"ხარვეზები" ისტორიის სახელმძღვანელოებში — სად არის რეალურად პრობლემა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სკოლებში უახლესი ისტორია ბუნდოვნად და ორაზროვნად ისწავლება. საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა იმან, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში მანიპულაციური გზებითაა გადმოცემული ინფორმაცია, რომლის ადრესატები მოსწავლეები, ბავშვები არიან.
წიგნში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანა, სიტყვები "მეცენატი და ქველმოქმედი" ყოფილი პრემიერმინისტრის დასახასიათებლად, 2008 წლის ომის ფაქტობრივად არასწორი სტრუქტურიზაცია, 2003 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ზედაპირული და არასრული განხილვა — ეს ის თემებია, რამაც ხალხი გააბრაზა. განათლების სისტემის ხარვეზს პროტესტი მოყვა, გაიმართა აქცია, დაიგეგმა სხვებიც. თუმცა განათლების სამინისტრო, ისევე, როგორც მმართველი გუნდი, შეცდომას არც აღიარებენ და ვერც პრობლემას ხედავენ. ამბობენ, რომ "ისტერია" და "აჟიოტაჟი" უადგილოა, ივანიშვილი ნამდვილად ქველმოქმედია, ყოფილ ხელისუფლებაზე კი უფრო მეტი უნდა ეწეროს და ხაზგასმული იყოს "მათი კრიმინალური წარსული".
- ჩხენკელი: ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი, ასეც იქნება
- ვინ შეიძლება იყოს შეყვანილი ისტორიის სახელმძღვანლოში, თუ არა ბიძინა ივანიშვილი — მიხეილ სარჯველაძე
ისტორიკოსები და განათლების სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ისტორიის ამ ფორმით შესწავლა და პოლიტიზება საზიანოა. განსაკუთრებულ პრობლემას ისინი აგვისტოს ომის ფორმულირებაში ხედავენ, რაც რუსული ნარატივის გაგრძელებად მიაჩნიათ.
ცალმხრივი უახლესი ისტორია
"2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც — კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია. სასამართლოს საქმეები 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა" — ვკითხულობთ დიოგენეს სახელმძღვანელოში, რომლითაც მეცხრე კლასელებს უახლოეს ისტორიას ასწავლიან.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ამ წიგნებში, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის შესახებ ინფორმაცია, ცუდი გაგებით, დავარცხნილია და ისეა წარმოჩენილი, რომ დადებითი ტენდენციები გამოირიცხოს. მისი თქმით, მიღწეული შედეგები ზოგადად, საიდანღაც მოსულ პროგრესს მიეწერება, არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და რეფორმებს.
"2012 წლის არჩევნები და შემდეგი პერიოდი ძალიან ტენდენციურად, პოლიტიკურად მოტივირებულადაა გაშუქებული, იგივე ვარდების რევოლუციის შემდეგი პერიოდის შესახებ ინფორმაცია არის ძალიან ინტერპრეტირებული და დავარცხნილი ცუდი გაგებით, გადაფორმატებული ისე, რომ გამოირიცხოს ძირითადი, მთავარი დადებითი ტენდენციები და მიეწერება ეს ზოგად, ასე ვთქვათ, საიდანღაც მოსულ პროგრესსა და განვითარებას, არა კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და რეფორმებს", — ამბობს მკვლევარი.
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე განმარტავს, რომ ამ სახელმძღვანელოში ინფორმაციის გადმოცემის ფორმა ჰგავს იმ ნარატივს, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. მაგალითად კი პრემიერმინისტრის განცხადება მოჰყავს იმაზე, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა დაიქცა. მისი თქმით, ისტორიის სახელმძღვანელოში ეს პროცესი ამგვარად ვერ იქნებოდა გადმოცემული, თუმცა იმის არაღნიშვნა, ვარდების რევოლუციის შემდეგ რა შეიცვალა ქვეყანაში, ამ ნარატივის შეფუთვად მიაჩნია.
კობახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეკონომიკის ზრდა 21-ე საუკუნეს "დაბრალდა" მაშინ, როდესაც სრულად ითქვა ის შეცდომები, თუ გადაცდომები, რაც 2004 წლის შემდეგ ხდებოდა, რამაც მთლიანი სურათი შეცვალა.
"ძალიან კორელაციაში არის იმ ნარატივთან, რასაც ხელისუფლება აჟღერებს ხოლმე. მაგალითად, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადება იყო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა დაიქცა. ეს იმხელა ტყუილია, რომ პირდაპირ ასე ჩაწერა ისტორიის სახელმძღვანელოში არ გამოვიდოდა, მაგრამ ისე შეფუთეს, რომ არაფერი არ თქვეს იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური წინსვლა იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ —70%-ით იყო გაზრდილი ეკონომიკა, ბიუჯეტი 11-ჯერ, პენსიები კი 12-ჯერ გაზრდილი. ეს მიაწერეს იმას, რომ გაიზარდა 21-ე საუკუნეში. თუ ვთქვათ, შევარდნაძის და ივანიშვილის შემთხვევაში გვაქვს პირდაპირ სახელდებით ხაზგასმული, რომ გარღვევა გაკეთდა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, გაღრმავდა და ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ამ შემთხვევაში, ამ ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლაზე 21-ე საუკუნეზეა ლაპარაკი", — ამბობს ის.
- ამ სახელმძღვანელოებს აკლია მითითება, რომ სააკაშვილის პირობებში ავტორიტარული რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული — კობახიძე
- ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული — კალაძე
ისტორიკოსი, ასევე, აღნიშნავს, რომ როდესაც ისტორიის სახელმძღვანელოში 2000-იანი წლების ნარატივები მთავრდება, წყაროდ იტალიურ ეზოში მცხოვრები რიტა სააკიანის ინტერვიუა მოყვანილი. მისი თქმით, საინტერესო ისაა, რომ ჯერ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, შემდეგ კი გადადის ამ პიროვნებაზე, რაც მავნებლობაა იმის გათვალისწინებით, რომ მესამე პრეზიდენტს ოპონენტები ხშირად "სააკიანით მიმართავენ".
ხვადაგიანი განმარტავს, რომ წიგნში განხილული მოვლენები დაუსრულებელი პროცესია, ჯერ კიდევ ტრიალებს საზოგადოებაში, რაც ზრდის საფრთხეს, რომ ავტორი ვერ ასცდეს ინტერპრეტაციას, ამას კი ყოველთვის მოჰყვება უკმაყოფილება სხვადასხვა მხრიდან.
"იმდენად გამორიცხულია, რომ სერიოზულად შეხედო 2010-იან წლებს, თუნდაც 2000-იან წლებს, ჩამოყალიბებული დასრულებული პროცესის თვალით დაინახო ეს. უბრალოდ, არც კი ჩავღრმავებულვართ ამ საკითხს. ზოგადად, მიუღებელია, რომ ამ პერიოდზე რაიმე ხელშესახებად იყოს მოცემული, იმდენად ცოცხალი პროცესია და იმდენად ცხელი და პოლიტიკური თემაა. რაც არ უნდა გაააკეთო, მაინც ვერ ასცდები ინტერპრეტაციას და ყოველთვის იქნება უკმაყოფილება სხვადასხვა მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ ღია ჯერ კიდევ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს ეხები და არა უკვე დასრულებულ პროცესს", — ამბობს ხვადაგიანი.
აგვისტოს ომის რუსული ნარატივი
კიდევ ერთი საკითხი, რამაც მწვავე შეფასებები გამოიწვია, სახელმძღვანელოში აღწერილი აგვისტოს ომია, სადაც წინაპირობები წარმოდგენილი არ არის და ვკითხულობთ, რომ 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. ამ ნაწილის პრობლემურობა რუსული ნარატივია, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა თავისივე ქმედებების გასამართლებლად იყენებს — რომ ომი დაიწყო არა 7 აგვისტოს, არამედ 8-ში. ამ ვერსიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება ნიშნავს კრემლის განცხადებების დადასტურებას, რომ რუსული არმია მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, რაც ქართულმა ჯარმა მიიტანა იერიში ცხინვალზე, რაც სიმართლე არ არის და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი მოსაზრებაა.
"ყოველივე ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვისკენ იყო მიმართული. 2008 წლიდან რუსეთი ფორმალურადაც კი აღარ იცავდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს. 2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", — ვკითხულობთ დიოგენეს სახელმძღვანელოში.
ხვადაგიანი განმარტავს, რომ ამ ვერსიის გამეორებით საინფორმაციო ომის მტრის ვერსიას ვიმეორებთ და ხაზს უსვამს იმას, რომ ნახსენები არ არის, როდის გადმოკვეთეს რუსულმა ჯარებმა საზღვარი.
"ფუნდამენტური თემაა ომთან დაკავშირებული და ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციონირებიდან გამომდინარე. ჯერ გასაგებია, რომ წინაპირობები გაცილებით კომპლექსურია და გაცილებით ადრე იწყება ცხელი ფაზა კონფლიქტის და ასევე, მნიშვნელოვანია იმის კონსტანტირება, დაზუსტებით ამის ჩვენება, რომ 7-ში, როდესაც ქართული საჯარისო ნაწილები, იწყებენ რეალურ აქტიურ მოქმედებებს ამ რეგიონში, რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოფიციალურ საჯარისო ფორმირებებს უკვე გადმოკვეთილი აქვთ ოფიციალური საზღვარი და ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში. რეალურად ეს გვაქვს და 8 აგვისტო არის ის, რასაც რუსული საინფორმაციო ომის მანქანა შემდგომ, უკვე პოსტ ფაქტუმ ცდილობდა ამ ვერსიის დამკვიდრებას", — ამბობს მკვლევარი.
ბექა კობახიძე აღნიშნავს, რომ ომის საკითხი არამხოლოდ ორი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს შორის მიმდინარე დავა, არამედ ქვეყნის ინტერესების დაზარალებაა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია ბოლო 11 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ის, რომ ქვეყანამ უპასუხა რუსეთის საბრძოლო იერიშს, რაც არ წერია ისტორიის სახელმძღვანელოში.
"ეს მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის. რუსეთი ცდილობს, არათუ 13 წლის, არამედ 100 წლის წინანდელი ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას კონფლიქტებისა და აგრესიის პირობებში. საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია ბოლო 11 წელი მაინც იყო, ან უნდა ყოფილიყო ის, რომ რუსეთის შემოჭრას უპასუხა საქართველომ. რუსეთი ამბობს, რომ საქართველომ შეიყვანა ჯარები, თავს დაესხა ხალხს და ჩვენი საპასუხო ნაბიჯი იყო ჯარების შეყვანა.
ეს ხომ არაა მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მიმდინარე დავა, ეს ხომ სცდება ამას, უკვე სახელმწიფო ინტერესების დაზარალებაა, ამაზე, რომ ვსაუბრობდეთ 100 წლის შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ რელევანტურობას დაკარგავს, კი ბატონო, შეიძლება უფრო კრიტიკულები ვიყოთ, მაგრამ ცოცხალი პოლიტიკური პროცესის ნაწილია 2008 წლის აგვისტოს ომი, ანუ ცოცხალი საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილია", — აცხადებს ისტორიკოსი.
"განათლების სამინისტრო არის ზედმეტად პოლიტიზებული"
რაც შეეხება სახელმძღვანელოში გატარებული ნარატივების მთავარ ადრესატებს, სკოლის მოსწავლეებს, ბავშვებს, რომლებიც რამდენიმე წელში ელექტორატი იქნებიან და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებენ არჩევნებზე, მათზე, რა თქმა უნდა, ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა ექნება სახელმწიფოს ამგვარ დამოკიდებულებას განათლების მიმართ.
განათლების სპეციალისტი, რევაზ აფხაზავა განმარტავს, რომ სახელმძღვანელო თავისი მიზნებიდან გამომდინარე დამხმარე საშუალებაა სკოლაში, რომ მოსწავლეებთან გარკვეულ შედეგზე გახვიდე. მისივე თქმით, თუ საუბარია იმაზე, რომ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება უნდა ჩამოუყალიბდეთ და შეძლონ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება, ეს სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირაა მოცემულია შეფასებითი ნაწილები, მეთოდოლოგიურად არ არის კარგად შედგენილი
განათლების სპეციალისტი სკოლების დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სისტემაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არც ის გაჰკვირვებია, რამაც პროტესტი გამოიწვია.
"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ განათლების სამინისტრო არის ზედმეტად პოლიტიზებული, სკოლები არის ზედმეტად პოლიტიზებული და სამწუხაროდ, ვინც იმყოფება ხელისუფლებაში, იმ პარტიის ინტერესებს ატარებს.
გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ გამკვირვებია, მოგვისმენია მინისტრის გამოსვლა, როდესაც მისი პარტიის ლიდერს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს და ა.შ. უმნიშვნელოვანესია, რომ განათლების დეპოლიტიზაციის საკითხი მუდმივად იდგეს დღის წესრიგში, რომ მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, სკოლა, რესურსცენტრები და ა.შ. არ იყვნენ ინსტრუმენტები კონკრეტული პარტიის ხელში", — ამბობს აფხაზავა.
პროტესტის პარალელურად პასუხისმგებელი უწყებიდან 6 დეკემბერს გავრცელდა განცხადება იმაზე, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად. სახელმძღვანელოს ავტორები კი კრიტიკის პასუხად აცხადებენ, რომ მასალა და ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ერთ-ერთი ავტორი, ბესიკ ლორთქიფანიძე ჟურნალისტებს პოლიტიკურ ანგაჟირებულულობაში ადანაშაულებს. ნატო ახმეტელი კი ამტკიცებს, რომ მასალა ისე გაკრიტიკდა, არათუ სახელმძღვანელო, არამედ პარაგრაფიც კი არაა წაკითხული.
ბექა კობახიძის განცხადებით, ისტორიკოსების შიდა წრეებში არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განათლების სამინისტრო სერიოზულად ერეოდა წიგნის კონკრეტული მონაკვეთების შედგენაში და არეგულირებდა იმასაც კი, რამხელა იქნებოდა ივანიშვილის ფოტო.
"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არ მინდა ჯოხი გადატყდეს ავტორებზე, რომელთაც მე კოლეგიალურ სოლიდარობას ვუცხადებ. წიგნი მთლიანად ნამდვილად არ არის არაღირებული და ამაზე ბევრად უარესი სახელმძღვანელოები იყო წარსულში, მაგრამ ჩვენ ვიცით ისტორიკოსების წრეებში, რომ განათლების სამინისტრო ამ კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით სერიოზულ ჩარევებს ახორციელებდა. მათ შორის, სამწუხაროდ, ისეთ პატარა თემებზე, რამხელა უნდა იყოს ბიძინას სურათი და როგორი უნდა იყოს მიშას სურათი. ეს სურათებიც ვნახეთ, რომ სააკაშვილის ფოტო ნამდვილად არ არის საუკეთესო, ნახევრად ფხიზელ, ნახევრად მთვრალი გამომეტყველების არის, ხოლო ივანიშვილის სურათი ქართული ოცნების ბილბორდებიდან არის ჩამოხსნილი, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეეძლოთ, რომ გამოექვეყნებინათ", — ამბობს ის.
ისტორიკოსი ხაზს უსვამს საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციური წარმომადგენლების როლს ამ პროცესში და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ისინი ამგვარ საკითხებზე ჩასაფრებულ პოზიციაში იყვნენ.
"რისთვის არსებობს, მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციური წარმომადგენლობა. მათ თავიანთი პორტფელი, თავიანთი სფერო უნდა ებაროთ და პატარ-პატარა მავნებლობები რომ გაიპარება, ამაზე ჩაკირკიტებულები უნდა იყვნენ. შემთხვევით არ უნდა წარმოიქმნებოდეს ეს დისკუსია, ამას სისტემური სახე უნდა ჰქონდეს, უნდა მუშაობდნენ.
ოპოზიცია დადის ქუჩაში და რაღაც ლოზუნგებით ლაპარაკობს, ბოდიში, მაგრამ უნდა იმუშავონ. რამდენი ასეთი საკითხია გაპარული", — აცხადებს ის.
ბუნებრივია, ნებისმიერი გაზრდილი თუ გაზრდის სურვილით შეპყრობილი საზოგადოებისთვის განათლების საკითხი ერთ-ერთი მთავარია რიგი ლეგიტიმური მიზეზებიდან გამომდინარე და არც მნიშვნელოვან გადაცდომებს პატიობენ პასუხისმგებელ პირებს. თუმცა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისტორიის სახელმძღვანელოებში "გაპარული შეცდომები" შემოდგომის სემესტრის დასასრულს მოექცა, მას შემდეგ, რაც წიგნმა გრიფირება გაიარა და მოსწავლეების მერხებზე აღმოჩნდა.
კომენტარები