მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსთან კონტაქტისას ანათებს
იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ნიღაბი, რომელიც ულტრაიისფერი ნათების ქვეშ COVID-19-თან კონტაქტის შემთხვევაში ბრწყინავს.
Kyodo News-ის უწყების თანახმად, გამოგონება კიოტოს უნივერსიტეტის გუნდს ეკუთვნის და მისი მიზანია, მომხმარებლებს ვირუსის შეყრის შესახებ სწრაფად და მარტივად შეატყობინოს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ინოვაცია მთავრობისაგან ნებართვას მიიღებს და ასეთი ნიღბების გაყიდვა 2022 წლიდან დაიწყება.
კორონავირუსის ამოცნობის საიდუმლო სირაქლემას კვერცხებში მდგომარეობს, რადგან ეს ცხოველები კოვიდთან საბრძოლველად განსხვავებულ ანტისხეულებს წარმოქმნიან.
ამის გათვალისწინებით გუნდმა ნიღბის სპეციალური ფილტრი შექმნა, რომელსაც სირაქლემას კვერცხებიდან ამოღებული ანტისხეულების შემცველი, მანათობელი საღებავი შეასხურეს. თუკი იგი ვირუსთან კონტაქტში შევა, ფილტრის დაბინძურებული ადგილები ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ინათებს.
კვლევის ხელმძღვანელის — იასუჰირო ცუკამოტოს თქმით, სირაქლემებისაგან ანტისხეულების მასობრივი მიღება ძვირი არ დაჯდება. მას სურს, გამოგონება მარტივ ტესტად აქციოს, რომლის გამოყენებასაც ყველა შეძლებს.
პირველადი შედეგების მისაღებად გუნდმა ექსპერიმენტები ვირუსით ინფიცირებულ 32 ადამიანზე ჩაატარა. მონაწილეებს სპეციალური ნიღბები მისცეს და აღმოაჩინეს, რომ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ისინი კაშკაშებდა, მოვლენა კი ორგანიზმში ვირუსის რაოდენობის კლებასთან ერთად 10 დღის განმავლობაში სტაბილურად ქრებოდა.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაგან ნებართვის მოთხოვნამდე დამატებითი ცდები უნდა ჩატარდეს, მკვლევრებს კი სურთ, რომ შემდგომში ექსპერიმენტი კორონავირუსის მქონე 150 პაციენტზე განახორციელონ.
კომენტარები