რა მოხდება, თუკი ვიაგრას ქალი მიიღებს?
ქალებისათვის ვიაგრას გამოყენება FDA-ის მიერ ნებადართული არაა, ამიტომაც მისი მიღება მიზანშეწონილი არ გახლავთ.
ვიაგრა საყოველთაოდ ცნობილი მედიკამენტია, რომელიც ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ინიშნება ხოლმე. ქალებისათვის მისი გამოყენება აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ნებადართული არ არის, ქვეყანაში კი ვიაგრას მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მისი მეთვალყურეობის ქვეშაა შესაძლებელი. ამრიგად, შესაბამისი ჩვენებებისა და პროფესიონალის რეკომენდაციის გარეშე მისი მიღება მიზანშეწონილი არ არის.
როგორ მუშაობს ვიაგრა?
სილდენაფილი ვიაგრას სახელით ცნობილი მედიკამენტის აქტიური კომპონენტია, რომელიც პირველად Pfizer-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს 1980-იან წლებში, როდესაც გულის პრობლემასთან დაკავშირებული ტკივილისათვის ეძებდნენ გამოსავალს. წამალს ენზიმის, PDE5-ის აქტივობა უნდა დაებლოკა. ამგვარი მოქმედებით სილდენაფილი სისხლძარღვებს ადუნებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და წნევას ამცირებს.
მეცნიერებმა მალევე შენიშნეს, რომ გვერდითი ეფექტების სახით იგი კაცებში ერექციას იწვევდა. PDE-ების უამრავი ტიპი არსებობს, თუმცა სილდენაფილის სამიზნე PDE5 პენისის ერექტილურ ქსოვილში ჭარბადაა გამოხატული. შესაბამისად, მედიკამენტი პენისში განსაკუთრებული ეფექტიანობით აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას, რასაც შემდგომში ერექცია მოჰყვება.
მამაკაცთა იმპოტენციის სამკურნალოდ ვიაგრა აშშ-სა და ევროპის კავშირში 1998 წელს დაუშვეს.
როგორ მოქმედებს ვიაგრა ქალებზე?
ზოგადად, FDA-ის მიერ ვიაგრას გამოყენება ქალებში ნებადართული არაა, თუმცა არაერთი კვლევით უცდიათ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე სილდენაფილის მოქმედება შეესწავლათ.
ცნობილია, რომ PDE5, ერექტილური ქსოვილის მსგავსად, ქალის სასქესო ორგანოთა გლუვ კუნთებშიც გვხვდება, ამიტომაც სილდენაფილის მსგავსი PDE5 ინჰიბიტორები სისხლის მიწოდებას ვაგინისა და კლიტორის შემთხვევაშიც აუმჯობესებს, რაც კლიტორულ ერექციას იწვევს.
მეცნიერებს სურდათ, დაქვეითებული ლიბიდოს მქონე ქალებზე მედიკამენტის მოქმედება შეესწავლათ, 2008 წელს ჩატარებულმა პატარა კვლევამ კი ცხადყო, რომ შესაძლოა, იგი ანტიდეპრესანტებისაგან დაქვეითებულ აღგზნებადობას მართლაც დაეხმაროს.
ამისდა მიუხედავად, არ არსებობს იმის დამამტკიცებელი მყარი ფაქტები, რომ იგი დაქვეითებული ლიბიდოს მქონე ქალებს ეხმარება. მაგალითად, 2002 წელს ჩატარებულ შედარებით დიდ კლინიკურ ცდაში მეცნიერებმა სილდენაფილის მოქმედება სექსუალური აღგზნების დარღვევების მქონე ქალებზე შეამოწმეს, თუმცა მნიშვნელოვანი ეფექტი არ გამოვლენილა.
მტკიცებულებების ნაკლებობასთან ერთად, მედიკამენტის მიღებამ შესაძლოა, უსიამოვნო გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს: თავისტკივილი, უეცარი წამოწითლება, გულისრევა, ცხვირის გაჭედვა და მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები. ქალებში მისი უსაფრთხოების შესაფასებლად საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რადგან ვიაგრას უმეტესწილად კაცები იყენებენ და მხოლოდ მათზეა შემოწმებული, ხოლო მდედრობითი სქესის ადამიანებზე წამლის რეალური მოქმედება (მით უმეტეს ხანგრძლივ პერსპექტივაში) ჯერაც დაუდგენელია.
შესაძლოა, ვიაგრას ჯანმრთელობის არაერთ სხვა პრობლემაზე ჰქონდეს დადებითი ზეგავლენა, ამიტომაც ქალებში მისი მოქმედების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლის დასაწყისში ჩატარებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, წამალმა კარდიოვასკულარული დაავადებების მქონე კაცებში განმეორებითი გულის შეტევის რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს და პაციენტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.
ასევე იხილეთ: ახალი კვლევის მიხედვით, ვიაგრას მიღება ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს.
არსებობს თუ არა ქალებისთვის ვიაგრას ეკვივალენტური საშუალება?
შესაძლოა "ქალების ვიაგრაზე" არაერთხელ გსმენიათ, თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ. მასში ძირითადად ფლიბანსერინს, Addyi-ის სახელით გაყიდულ ვარდისფერ აბებს ან ბრემელანოტიდს, Vyleesi-ს, გულისხმობენ. FDA-ის მიერ სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური აშლილობის სამკურნალოდ ორივე მედიკამენტია დაშვებული, არსებითად ლიბიდოს ნაკლებობისას, მენოპაუზის წინმსწრებ პერიოდში მყოფი ქალებისათვის.
მიუხედავად ამისა, წამლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დავაა გაჩაღებული: ვიაგრასგან განსხვავებით, რომელიც უბრალოდ ფიზიოლოგიურ რეაქციას წარმოშობს, ეს ორი მედიკამენტი ტვინის ქიმიაზე მოქმედებს, რომელიც განწყობასა და ფიქრის პროცესს უკავშირდება (ფიბანსერინი თავდაპირველად ანტიდეპრესანტი უნდა ყოფილიყო). მათი მოხმარების შედეგები არაერთგვაროვანია და უსიამოვნო გვერდით ეფექტებთან ასოცირდება, ამიტომაც წამლების ეფექტიანობა ზუსტად განსაზღვრული არ არის.
კომენტარები