აღმოაჩინეს "ულტრაცხელი იუპიტერი" — პლანეტა, რომელიც ვარსკვლავს გარს 16 საათში უვლის
მეცნიერებმა იუპიტერზე 5-ჯერ დიდი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც საკუთარი მზის გარშემო იმდენად ახლოს ბრუნავს, რომ დღის სიცხეზე მოლეკულები ატომებამდე იშლება.
წინა კვირას The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევას თუ დავეყრდნობით, პლანეტას TOI-2109b ეწოდება და "ულტრაცხელ იუპიტერად" მიიჩნევა. ნაშრომში მეცნიერები მიგნებათა დეტალურ აღწერას გვთავაზობენ.
ზოგადად, "ცხელ იუპიტერებს" გაზის გიგანტებს უწოდებენ ხოლმე, რომლებიც საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ძალიან ახლოს ბრუნავენ, მათი ზედაპირის ტემპერატურა კი 1900 გრადუსზე მეტს შეადგენს.
თავად TOI-2109b-ის შემთხვევაში შესაძლებელია, დღის განმავლობაში ზედაპირის ტემპერატურამ 3 315 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, ხოლო პლანეტა თავის ვარსკვლავს სულ რაღაც 16 საათში უვლის გარს — MIT-ის პრესრელიზს თუ დავუჯერებთ, ოდესმე დაფიქსირებულთაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ბრუნია.
გაზის გიგანტი 2020 წლის მაისში აღმოაჩინეს ნასას ტრანზიტული ეგზოპლანეტების კვლევის სატელიტის (TESS) მეშვეობით. მომდევნო წლის განმავლობაში მეცნიერები პლანეტას დედამიწაზე არსებული ობსერვატორიების საშუალებით აკვირდებოდნენ, ბოლოს და ბოლოს კი ულტრაცხელი იუპიტერის არსებობაც დაადასტურეს.
"ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იგი პლანეტაა, ჩვენ კი გავიაზრეთ, რომ რაღაც ძალიან საინტერესოსა და შედარებით იშვიათთან გვქონდა საქმე", — განაცხადა ავი შპორერმა, MIT-ის კავლის ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა.
გამომდინარე ყველაფრიდან, გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ დაკვირვებების შედეგად პლანეტას არაერთი ექსტრემალური ანომალია აღმოაჩნდა: პირველ რიგში, იგი იმდენად ცხელდება, რომ პლანეტაზე არსებული მოლეკულები იშლება და თავიდან მხოლოდ დაღამებისას ერთდება. ამასთანავე, ციური სხეული თავისი ვარსკვლავის მიმართულებით სხვა "ცხელ იუპიტერებზე" სწრაფად ბრუნავს.
ამჟამად, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით პლანეტას მაშინაც დააკვირდებიან, როდესაც თავის მზეს კიდევ უფრო მიუახლოვდება. ნაშრომში ავტორები აცხადებენ, რომ ტელესკოპი მათ გასაოცარ შესაძლებლობას შესთავაზებს, პლანეტების ბუნება მათ ყველაზე ინტენსიურ მდგომარეობაში შეისწავლონ.
კომენტარები