ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ფეისბუქზე ე.წ. ხელისუფლებისადმი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ლოლიტა ხალვაშისა და ანჟელა ბრანძიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. განკარგულება ამის შესახებ ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქმე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეა აღძრული.

დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, ხალვაშმა და ბრანძიამ ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი კომენტარები ფსევდონიმებით დაწერეს. მათი მტკიცებით, ისინი ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებდნენ, უხამსი ფორმით, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფდა.

ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ასევე, შელახეს დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, ე.წ. პრემიერმინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის და სხვა ჩინოვნიკის პროფესიული რეპუტაცია.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, ფეისბუქის ერთ-ერთ პოსტში, ბჟანიას დეზერტირი უწოდეს, მეორეში კი ნათქვამი იყო, რომ "ეს მანიაკი სააკაშვილზე უარესი აღმოჩნდა".

აიდგილარა News-სთან კომენტარში ლოლიტა ხალვაში ამბობს, რომ ის სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის. ხალვაშის თქმით, მასთან სახლის გასაჩხრეკად მივიდნენ და მაშინ ვითარება დაიძაბა, როცა ადგილზე მისი მეზობელი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გამოჩნდა.

ქალების დაკავებას წინ უძღოდა სრულა სოხუმში, რომლის შემდეგ ტურიზმის ე.წ. მინისტრის მოადგილე დააკავეს.