კლიმატის ცვლილება და 2021 — რა შეიცვალა
მყინვარების დნობა, წყალდიდობები, რეკორდულად მაღალი ზაფხულის ტემპერატურა... კლიმატის ცვლილების ეს ეფექტები 2021 წელს განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა და გარემოს გარდა, მილიონობით ადამიანი დააზარალა. უპრეცედენტო ხანძრებიდან დაწყებული და უჩვეულო სიცხეებით დასრულებული, კლიმატის ცვლილების ეფექტები წელს ყველა სეზონზე შეიმჩნეოდა.
გაეროს კლიმატის კონფერენცია — COP26, რომელიც ნოემბერში გლაზგოში ჩატარდა, 200 სახელმწიფოს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებული ტემპერატურული შეზღუდვის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, COP26-ის შედეგები არც ისე იმედისმომცემი აღმოჩნდა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორი იყო კლიმატის ცვლილების გავლენა დედამიწაზე 2021 წელს, პრობლემის გადაჭრის რა ახალი გზები გამოჩნდა და რა შედეგით დასრულდა გლაზგოს კლიმატის სამიტი, რომელსაც გლობალური დათბობის ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 1.5oC-მდე შესანარჩუნებლად უკანასკნელ საუკეთესო შანსს უწოდებენ.
CO2-ის დონე ატმოსფეროში
გლობალურად CO2-ის ემისიები 2020 წელს 5.8%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2009 წლის კლების მაჩვენებელს, რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიკვირვებოდა. 2020 წლის ეს მოვლენა პანდემიის შედეგად ენერგიაზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება, რამაც, თავის მხრივ, ნავთობსა და ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება, განახლებად წყაროებზე კი მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ენერგიის წარმოება-მოხმარებასთან დაკავშირებული CO2-ის ემისიები არ შეცვლილა და ატმოსფეროში ამ სათბურის აირის წლიურმა კონცენტრაციამ, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 50%-ით მეტს — 412.5 პპმ-ს მიაღწია.
2021 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიები, ქვანახშირსა და ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, 4.8%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ათი წლის მანძილზე ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნახშირორჟანგის ემისიებში. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ CO2-ის დონე ახლა დედამიწის ატმოსფეროში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ბოლო 4 მილიონი წლის მანძილზე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ასეთი მაღალი დონე არ დაფიქსირებულა.
მაუნა ლოას ატმოსფერული ობსერვატორიის მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს 2021 წლის მაისში მიაღწია — ამ დროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის საშუალო კონცენტრაცია 419.19 პპმ იყო.
ასევე იხილეთ: ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
რეკორდული ტემპერატურა და ხანძრები
2021 წლის ივლისი ოფიციალურად ყველაზე ცხელი თვე იყო მათ შორის, რაც კაცობრიობას აღურიცხავს. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებით, 2021 წლის ივლისი "დედამიწის ყველაზე ცხელი თვე იყო ბოლო 142 წლის განმავლობაში".
წელს იმაზე ნათლად დავინახეთ გლობალური დათბობის ეფექტი დედამიწაზე, ვიდრე ოდესმე. წლევანდელი ხანძრები ერთგვარი შეხსენება იყო იმისა, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე. ყველაზე ცხელი თვე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კანადისთვის, სადაც მოსახლეობა 300-მდე ხანძარს ებრძოდა.
ასევე იხილეთ: დამდნარი ასფალტი, სადენები და ნაგებობები — კანადაში ანომალიური სიცხეები გრძელდება
ივლისის დასაწყისში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა — 49.6oC დაფიქსირდა კანადის ქალაქ ლიტონში. ანომალიურმა ტემპერატურამ სოფლის გარშემო ათეულობით ხანძრის კერა გააჩინა, ხანძარი სოფელსაც მისწვდა და ლიტონი მთლიანად დაიწვა. ამ პერიოდში სიცხემ 486 ადამიანის სიკვდილი და შენობების, გზებისა და უბრალოდ საჯარო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. ამავე პერიოდში, ორეგონის ყველაზე დიდ ქალაქში, სიცხემ ტრამვაის სადენები დაადნო.
ასევე იხილეთ: 486 დაღუპული — ანომალიური სიცხის (49.6°C) გამო კანადაში მთლიანი სოფელი დაიწვა
აგვისტოს დასაწყისში ხანძრის კერები გაჩნდა თურქეთის 30 პროვინციაში, სადაც 95 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა და 8 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ათწლეულის მანძილზე თურქეთისთვის ეს ყველაზე მძლავრი ხანძარი იყო. ერთ-ერთი კერის გაჩენას ბავშვების დაუდევრობას მიაწერდნენ, დანარჩენების გაჩენის მიზეზი კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი იყო.
ასევე იხილეთ: თურქეთში თითქმის ერთი კვირაა, ხანძარს ებრძვიან — რა სიტუაციაა მეზობელ ქვეყანაში
ამავე თვეს უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარი გაჩნდა საბერძნეთშიც, სადაც ათობით სოფელი ხალხისგან დაიცალა და ასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცხელი სითბური ტალღები დაატყდა თავს, აგვისტოში ხანძრის 586 კერას ებრძოდა.
ასევე იხილეთ: არნახული მასშტაბის ცეცხლის ალში გახვეული საბერძნეთი — როგორ ებრძვიან ხანძარს ქვეყანაში
ქარიშხლები და წყალდიდობები
ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას, შტორმებსა და ქარიშხლებს შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებების რიცხვი იზრდება.
"ინტენსიური ტროპიკული ციკლონების პროპორცია, ტროპიკული ციკლონის ქარის სიჩქარის საშუალო პიკური მაჩვენებელი და ქარის სიჩქარის პიკი ყველაზე ინტენსიურ ტროპიკულ ციკლონებში, დათბობასთან ერთად, გლობალურად გაიზრდება", — წერია კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) შეფასების ანგარიშში, რომლის პირველი ნაწილი აგვისტოში გამოქვეყნდა.
ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აშშ-ს ქარიშხალი იდა დაატყდა თავს, რომელიც, Christian Aid-ის მიხედვით, წლის ყველაზე ფინანსურად დესტრუქციული ამინდის მოვლენა იყო. ნელა მოძრავი ქარიშხლის ზემოქმედების გამო ათასობით ადგილობრივს ლუიზიანას დატოვება მოუწია. შტორმმა ძლიერი წვიმები გამოიწვია არაერთ შტატსა და ქალაქში. ქარიშხალმა 95 ადამიანის სიკვდილი და 65 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.
ასევე იხილეთ: აშშ-ში ქარიშხალს 1 ადამიანი ემსხვერპლა — ლუიზიანა სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა
მეორე ფინანსურად ყველაზე მძიმე ამინდის მოვლენა წყალდიდობები იყო, რომლების გერმანიას, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ივლისში დაატყდა თავს. ჯებირებმა წყლის სიჩქარესა და ინტენსივობას ვერ გაუძლო, რასაც 240 ადამიანის სიკვდილი და 43 მილიარდი დოლარის ფინანსური ზარალი მოჰყვა.
სადაზღვევო კომპანია Aon-ის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე 2021 წელი მეოთხეა, რომლის განმავლობაშიც გლობალურმა ბუნებრივმა კატასტროფებმა 100 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი გამოიწვიეს. Christian Aid-ის მოხსენებაში აღწერილია სხვა მოვლენებიც, რომელთა შემთხვევაშიც ფინანსური ზარალის დათვლა რთულია, თუმცა მათი ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებაზე საკმაოდ მძიმეა. მაგალითად, წყალდიდობის შედეგად სამხრეთ სუდანში 800 000 ადამიანს მოუწია გადაადგილება, ინდოეთში, შრი ლანკასა და მალდივებში კი ციკლონ ტაკტეის გამო 200 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი.
ყველა სიკეთესთან ერთად, კლიმატის ცვლილება ქარებზე, არქტიკის და ანტარქტიდის ყინულებზე, მყინვარებსა და ოკეანის დინებებზეც ახდენს გავლენას. წლევანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიო ყინულის საფარი იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე ოდესმე. 1994 წლიდან 2017 წლამდე დედამიწამ უკვე 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ქარებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ატმოსფეროს ცირკულაციის სქემები კლიმატის დათბობასთან ერთად იცვლება, შესაბამისად გლობალური დათბობა ქარებზეც ახდენს გავლენას.
მერილენდის, სტენფორდისა და კორნელის უნივერსიტეტების კვლევის მიხედვით, 1961 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა გლობალურად 21%-ით შემცირდა, გლობალურმა დათბობამ კი ყველაზე დიდი გავლენა მეურნეობის ამ დარგზე ყველაზე თბილ რეგიონებში — აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვისპირეთში მოახდინა. აპრილში გამოქვეყნებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყინულის დნობისა და მიწისქვეშა წყლის რესურსების მზარდი მოხმარების შედეგად, პლანეტის წარმოსახვითი ღერძის დახრის კუთხის შეცვლის სიჩქარე არამხოლოდ 17-ჯერ გაიზარდა, არამედ მიმართულებაც კი შეიცვალა საპირისპიროდ.
აგვისტოში გამოქვეყნებულ მოხსენებაში მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, რომ მთავარი სისტემა, რომელიც ოკეანურ დინებებს მართავს, მოშლის უკიდურეს ზღვარზეა, რასაც უმეტესწილად, ადამიანისაგან გამოწვეული კლიმატის ცვლილებები განაპირობებს, რასაც უკვე მთელი პლანეტის ტყით დაფარვაც ვეღარ შეაჩერებს.
ტექნოლოგიები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ
ბოლო რამდენიმე წელმა დაგვანახა, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა გლობალური დათბობის შესაჩერებლად საკმარისი არაა — ატმოსფეროში უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით სათბურის აირებია დაგროვებული, თუმცა, პოლ შერერის ინსტიტუტისა (PSI) და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH) წლევანდელი კვლევის თანახმად, ატმოსფეროდან სათბურის აირების 97%-ის შთანთქმაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პოტენციალი აქვთ.
2021 წლის ივნისში შოტლანდიაში ახალი ობიექტი — პირდაპირ ჰაერიდან შთამნთქმელი (DAC) გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად ატმოსფეროდან 1 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს. ობიექტი ატმოსფეროდან ერთი წლის მანძილზე იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც 40 მილიონი ხე ამავე პერიოდში. შთანთქმული ნახშირორჟანგი მთლიანად წყალქვეშ არსებულ საცავებში დასაწყობდება.
2021 წლის სექტემბერში ისლანდიაში ქარხანა Orca ამუშავდა, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს და მას ქვად გარდაქმნის. ქარხანა ამ ტიპის ობიექტებს შორის მსოფლიოში უდიდესია. მაქსიმალური დატვირთვისას Orca-მ ყოველწლიურად ატმოსფეროდან 4 ათასი ტონა ნახშირორჟანგი უნდა შთანთქას. აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს — EPA-ის მონაცემებით, ეს სულ რაღაც 870 მანქანის ყოველწლიურ გამონაბოლქვს უდრის.
ასევე იხილეთ: 5 ინოვაცია, რომელიც, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს
ხორცის წარმოებისთვის იმაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის საკვების დასამზადებლად. გარდა ამისა, მეცხოველეობის ინდუსტრია ატმოსფეროს დაბინძურების მიმართულებით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და ტრანსპორტზე მეტად აბინძურებს ჰაერს. მეცხოველეობის ეფექტი ატმოსფეროზე მხოლოდ ამ პრობლემით არ შემოიფარგლება — ეს უკავშირდება საძოვრებისთვის ტყის გაჩეხას, ცხოველებისთვის მცენარეული საკვების მოყვანას, ფერმების ენერგიით მომარაგებას, საკვების ტრანსპორტირებას, ხორცის წარმოების პროცესს და კიდევ მთელ რიგ პრობლემებს, რასაც მხოლოდ ძროხებში მეთანის ემისიების შემცირებით ვერ ვუშველით.
ამიტომ, ხორცპროდუქტებზე ჩვენი მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და პლანეტის გადასარჩენად, ისრაელის ბიოტექ კომპანია Future Meat-მა 2021 წლის ივნისში ქარხანა გახსნა, რომელსაც ყოველდღიურად 500 კგ ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის, წარმოება შეუძლია. ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, ტრადიციული გზით მიღებულთან შედარებით, 80%-ით ნაკლებ სათბურის აირებს გამოსცემს, 99%-ით ნაკლებ მიწას იკავებს და 96%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს.
ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან
რატომ უნდა ვთქვათ უარი ნატურალური ბეწვის, ტყავისა და მატყლის პროდუქტის მოხმარებაზე
კლიმატის სამიტი გლაზგოში
გაეროს მხარეთა კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, (COP26) რომელიც 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გაიმართა, დელეგატებმა ის გზები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფოებს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
გლაზგოს კონფერენცია მის წინამორბედთან შედარებით უფრო ეფექტიანი გამოდგა. გლაზგოზე საბოლოოდ დასრულდა და დამტკიცდა პარიზის "საპროცესო კოდექსი", რასაც 6 წელი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, COP26-მა ვერც ტემპერატურის ნამატის 1.5oC-მდე შენარჩუნების ხაზგასმის აუცილებლობაზე და ვერც ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირების მიმართულებით დაიჭირა მტკიცე პოზიცია. კონფერენციაზე ვერც წელს მიაღწიეს შეთანხმებას ზარალისა და ზიანის მექანიზმის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და მოწყვლადი ქვეყნებისთვის. სანაცვლოდ, წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს ადაპტაციის გლობალურ მიზანზე მუშაობა.
ასევე იხილეთ: მსოფლიო კონფლიქტი თუ ქმედითი შეთანხმება — რას უნდა ველოდოთ გლაზგოს კლიმატის სამიტისგან
რა მოხდა გლაზგოს კლიმატის სამიტზე — COP26-ის შედეგები
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პარიზის შეთანხმება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მიზნებს სხვა ქვეყნებში ჩატარებული პროექტებითაც მიუახლოვდნენ. ამ უფლებით სარგებლობს შვეიცარია, რომელმაც მსგავსი შეთანხმება 2021 წლის სექტემბერში დომინიკასთან და საქართველოსთანაც დაამტკიცა. შეთანხმებების საშუალებით შვეიცარია შეძლებს, ამ ქვეყნებში გატარებული პროექტებით იმაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალურად სათბურის აირების ემისიის შემცირებაში, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივი ღონისძიებებით შეძლებდა.
ასევე იხილეთ: შვეიცარია საქართველოში CO2 ემისიების შემცირების პროექტებს დააფინანსებს
ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წელს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული 100 000-ზე მეტი კვლევა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები ჩვენი პლანეტის ხმელეთის 80%-ზე ვრცელდება, რომელზეც ადამიანთა მთლიანი პოპულაციის 85%-ია დასახლებული. კვლევა ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწაზე უკვე თითქმის ყველგან იგრძნობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათბურის აირების ემისიებს საერთოდ შევწყვეტთ, ეს გლობალურ დათბობას მაინც ვერ შეაჩერებს. სათბურის აირები, რომლებიც ატმოსფეროშია გაფრქვეული, აქ ათობით ათასი წლის მანძილზე დარჩება. მაგრამ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კატასტროფას აგვაცილებს თავიდან.
ამისთვის მთელი რიგი ცვლილებების გატარება იქნება საჭირო, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლიდან დაწყებული, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებით დასრულებული. როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას ხანგრძლივი ეფექტი აქვს, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე არსებობს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში და უფრო ჯანსაღი, მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში დაგვეხმარებიან. ამ სფეროს მიმართ გაზრდილი ყურადღების საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ მომავალში, კლიმატის ცვლილების უფრო მძიმე ეფექტებთან ერთად, პრობლემის გადაჭრის მეტად საინტერესო და ეფექტიან გზებსაც ვიხილავთ.
კომენტარები