სარაკეტო მეცნიერები და ნეიროქირურგები აუცილებლად ჩვენზე ჭკვიანები არ არიან — კვლევა
ნეიროქირურგიასა თუ სარაკეტო მეცნიერებაში თუ გეგმავთ კარიერის დაწყებას, შესაძლოა, ეს მიუღწეველი მიზანი სულაც არ აღმოჩნდეს. ახალ კვლევაზე დაყრდნობით, ამ პროფესიათა წარმომადგენლები ყოველთვის საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებზე ჭკვიანები სულაც არ არიან.
მათი შემეცნების უნარების შემოწმების მიზნით, მეცნიერებმა 329 საჰაერო კოსმოსურ ინჟინერსა და 72 ნეიროქირურგს დავალებათა სერიების შესრულება სთხოვეს. კვლევის შედეგები ჟურნალ British Medical Journal-ში გამოქვეყნდა და ბრიტანული საზოგადოების წევრებს შორის მცირე განსხვავებებზე მიანიშნებს.
მეცნიერების თქმით, კვლევის ჩატარების მიზანი ნაწილობრივ იმის გამოვლენა იყო, თუ რომელ პროფესიას აქვს ინტელექტუალური უპირატესობა, თუმცა მათ იმის გარკვევაც სურდათ, თუ რამდენად რაციონალურად აღიქვამს საზოგადოება სხვადასხვა სექტორებს.
მოსალოდნელია, რომ შემდგომ ათწლეულებში მოცემულ ორ სექტორში თანამშრომელთა ნაკლებობა დაიწყება, მეცნიერებმა კი ივარაუდეს, რომ სტერეოტიპთა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სამეცნიერო სფეროთა სამომავლო დაკომპლექტებას გააუმჯობესებდა.
ორივე სფეროს პროფესიონალები 6 შემეცნებით სფეროში ონლაინ შეაფასეს. ამისათვის მეცნიერებმა Great British Intelligence Test გამოიყენეს, რომელიც თავდაპირველად ლონდონის იმპერიულ კოლეჯში შეიქმნა. ტესტის მეშვეობით მუშა მეხსიერება, ყურადღება, ემოციების გადამუშავება და მსგავსი საკითხები შემოწმდა, რესპონდენტებს კი თავიანთი ასაკის, სქესისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ჩაეკითხნენ.
შემდგომში ორივე ჯგუფის შედეგები და ამასწინათ 18 ათასი ბრიტანელისაგან მოპოვებული მონაცემები შეადარეს ერთმანეთს.
აღმოჩნდა, რომ სემანტიკური პრობლემების გადაწყვეტაში (მაგალითად, იშვიათ სიტყვათა განმარტება) ნეიროქირურგებს ბევრად მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მეორე მხრივ კი, საჰაერო კოსმოსური ინჟინრები უკეთესები იყვნენ, როდესაც საქმე ყურადღებას ეხებოდა ან გონებრივი მანიპულაცია სჭირდებოდა, როგორიცაა, მაგალითად, წარმოსახვაში ობიექტთა გამოსახულების ტრიალი.
როდესაც მათი მაჩვენებლები საზოგადო შედეგებს შეადარეს, სარაკეტო მეცნიერებს მნიშვნელოვანი განსხვავება არცერთ სფეროში არ გამოუვლენიათ. მეორე მხრივ კი, ნეირომეცნიერებს განსხვავებული შედეგები მხოლოდ ორ საკითხში ჰქონდათ: პრობლემების გადაწყვეტის სიჩქარე უფრო მეტი იყო, თუმცა ინფორმაციის გახსენებისა — შედარებით ნაკლები.
მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ამგვარი სხვაობა ნეიროქირურგიის სწრაფი ტემპის გამო იყოს. შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ისიც, რომ ეს დროის კუთხით კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფი მიღებისადმი გამოწრთობის შედეგია.
"შესაძლოა, ნეიროქირურგებსა და საჰაერო კოსმოსურ ინჟინრებს გადაჭარბებულად აფასებენ და ამგვარ დიდებას სხვა სპეციალობები იმსახურებდეს, სამომავლო კვლევების მიზანი კი ყველაზე ღირსეული პროფესიის გამოვლენა იქნება", — ნათქვამია კვლევაში.
კომენტარები