრო სწრაფად მიედინება და ათხელებს მყინვარს, ამიტომ იგი შთანთქავს, ანუ "იპარავს", კოლერ უესტის ყინულს.

მეცნიერი ამ მოვლენას "ყინულის მიტაცებას" უწოდებს. მისი განმარტებით, ყინული ერთი მყინვარიდან მეორეს გადაეცემა — ის, რომელიც სწრაფად დნება, ყინულს თავისი "შენელებული" მეზობლისგან "იპარავს".

ეს ფენომენი მეცნიერებისთვის უცხო სულაც არ ყოფილა, თუმცა ეს ასობით ან ათასობით წლის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე. სელის თქმით, გასაოცარი და, ამასთანავე, პრობლემურია ის ფაქტი, რომ მოვლენის მიმდინარეობა სულ რაღაც 18-წლიან მონაკვეთში შენიშნეს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ანტარქტიკის იმ რეგიონში, სადაც ყინულის მიტაცება შენიშნეს, მყინვარები ყველაზე აქტიურად დნება.

რაც უფრო სწრაფად დნება ეს მყინვარები, მეტად იწევს ზღვის დონეც, ამას კი შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს მთელს მსოფლიოში. მეცნიერებმა იციან, რომ მყინვარების დნობა დიდი პრობლემაა, თუმცა ყინულის მიტაცების ასეთმა გავლენამ არსებული ცოდნა ეჭვქვეშ დააყენა.

"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ დნობა მნიშვნელოვნად აჩქარებულია ანტარქტიკის ამ რეგიონში, სადაც მყინვართა გათხელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება", — განაცხადა სელიმ — "ორივე მათგანი მყინვარული ფარის სტაბილურობის მთავარი ინდიკატორია, ამიტომ ზღვის დონის სამომავლო ცვლილებების პროგნოზირებისთვისაც მნიშვნელოვანია".

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ყინულის მიტაცება მნიშვნელოვნად შეცვლის, თუ რა სიჩქარით ჩაედინება ოკეანეში მყინვარები და იზრდება ზღვის დონე. მეორე მხრივ, აღმოჩენა კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი უჩვეულო შედეგია, რომლის ასეთი სწრაფი მიმდინარეობაც აქამდე, ალბათ, არასოდეს დაფიქსირებულა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.