Meta-მ მეტავერსში სექსუალური შევიწროების პირველ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Meta-მ ერთი კვირის წინ პირველი ვირტუალური სოციალური ქსელის, Horizon Worlds-ის ბეტა ტესტირება დაიწყო. ბეტა ტესტირება ამერიკისა და კანადის 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი და მასში მონაწილეობა მიწვევის გარეშეა შესაძლებელი.
მეტავერსის გაშვებიდან სულ 10 დღეა გასული და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მასში უკვე დაფიქსირდა სექსუალური შევიწროების პირველი ფაქტი.
ქალი, რომელიც Meta-ს Horizon Worlds-ის ბეტა ტესტირებაში იღებდა მონაწილეობას, აცხადებს, რომ პლატფორმის სხვა მომხმარებელი ვირტუალურ რეალობაში მას არასასურველად შეეხო.
Horizon Worlds ადამიანებს ვირტუალურ რეალობაში სოციალიზაციის საშუალებას 20 სხვა ავატართან ერთად აძლევს.
Facebook-ის ოფიციალურ ჯგუფში, სადაც ბეტა ტესტერები თავიანთ აზრებს ერთმანეთს უზაირებენ, ერთ-ერთმა ანონიმურმა ქალმა განაცხადა, რომ მის ავატარს უცხო ადამიანი მისთვის დაუკითხავად შეეხეო და გარშემომყოფებმა დაგმობის მაგივრად მის საქციელს მხარიც კი დაუჭირეს.
"სექსუალური ძალადობა ინტერნეტში ნამდვილად სერიოზული საკითხია, თუმცა VR-ების გამოჩენასთან ერთად, საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება, რადგან ადამიანებს სხვისი შევიწროებისათვის ახალი ხერხები უჩნდებათ", — წერდა ანონიმური ქალი. მისი თქმით, ინციდენტი Plaza-ში მოხდა, სწორედ იქ, სადაც Horizon Worlds-ის მომხმარებელთა უმეტესობა იკრიბება ხოლმე.
ანონიმური განცხადების შემდეგ, Meta-მ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 26 ნოემბერს მოხდა, შიდა გამოძიება დაიწყო.
Meta-მ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს მომხმარებელს დაცვის ის ფუნქცია, რომელიც ვირტუალურ რეალობაში ძალადობისგან გვიცავს, გათიშული ჰქონდა.
Horizon-ის ვიცე პრეზიდენტი ვივეკ შარმა აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა "აბსოლუტური უიღბლობაა", თუმცა მან The Verge-თან საუბარში თქვა, რომ Safe Zone ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. ვივეკმა ისიც აღნიშნა, რომ Safe Zone მარტივად გამოყენებადი და მოსაძებნი უნდა იყოს, ამასთან დაკავშირებით ისინი მუშაობას გააგრძელებენ.
Safe Zone-ის გააქტიურება მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია. ეს ფუნქცია დეველოპერებმა სწორედ იმისთვის შექმნეს, რომ პლატფორმაზე არასასურველი ინტერაქციები თავიდან მარტივად ავირიდოთ.
MIT Technology Review-სთან საუბარში, Meta-ს წარმომადგენელი კრისტინა მილიანი აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს მუშაობას, რათა პლატფორმის ყველა ფუნქცია იყოს მარტივად მოსაძებნი და გამოსაყენებელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები