კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ არაერთი შეურაცხყოფა აიტანა უსამართლოდ, როდესაც რუსეთის გუნდში თამაში გადაწყვიტა. მისი თქმით, როდესაც საქართველოს ნაკრებს დასჭირდა, შენგელია "პირველივე დაძახილზე იყო ნაკრებთან" და ამის შემდეგ მათ თამაში მოიგეს.

"თორნიკე შენგელიას ძალიან დიდი, არაერთი შეურაცხყოფის ატანა მოუწია უსამართლოდ, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ ეასპარეზა და შემდეგ, როდესაც საქართველოს დასჭირდა და სწორედ ამ პირობით წავიდა სხვა ქვეყანაში საასპარეზოდ, რომ საქართველოს ნაკრებს არ დააკლდებოდა, სულ რამდენიმე დღის წინ, პირველივე დაძახილზე იყო ნაკრებთან ერთად და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მან პირველ რიგში და ჩვენი ნაკრების სხვა ღირსეულმა წევრებმა მოიგეს ის მატჩი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ თბილისში უკრაინის წინააღმდეგ", — განაცხადა მან.

2020 წლის ივლისში საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან, რუსული არმიის გუნდთან, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საზოგადოების კრიტიკის ფონზე, მან განაცხადა, რომ რუსული არმიის კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით თავი სამართლებელი არავის აქვს. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება არ იცვლება.